"ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს" - რა გზავნილები გაისმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხომაზე - კვირის პალიტრა

"ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს" - რა გზავნილები გაისმა ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხომაზე

2 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის სხდომა უკვე მეორედ იმართება, რაც თავდაცვის სამინისტროს შეფასებით, ნათლად ადასტურებს ალიანსის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ.

დღეს, ნატო-ს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის მეორე დღე სასტუმრო "რადისონ ბლუ ივერიაში" კომიტეტის სესიით დაიწყო, რომელიც ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალ პეტრ პაველმა ოფიციალურად გახსნა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა თავდაცვის მინიტრ ლევან იზორიას.

ნატოს უმაღლეს სამხედრო მაღალჩინოსნებს სიტყვით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ და ალიანსს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"დღეს, ისე როგორც არასდროს, ნატოს მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებისა და რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნების მიმართ მზარდი აგრესიის ფონზე. ალიანსის გადაწყვეტილება, რომ საქართველოში მეორედ ჩატარებულიყო სამხედრო კომიტეტის სხდომა, კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მიმართ მტკიცე მხარდაჭერას და მისი, როგორც სანდო პარტნიორის და ევრო-ატლანტიკური ოჯახის მომავალი წევრის აღიარებას", - განაცხადა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.

ლევან იზორიას შემდეგ სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ. გენერალმა პეტრ პაველმა საქართველოს თავდაცვის უწყებაში დაწყებული რეფორმები დადებითად შეაფასა და მიესალმა ქართული მხარის მზაობას, გააუმჯობესოს საკუთარი შეიარაღებული ძალების თავსებადობა ნატოს ძალებთან.

"მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ნატო საქართველოს საიმედო პარტნიორად მიიჩნევს, რომელთან თანამშრომლობაც ღია და გულახდილი დიალოგის ფორმატში მიმდინარეობს...

"თანამშრომლობის ეს მექანიზმი საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში ეხმარება და ხელს უწყობს ნატოსთან ინტეგრაციის პროცესს. უნდა აღინიშნოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრიც, რომელმაც წვრთნებისა და სწავლებების პირველი ეტაპი დაასრულა", - განაცხადა გენერალმა პეტრ პაველმა.

გენერალური შტაბის უფროსის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას განცხადებით, შავი ზღვის უსაფრთხოებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით, საქართველოს რამდენიმე ინიციატივა აქვს წარდგენილი. მისივე თქმით, საქართველოს, როგორც ბევრ სხვა ქვეყანას, აქვს თავისი წილი ამ უსაფრთხოების პროცესში, რადგან ჩვენ ვართ შავი ზღვის რეგიონის ქვეყანა.

"ამ შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა ის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს შესაბამისი ქვედანაყოფი, რომელსაც შეუძლია აქტიურად ჩაერთოს ამ პროცესებში. ჩვენც გვაქვს ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და ვალდებულება, რომელიც შეგვიძლია ავიღოთ ამ უსაფრთხოების პროცესებში. ჩვენ გაგზავნილი გვაქვს გარკვეული ინიციატივები, ეს არის მომავლის საკითხი", - განაცხადა ჩაჩიბაიამ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით