"კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე უფრო დიდი განცხადებების გამკეთებლები დაეკითხათ, რომლებსაც მე ფარისევლებს ვეძახი" - მეუფე პეტრემ პროკურატურა დატოვა - კვირის პალიტრა

"კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე უფრო დიდი განცხადებების გამკეთებლები დაეკითხათ, რომლებსაც მე ფარისევლებს ვეძახი" - მეუფე პეტრემ პროკურატურა დატოვა

მეუფე პეტრემ საქართველოს მთავარი პროკურატურის შენობა დატოვა. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამოძიება ძირითადად მის მიერ ბოლო დროს საჯაროდ გაკეთებული განცხადებებით დაინტერესდა.

მეუფის თქმით, კარგი იქნებოდა, პროკურატურას სხვა ის ადამიანებიც დაეკითხა, რომლებიც ასევე საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. მათ შორის ქვეყნის პირველი პირები. მისივე განცხადებით, დღეს სატელევიზიო ეთერით გავრცელებული ვაიბერმიმოწერები ავთენტურია, თუმცა, კონკრეტული სახელების დასახელებისგან თავს იკავებს.

"პროკურატურას აინტერესებდა დეტალები ჩემს მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ. კარგი იქნებოდა, რომ ჩემამდე უფრო დიდი განცხადებების გამკეთებლები დაეკითხათ, რომლებსაც მე ფარისევლებს ვეძახი. ვგულისხმობ, ქვეყნის პირველ პირებსაც, რომელთა განცხადებებმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. ასევე კარგი იქნება, თუკი ცილისწამება აღიქმება დანაშა,ულად და ამაზეც აგებენ სხვადასხვა განცხადების ავტორები პასუხს", - განაცხადა მეუფე პეტრე ცაავამ.

მეუფე პეტრე პროკურატურაში დღეს 15:00 საათისთვის მივიდა. მეუფის ინფორმაციით, პროკურატურას იმ ინფორმაციების მოსმენა სურდა, რომელიც მან ბოლო დროს სხვადასხვა მედიასაშუალების ეთერში გააკეთა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდა მისი ადვოკატი. ასევე ცნობილია, რომ მეუფე პეტრემ გაუთქმელობის ხელწერილს ხელი არ მოაწერა.