"დიდი ალბათობით სტრასბურგის სასამართლო 8 მარტის მერეც გააგრძელებს მიღებულ გადაწყვეტილებას", ანუ ხალვაში "რუსთავი 2"-ს კიდევ კარგა ხნით დაემშვიდობება?! - კვირის პალიტრა

"დიდი ალბათობით სტრასბურგის სასამართლო 8 მარტის მერეც გააგრძელებს მიღებულ გადაწყვეტილებას", ანუ ხალვაში "რუსთავი 2"-ს კიდევ კარგა ხნით დაემშვიდობება?!

3 მარტს "რუსთავი 2"-მა სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიმართა და უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაასაჩივრა, რომლის მიხედვითაც უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

მოგვიანებით, "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

ეს დაადასტურა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმაც.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა გამოხმაურება პოლიტიკურ და არასამთავრობო სექტორში.

ვინ როგორ აფასებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას?

გიორგი კახიანი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი:

"მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას. გარკვეული მოლოდინი გვქონდა, რომ ეს პროცესი სტრასბურგის სასამართლოში გადაინაცვლებდა და ჩემთვის პირადად ეს მისასალმებელია, იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოების იმ მცირე ნაწილშიც კი, რომელშიც შესაძლოა უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილების მიმართ სკეპტიციზმი არსებობდა, იმედი მაქვს, რომ სტრასბურგის სასამართლოს იმ გადაწყვეტილების მიმართ მსგავსი სკეპტიციზმი აღარ იარსებებს. ველოდები სტრასბურგის გადაწყვეტილებას".

ეკა მიშველაძე, პრეზიდენტის პრესსპიკერი:

"ძალიან დიდი მადლობა ჩვენს ევროპელ მეგობრებს. აი, ეს არის ევროპა, აი ასეთი სამართლიანია ევროპა, სწორედ იქითკენ მიისწრაფვის საქართველო, შესაბამისად, ჩვენ უნდა ვეცადოთ, იმას, რომ გქვონდეს ასეთი მაღალი დემოკრატიის ქვეყანა. მე ვულოცავ ყველა იმ ადამიანს, ვინც ხმა ამოიღო "რუსთავი 2"-ის სიტყვის თავისუფლების, განსხვავებული, ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი, კრიტიკული აზრის დასაცავად. ვულოცავ "რუსთავი 2"-ელებს, ვინც ძალიან პროფესიონალურად ქმნიან საინტერესო და საყვარელ გადაცემებს".

ნიკა მელია, "ნაციონალური მოძრაობის ლიდერი":

"დღევანდელი ფაქტი მიუთითებს იმაზე, რომ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე აქვს ივანიშვილის ხელისუფლებას მიღებული გადაწყვეტილება. სტრასბურგის სასამართლოს სხვა გზა არ ჰქონდა და უპრეცედენტო ვადაში შეაჩერა აღსრულება. ეს არის უპირობო გამარჯვება თითოეული ჩვენგანის, თითოეული აქ მყოფი ადამიანის. ბრძოლა გრძელდება. ჩვენ არ ვაპირებთ "რუსთავი 2" გავატანოთ ბიძინა ივანიშვილს. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით ნათელი მოეფინა, რომ ამ ქვეყანაში სასამართლო გადაწყვეტილებები პოლიტიკურ საფუძველზე მიიღება. ეს არის სირცხვილი".

ეკა გიგაური,"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:

"ძალიან დიდი ალბათობით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 8 მარტს დოკუმენტების წარდგენის შემდეგ, გააგრძელებს დროებით ღონისძიებას და "რუსთავი 2"-ის საქმეზე მსჯელობას. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს ცხრა მოსამართლე, ურთმელიძე და სააპელაციო სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეები ნამდვილად შევლენ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, ოღონდ იმ მხრივ, რომ ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო დაადგენს, რომ ეს ადამიანები ორგანიზებულად უზღუდავდნენ სამართლიანი სასამართლოს უფლებას კონკრეტულ მხარეს. ასევე ისტორიაში საქართველოს ახლა უკვე ეს მთავრობაც შევა, იმის გამო, რომ გავლენას ახდენდა მოსამართლეებზე, რომ მათ მსგავსი უსამართლო გადაწყვეტილება მიეღოთ.

ჰოდა, არ გამოდის ქალბატონებო და ბატონებო, ასე მუშაობა. თუ ვინმეს ერჩი და გგონია, რომ სამართლიანად, ზუსტად ასევე სამართლიანად უნდა დაუმტკიცო ეს შენი სიმართლე სასამართლოში. თუ ვერ უმტკიცებ მაშინ უნდა შეეშვა და მხოლოდ იმიტომ, რომ შეგიძლია, არ გამოიყენო შენს ხელთ არსებული ყველა სახელმწიფო რესურსი. მხოლოდ მაშინ გაქვს უფლება, რომ თავს დემოკრატიული მთავრობა უწოდო. სხვა შემთხვევაში ემსგავსები შენს წინამორბედს. და კიდევ, მე ვიცავ "რუსთავი 2"-ს იმიტომ, რომ პატივს ვცემ განსხვავებულ აზრს და გამოხატვის თავისუფლებას. ამით ვიცავ არა მხოლოდ იმ ჟურნალისტებს, ვინც ამ კონკრეტულ ტელეარხზე მუშაობენ, არამედ სხვა მედიასაშუალებების ჟურნალისტებსაც, ყველას ერთად, მიუხედავად იმისა, თუ რომელ მედია საშუალებას წარმოადგენენ, იმისთვის, რომ მათ საქმეში არავინ ჩაერიოს".