ბადრაგს პატიმარი აერია და თბილისიდან სიღნაღში სხვა ბრალდებული გადაიყვანა - კვირის პალიტრა

ბადრაგს პატიმარი აერია და თბილისიდან სიღნაღში სხვა ბრალდებული გადაიყვანა

სიღნაღის რაიონულ სასამართლოში ჩანიშნული პროცესი ბადრაგის შეცდომის გამო გადაიდო. ბადრაგს პატიმარი აერია და თბილისიდან სიღნაღში სხვა ბრალდებული გადაიყვანა.

როგორც აღმოჩნდა, სასჯელაღსრულების ერთ-ერთ დაწესებულებაში მსგავსი სახელისა და გვარის რამდენიმე პირი იმყოფება. ბრალდებულის ადვოკატის განცხადებით, ბადრაგს სწორედ ამიტომ აერია პატიმარი და პროცესზე სხვა პირი წარადგინა.

ადვოკატ ზურაბ ბეგიაშვილის თქმით, სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით დაკავებული პირის ბრალეულობაზე უნდა ემსჯელა, რომელიც უცხოელი ტურისტის გაუპატიურებაშია ეჭვმიტანილი. სამართალდამცველებმა აღნიშნული ბრალდებით ვინმე დ.კ რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი სხვა დაკავებულში აერიათ და პროცესზე ჩემთვის უცნობი ბრალდებული წარადგინეს. როგორც აღმოჩნდა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ერთი და იგივე გვარ-სახელის მქონე რამოდენიმე პირია. შემთხვევაც ამიტომ მოხდა და სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, გადაიდო“, - განაცხადა ზურაბ ბეგიაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"