მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ?! - რას გულისხმობს "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი - კვირის პალიტრა

მმართველი გუნდი პრეზიდენტის ინსტიტუტის წინააღმდეგ?! - რას გულისხმობს "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი

2 მარტს პარლამენტში სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის ორი სამუშაო ჯგუფის გაერთიანებული სხდომა გაიმართა. საპარლამენტო და არასაპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს კომისიის ფარგლებში პარლამენტისა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით მმართველი გუნდის ხედვა გააცნო.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც სხდომაზე იმსჯელეს, პრეზიდენტის არჩევის წესი და მისი უფლებამოსილება იყო.

მაგალითად, "ქართული ოცნების" სახელით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის თანახმად, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა პრეზიდენტის უფლებამოსილება აღარ იქნება. პრეზიდენტისა და პარლამენტის მორიგი არჩევნები, მათი უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბრის პირველ კვირა დღეს ჩატარდება.

მოქმედი კონსტიტუციით, არჩევნების თარიღს ნიშნავს პრეზიდენტი, არჩევნებამდე არა უგვიანეს 60-დღისა.

უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, პრეზიდენტი მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების პროცესში არანაირი ფორმით ჩართული არ იქნება.

დღეს მოქმედი კონსტიტუციით, პრეზიდენტი მთავრობის ნდობის გამოცხადების პროცესში იმდაგვარად მონაწილეობს, რომ ის პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის იმ კანდიდატურას წარუდგენს, რომელზეც არჩევანს არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკური სუბიექტი გააკეთებს.

"ქართული ოცნების" პროექტით, აღნიშნულ პროცესში პრეზიდენტის რგოლი გამოტოვებულია.

"ქართული ოცნება" მთავრობისათვის ნდობის გამოცხადებასთან დაკავშირებით შემდეგი ინიციატივით გამოდის და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას შემდეგ ცვლილებებს სთავაზობს: ახალარჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობისთანავე მთავრობა იხსნის უფლებამოსილებას საქართველოს პარლამენტის წინაშე და განაგრძობს მოვალეობის შესრულებას პარლამენტის მიერ მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადებამდე.

პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, მთავრობის გადაყენებიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში გამარჯვებული პოლიტიკური პარტიის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას. ნდობის მისაღებად საჭიროა პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერა.

იმ შემთხვევაში, თუ მთავრობა პარლამენტს დადგენილ ვადაში არ წარედგინა ან პარლამენტმა მთავრობას დადგენილ ვადაში ნდობა არ გამოუცხადა, საქართველოს პრეზიდენტი შესაბამისი ვადის ამოწურვიდან არა უადრეს 2 და არა უგვიანეს 3 კვირისა, დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს.

პრეზიდენტი არ დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, თუ პარლამენტი ზემოთაღნიშნული ვადის ამოწურვიდან 2 კვირის ვადაში სრული შემადგენლობის უმრავლესობით ნდობას გამოუცხადებს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტის მიერ წამოყენებული პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის მიერ წარდგენილ მთავრობას.

მთავრობის დამტკიცებიდან სამი დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი თანამდებობაზე ნიშნავს პრემიერ-მინისტრს, ხოლო პრემიერ-მინისტრი მისი დანიშვნიდან 3 დღის ვადაში - მინისტრებს. თუ საქართველოს პრეზიდენტი დადგენილ ვადაში არ დანიშნავს პრემიერ-მინისტრს, იგი დანიშნულად ჩაითვლება.

"ქართული ოცნება" მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ისეთი მოდელის შემოღების ინიციატივით გამოდის, რომლის მიხედვით, თუკი პარლამენტი მთავრობას უნდობლობას გამოუცხადებს, ამას შეიძლება თავად პარლამენტის დათხოვნა მოჰყვეს.

დღეს არსებული მოდელით, თუკი პარლამენტი მთავრობას უნდობლობას უცხადებს, მან იმავდროულად ახალი პრემიერ-მინისტრი უნდა აირჩიოს, ხოლო თუ ახალი ვერ აირჩია, მაშინ დგება პარლამენტის დათხოვნის საკითხი.

ასევე, "ქართული ოცნების" უმრავლესობის მიერ შემუშავებული საკონსტიტუციო ცვლილებებით, თუკი პარლამენტმა კენჭი უყარა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს და გამოუცხადა მას უნდობლობა, ამის შემდეგ პრეზიდენტს შეუძლია ან მთავრობა გადააყენოს ან პარლამენტი დაითხოვოს.

უნდობლობის გამოცხადებასთან დაკავშირებით "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო ინიციატივა ასეთია: - უნდობლობის საკითხის აღძვრის უფლება აქვს პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთ მესამედზე მეტს. საკითხს კენჭი ეყრება მისი აღძვრიდან არაუადრეს 14 და არაუგვიანეს 21 დღისა. თუ პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით უნდობლობას გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს.

ამავე პროექტით, პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, თუ მთავრობა მას შესაბამისი წარდგინებით მიმართავს. ასეთ შემთხვევაში, პარლამენტის რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს. მთავრობის გადაყენების შემთხვევაში მთავრობას უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების მომენტიდან.

გარდა ამისა, "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტში არის კიდევ ერთი ინიციატივა, როცა პრემიერ-მინისტრს შეუძლია პარლამენტის წინაშე დასვას მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და თუ მთავრობა ნდობას ვერ მიიღებს, შეუძლია პარლამენტის დათხოვნა მოითხოვოს.

კონკრეტულად, პროექტის თანახმად, პრემიერ-მინისტრის მიერ პარლამენტის წინაშე მთავრობის ნდობის საკითხის დასმის შემთხვევაში, ნდობის საკითხს კენჭი ეყრება არა უადრეს 7 და არა უგვიანეს 14 დღისა. თუ პარლამენტი ნდობას არ გამოუცხადებს მთავრობას, საქართველოს პრეზიდენტი 7 დღის ვადაში გადააყენებს მთავრობას ან დაითხოვს პარლამენტს და დანიშნავს პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს. საქართველოს პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს, თუ მთავრობა მას შესაბამისი წარდგინებით მიმართავს. რიგგარეშე არჩევნები იმართება არჩევნების დანიშვნიდან მესამოცე დღეს. მთავრობის გადაყენების შემთხვევაში მთავრობის უფლებამოსილება უწყდება ახალარჩეული პარლამენტის მიერ ახალი მთავრობის დამტკიცების მომენტიდან.

"ქართულ ოცნებას" ასევე ეკუთვნის ინიცატივა, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სამხედრო ძალები საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით იმოქმედებენ.

ამავე პროექტით, სამხედრო ძალების სტრუქტურას პრეზიდენტის ნაცვლად, მთავრობა დაამტკიცებს და ასევე, მთავრობა წარუდგენს პარლამენტს დასამტკიცებლად სამხედრო ძალების რაოდენობას.

მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული პროექტით, ეროვნული უშიშროების საბჭო თავდაცვის საბჭოთი იცვლება, რომელიც არ იქნება პრეზიდენტთან არსებული მუდმივი ორგანო და მხოლოდ საქართველოზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში შეიქმნება.

"ქართული ოცნების" მიერ შეთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტით, რომელიც ჯერ მხოლოდ სამუშაო ვარიანტს წარმოადგენს, პრეზიდენტის, როგორც უმაღლესი მთავარსარდლის უფლებამოსილებად რჩება სამხედრო ძალების გენერალური შტაბის უფროსის დანიშვნა და გადაყენება, უმაღლესი სამხედრო წოდებების მინიჭება, საომარი და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება.

პრეზიდენტის არჩევის წესთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო კომისიის ინიციატივას გიორგი მარგველაშვილი გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ნათლად დაფიქსირდა, რომ საკონსტიტუციო კომისიაში არა კონსტიტუციის შინაარსობრივ და სიღრმისეულ გადახედვასთან გვაქვს საქმე, არამედ საუბარია კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებაზე.

მანვე საზოგადოებას მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ პირველი მიზანი - პრეზიდენტის არჩევა ხალხს შეძლებოდა, არ იქნა წართმეული.

„როდესაც ლაპარაკია იმაზე, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულად ერთი პოლიტიკოსის, კონკრეტულად მოქმედი პრეზიდენტიდან გამომდინარე, ეს ნათლად აჩვენებს, რომ მოტივაცია პროცესის არის არა კონსტიტუციიის შინაარსობრივი გადახედვა, არამედ ამ კონკრეტულ პოლიტიკოსთან დაკავშირებული შეხედულებები. მოდი გავიხსენოთ ჩემი პოზიცია საკონსტიტუციო კომისიასთან დაკავშირებით, მე არასდროს არ შევსულვარ დეტალებში ამა თუ იმ შეხედულების განხილვის, არამედ სულ ორი პოზიცია დავაფიქსირე: პირველი - ქართველ ხალხს არ უნდა წაერთვას პრეზიდენტის არჩევის უფლება, მეორე - კონსტიტუციის გადახედვის პროცესში ქართველ ხალხს უნდა მიეცეს შესაძლებლობა თავისი პოზიციის დაფიქსირების, არა მარტო პრეზიდენტთან დაკავშირებით, არამედ მთლიანად საჯაროდ იმ დოკუმენტთან დაკავშირებით, რომელიც არის ჩვენი თანაცხოვრების მთავარი დოკუმენტი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურა ირაკლი კობახიძე:

"სისტემური მიდგომიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ უმჯობესია, საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირ არჩევაზე გადავიდეთ და ეს ეფუძნება იმ სისტემის საერთო ხედვას, რომელიც წარმოვადგინეთ ჩვენი პოზიციიდან. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ჩვენ ეს პოზიცია წარმოვადგინეთ, (ანუ ჯერ პირდაპირი და შემდეგ არაპირდაპირი არჩევნები), იყო ის, რომ მათ შორის, ჩვენ პრეზიდენტის პოზიციასაც გავუწიეთ ანგარიში. პრეზიდენტის პოზიცია იყო ის, რომ მისი შეხედულებით, ჯობდა ჩვენ მომავალ წელს არ გაგვეუქმებინა პირდაპირი არჩევნები. ჩვენ ანგარიში გავუწიეთ პრეზიდენტის ამ პოზიციასაც და ესეც საფუძველი იყო იმისა, რომ არჩევანი შევაჩერეთ ორსაფეხურიან რეფორმაზე. თუ საქართველოს პრეზიდენტი გააგრძელებს არაკორექტული განცხადებების კეთებას, ამ შემთხვევაში, შეიძლება ვიფიქროთ ჩვენი პოზიციის გადახედვაზე და შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ პირდაპირი არჩევნები არ ჩავატაროთ მომავალ წელს და პირდაპირ გადავიდეთ არაპირდაპირ არჩევნებზე. სხვა განცხადების გაკეთება მე პრეზიდენტის ამ არაკორექტულ განცხადებასთან დაკავშირებით უბრალოდ არ შემეძლო".

გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი:

",დღეს საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარემ გაგავაცნო მისეული ხედვა ქვეყანაში მიმდინარე კონსტიტუციურ პროცესებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ქვეყანაში კონსტიტუცია უნდა იცვლებოდეს არა ფუნდამენტურ ანალიზზე დაყრდნობით, არამედ პრეზიდენტის კომენტარების ხასიათიდან გამომდინარე. თუ კომენტარის ხასიათიდან გამომდინარე უნდა იცვლებოდეს ქვეყანაში საკონსტიტუციო მოდელები, მაშინ უფრო ლოგიკური ხომ არ იქნებოდა, საქართველოს კონსტიტუციაში პირდაპირ ჩაგვეწერა ხასიათის გამოვლენის აკრძალვის ვალდებულება საქართველოს პრეზიდენტის, მედიისა და საზოგადოებისთვის".

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით