"რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად თავიდანვე პოლიტიზირებული გახდა" - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2“-თან დაკავშირებული პროცესი პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად თავიდანვე პოლიტიზირებული გახდა"

"რუსთავი 2"-ის საქმეზე უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. მარგველაშვილი ყველას პროვოკაციებისა და დანაშაულებრივი გადაწყვეტილების მიღებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

”მინდა ყველას გავახსენო, რომ 2007 წელს, როდესაც სააკაშვილის მიერ სპეცრაზმისთვის მიცემული ბრძანების შემდეგ მოხდა ”იმედის” დარბევა, რაც იყო უაღრესად დამაზიანებელი ჩვენი დამოკრატიისთვის, ფაქტობრივად იმ წამსვე პირდაპირ ეთერში მე დავაფიქსირე პოზიცია, რომ ეს არის სააკაშვილის ტრაგიკული გადაწყვეტილება და დანაშაულებრივი გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე მინდა დღესაც ყველას მოვუწოდო, დანაშაულებრივი გადაწყვეტილების და პროვოკაციების თავიდან აცილებისკენ. თემის პოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა მხარეს მოვუწოდებ, საკონსტიტუციო სასამართლოსა და სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებებს დაველოდოთ, მოვუსმინოთ და არ გადავდგათ მყისიერი ნაბიჯები”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, პროცესი თავიდანვე პოლიტიკოსების ჩარევის შედეგად პოლიტიზირებული გახდა.

"2015 წლის 22 ოქტომბერს, მაშინდელი პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გააკეთებული განცხადებებიდან ჩვენ ფაქტობრივად დავდექით სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე. მაშინ მე დამჭირდა ძალიან მკაფიო განცხადებების გაკეთება, რომ პროცესი ქუჩიდან და სამოქალაქო დაპირისპირებიდან გადმომეყვანა მოლაპარაკებების რეჟიმში. მას მერე პოლიტიკოსების ძალიან აქტიური ჩართულობა ამ საკითხთან მიმართებაში მუდმივად პროცესის პოლიტიზირებას ახორციელებდა. არ ვეხები რა კერძო მესაკუთრეების ირგვლივ დავას, მინდა ნათლად ვუთხრა საზოგადოებას, რომ "რუსთავი 2“ არ არის უბრალოდ ბიზნესი, ისევე როგორც ნებისმიერი მედია არ არის უბრალოდ ბიზნესი და ის წარმოადგენს ჩვენი საზოგადოებრივი, პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვან შემადგენელს. ის არის კრიტიკული და განსხვავებული აზრის გამოხატვის შესაძლებლობა. კრიტიკულის და განსახვავებული აზრის დაფიქსირება კი დემოკრატიული საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა მარგველაშვილმა.