უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა - კვირის პალიტრა

უზენაესმა სასამართლომ "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა

უზენაესმა სასამართლომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარი განიხილა. ტელეკომპანიის წილებთან დაკავშირებული დავა უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა და უკვე გამოაცხადა გადაწყვეტილება.

„რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას განცხადებით, კომპანია მიეკუთვნა ქიბარ ხალვშს.

სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნებულია უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება "რუსთავი 2"-მაც გაავრცელა. გადაწყვეტილების მიხედვით, შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილია ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილია შპს „პანორამა“.

”- ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

- გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.

- ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

- გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

- უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

- საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება”, -ნათქვამია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელსაც საკუთარ გვერდზე ”რუსთავი 2 ” ავრცელებს.

უზენესი სასამართლოს გადაწყვეტილების შესაჩერებლად „რუსთავი 2“ ევროსასამართლოს მიმართავს.

„ჩვენ ხვალვე ვაპირებთ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული მექანიზმია ეს და ძალიან სერიოზული და შრომატევადი საქმეა ეს და დროს მოითხოვს, მაგრამ ვნახავთ, მაინც ვცდით ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში. ხვალ შეგვაქვს ამ გადაწყვეტილების შეჩერებაზე განაცხადი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში. ვნახოთ, როგორ წარიმართება ეს ყველაფერი. ასევე მოვუწოდებ საკონსტიტუციო სასამართლოს, რომ მათ ხელთ არის, განიხილონ ჩვენი სარჩელები ბოლოს და ბოლოს და მიიღონ გადაწყვეტილება, მათ შორის ანტიკონსტიტუციურობაზე და უკუძალაზე ამ მიმართულებით გადაწყვეტილების. ეს ორი სარჩელი თუ დაკმაყოფილდა, თავისთავად ცხადია, რომ ეს გადაწყვეტილება ავტომატურად გაუქმდება“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

უზენაესი სასამართლოს დიდი პალატა 9 მოსამართლისგან შედგება, რომელიც შემდეგნაირადაა დაკომპლექტებული - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, რომელიც ამავე დროს აღნიშნულ პალატასაც ხელმძღვანელობს; მზია თოდუა; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე ვასილ როინიშვილი; პაატა ქათამაძე; ბესარიონ ალავიძე; მაია ვაჩაძე; ზურაბ ძლიერიშვილი; გიორგი შავლიაშვილი და ეკატერინე გასიტაშვილი, რომელიც დიდი პალატის წინაშე საქმის მომხსენებელია.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და მისი მფლობელების, ძმებ ლევან და გია ყარამანიშვილების საკასაციო საჩივარს თავდაპირველად სამი მოსამართლისგან, პაატა ქათამაძის, ბესარიონ ალავიძისა და ეკატერინე გასიტაშვილისგან შემდგარი კოლეგია განიხილავდა, თუმცა მათი გადაწყვეტილებით სარჩელი განსახილველად უზენაესი სასამართლოს დიდ პალატას გადაეცა. საკასაციო საჩივრით ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-სა და ძმებ ყარამანიშვილების ადვოკატები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოდნენ, რომლითაც ”რუსთავი 2”-ის წილები არხის ძველ მფლობელს ქიბარ ხალვაშს და მის კუთვნილ კომპანიებს მიაკუთვნეს.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით

"ინტერპრესნიუსი"