"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა - კვირის პალიტრა

"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

"რუსთავი 2"-მა უზენაესი სასამართლოს გუშინდელი გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების თხოვნით სტრასბურგის სასამართლოს მიმართა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ტელეკომპანიის ადვოკატმა თამთა მურადაშვილმა განუცხადა.

"ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის სასამართლოში გააგზავნა მოთხოვნა დროებითი ღონისძიების, ანუ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შესახებ, რომელიც გულისხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2 მარტის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მოთხოვნას, სანამ ჩვენი საქმე არსებითად არ იქნება განხილული ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში“, - განაცხადა თამთა მურადაშვილმა.

თუმცა, მისივე თქმით, სამართლებრივად ძალიან სუსტია შანსები, ვინაიდან სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში, მაგალითად სიცოცხლის გადასარჩენად.

"არასდროს ყოფილა პრაქტიკა სიტყვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ამგვარი ღონისძიება ყოფილიყო გამოყენებული, ამიტომ განსაკუთრებული იმედით არ ვართ, თუმცა ჩვენი ვალდებულებაა, გამოვიყენოთ ყველა ბერკეტი",- განაცხადა ადვოკატმა.

"ინტერპრესნიუსი"