ხალვაში: "რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა?" - კვირის პალიტრა

ხალვაში: "რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა?"

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია "რუსთავი 2" ქიბარ ხალვაშს გადაეცა. სტრასბურგის სასამართლომ "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება 8 მარტამდე შეაჩერა.

როგორც ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ქიბარ ხალვაშმა განაცხადა, ის დარმუნებულია, რომ სტრასბურგში ყველაფერი მის სასარგებლოდ დამთავრდება.

"მე აბსოლუტურად არ მიმაჩნია, რომ ამით რაღაც გართულდა, პირიქით, ალბათ გაადვილდა პროცესების დაწყნარება, რადგან აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ სტრასბურგში ყველაფერი დამთავრდება ჩვენს სასარგებლოდ. ამით უფრო მეტი ლეგიტიმაცია მიეცემა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას და უფრო ადვილი გასაგები იქნება ქართველი მოსახლეობისთვის. ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი", - განაცხადა ხალვაშმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რა ბედი ეწევათ თანამშრომლებს თუ მასთან თანამშრომლობას მოისურვებენ, ხალვაშმა განაცხადა, რომ კომპანიისთვის სასარგებლო ადამიანებთან სიამოვნებით ითანამშრომლებს.

"კალთებს ვერავის ჩამოვახევთ, მაგრამ იმ ადამიანებთან, რომლებიც კომპანიისთვის სასარგებლოები არიან, სიამოვნებით ვითანამშრომლებ...

ძალიან დიდი მოწიწებით და პატივისცემით ვუყურებ იმ ბირთვს, რომელიც ქმნის "რუსთავი 2"-ს და, რომელიც აუცილებლად საჭიროა იმისთვის, რომ რეიტინგი შეინარჩუნოს. მე მიყვარს პროფესიონალი ადამიანი, მიყვარს ადამიანი, რომელიც შრომობს იმისთვის, რომ კომპანიას სარგებელი მოუტანოს", - განაცხადა ხალვაშმა.

მან "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტის საუბარი მიხეილ სააკაშვილის საუბარს შეადარა.

"რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი რასაც საუბრობს, ჩემთვის მათი საუბრის ღირებულება არის ნული. როდესაც "რუსთავი 2"-ის მენეჯმენტი საუბრობს, მე ვიცი, რომ მიშა მელაპარაკება. მე მაქვს მიშასთან ლაპარაკის გამოცდილება და ვიცი, რომ ყველაფერი აგებულია ტყუილზე, გამორჩენაზე", - განაცხადა ხალვაშმა.

მისივე თქმით, "რუსთავი 2"-სთვის ბრძოლაში დიდი ნაწილი პრინციპის საკითხია.

"ძალიან დიდი ნაწილია პრინციპის თემა. რატომ არ უნდა ვიბრძოლო იმისთვის, რაც მიხეილ სააკაშვილმა წამართვა? არსებობს ქონება, რომელიც დაკარგულია და რომელიც არ დაბრუნდება, რადგან რესურსი არ არსებობს. "რუსთავი 2" არსებობს, წაღებული აქვს სააკაშვილს და ვიბრძვი რომ დავიბრუნო. გარდა ამისა, არსებობს კანონები, რომლებსაც ვემორჩილები და ამ კანონებს მიღმა არ გავდივარ. არის საქმეები, რომლებსაც ვადა გაუვიდა, "რუსთავი 2"-ის საქმეს არ აქვს ვადა გასული, რადგან ეს იყო ამორალური გარიგება, არ ექვემდებარებოდა ვადას. ამის დაბრუნების შანსი მქონდა და ვცადე, რომ დამებრუნებინა, რაც არის ზედაპირზე გამოსული", - განაცხადა ქიბარ ხალვაშმა.

ხალვაშმა გაიხსენა მისი "რუსთავი 2"-ში ყოფნის პერიოდი.

"მიმაჩნია, რომ ჩარევა იყო მინიმალური, და ის მინიმალური ჩარევაც სარედაქციო პოლიტიკაში იყო ჩემი შეცდომა. ვთვლი, რომ ამას მე გამოვასწორებ. ორი წლის განმავლობაში ვერავინ ვერ იტყვის, რომ ქიბარი მოდიოდა და სარედაქციო პოლიტიკაში ერეოდა, ის ორი შემთხვევაც ისევ თითზე აქვთ დახვეული და ლაპარაკობენ. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც ქუჩაში მიმდინარეობდა აქცია და სამი თუ ოთხი საათის განმავლობაში „ლაივში" მიდიოდა. ვუთხარი, რომ ეს არ არის 4-საათიანი „ლაივის" თემა. შეიძლება დაამოკლოთ და საინფორმაციოში გადატანოთ. ზუსტად ეს იყო ჩემი შეცდომა, ეს იყო მთელი დღის ზეწოლის შედეგი, პერსონალურად დამირეკა სააკაშვილმა, გიგი უგულავამ, ვიფიქრე, განვტვირთავ დაძაბულობას "რუსთავი 2"-სა და მათ შორის. არიან ადამიანები, რომლებიც არანაირ პატივს არ მცემენ და თითქოს დენის წყაროს გამორთვას ვცდილობდი. არც ვიცი სად უნდა გამოვრთო დენის წყარო, რადგან ტექნიკურ ნაწილში ვერ ვერკვევი. ეს იყო მათი პოლიტიკის ნაწილი, რომ ქიბარ ხალვაში არ არის გარკვეული და გვერეოდა საქმიანობაში...

გირგვლიანის თემასთან დაკავშირებით მიმაჩნია, რომ გუნდი არაპროფესიონალურად მოიქცა, მაგრამ მე ვთვლი „იმედს" ჰქონდა პრივილეგია ეს ადრე გაეშუქებინა. ფაქტობრივად გირგვლიანის თემის გაშუქებამ "რუსთავი 2"-ში შეიწირა ჩემი და "რუსთავი 2"-ის ურთიერთობა. ზუსტად ამ თემასთან დაკავშირებით სასამართლო მიმდინარეობდა, ბოლო სხდომა იყო და თურმე ხელისუფლებას დაუგეგმავს, რომ პირველი თემა უნდა ყოფილიყო პრეზიდენტის ვიზიტი ამერიკაში. იმ დღეს "რუსთავი 2"-ზე პირველი თემა იყო სასამართლოს გაშუქება. ზუსტად ამას მოყვა ყველა ის კონფლიქტი, რომელიც დამთავრდა იმით, რომ ტელევიზია დავკარგე", - განაცხადა ხალვაშმა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით