"რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, შორენა თეთრუაშვილი ამ საქმეში დაზარალებულია" - კვირის პალიტრა

"რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, შორენა თეთრუაშვილი ამ საქმეში დაზარალებულია"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზმა პროკურატურას 30 გვერდიანი ჩვენება მისცა და აბსურდია ბრალდების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს.

ადვოკატი პროკურატურის განცხადებებს ეხმაურება და აცხადებს, რომ მთავარი საგამოძიებო ორგანო არასწორ და ცრუ ბრალდებებს აჟღერებს, თითქოს მამა გიორგი არ აპირებს დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემას.

ადვოკატის თქმით, ჩვენება, რომელიც დეკანოზმა პროკურატურას მისცა 30 დაბეჭდილი გვერდი იყო, რაც დაახლოებით 10 მოწმის მიერ გაცემული ინფორმაციის ტოლფასია.

"პროკურატურა აცხადებს, თითქოს კრიტიკული კითხვები როცა დასვეს, მაშინ განაცხადა უარი დეკანოზმა დაკითხვაზე. ვაცხადებ, რომ დაკითვის ოთახში მამაო ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე საერთოდ არ მისულა. რომელ კრიტიკულ კითხვებზეა საუბარი, თუკი ასეთი კითხვები დაისვა, პროკურატურამ გამოაქვეყნოს ოქმი, სადაც ეს იქნება ასახული. მინდა გამოვეხმაურო ბრალდებებს, თითქოს დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს. მას შემდეგ, რაც ბრალდებამ მიიღო 30 გვერდიანი ჩვენება, განა გაუჩნდა დამატებითი კითხვები. ჩვენ ამ კითხვებზე პასუხებს არ გავურბივართ, უბრალოდ ეს კითხვები მოითხოვს მის უსაფრთხოებას. ჩვენებაშიც იყო საკითხები, რომელიც ასევე მისი უსაფრთხოებისთვის არის მნიშვნელოვანი", - განაცხადა ადვოკატმა.

რაც შეეხება მამალაძის უკვე მიცემულ ჩვენებას, კითხვაზე, არიან თუ არა იქ ნახსენები მეუფე პეტრე ცაავა და მეუფე დიმიტრი, ადვოკატმა აღნიშნა, რომ ისინი ყველგან დადებით კონტექსტში არიან ნახსენები. მისივე ინფორმაციით, ჩვენებაში დეკანოზმა ამომწურავად ისაუბრა "ციანიდსა" და იარაღზე.

"დამატებითი კითხვები დაკავშირებული იყო იმასთან, თუ რატომ მოხდა ეს ყველაფერი. რაც შეეხება შორენა თეთრუაშვილს, რაც არ უნდა სასაცილოდ ჟღერდეს, ის ამ საქმეში დაზარალებულია. დეკანოზ გიორგი მამალაძეს დუმილიც რომ შეენარჩუნებინა და ჩვენებაში მასზე საერთოდ არ ესაუბრა, თეთრუაშვილი მაინც უნდა დაიკითხოს იმიტომ, რომ ის დაზარალებულია", - აღნიშნა ფანცულაიამ.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას ინფორმაციით, დეკანოზმა პროკურატურას 30 გვერდიანი ჩვენება მისცა და აბსურდია ბრალდების მხრიდან იმაზე საუბარი, რომ დეკანოზი კითხვებზე პასუხს არ სცემს.