"ბიჭს მამაკაცის დედამისთან ურთიერთობა აღიზიანებდა" - რა გახდა კიდევ ერთი მკვლელობის მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"ბიჭს მამაკაცის დედამისთან ურთიერთობა აღიზიანებდა" - რა გახდა კიდევ ერთი მკვლელობის მიზეზი?!

"ბიჭი გაიზარდა და როგორც ჩანს,  დედის მეგობარ მამაკაცთან დაეძაბა ურთიერთობა"

რამდენიმე დღის წინ, შემზარავი მკვლელობა მოხდა სენაკში, - 47 წლის ცისკარა სიჭინავა მეზობლებმა მეგობარი ქალის სახლში მოკლული იპოვეს. გარდაცვლილი ზურგის არეში რამდენიმე ადგილას დანით იყო დაჭრილი, მომხდარის შესახებ მეზობლებს თავად სიჭინავას მეგობარმა ქალბატონმა შეატყობინა.

მისი თქმით, სიჭინავა ღამით უცნობმა პირებმა ისე მოკლეს, რომ მას არაფერი გაუგია, რადგანაც ეძინა, გარდაცვლილი კი მხოლოდ დილით იპოვა. მოგვიანებით დანაშაულში ბრალი ქალბატონის 18 წლის ვაჟს ბ. გ-ს წაუყენეს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მომხდარის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას და 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

გარდაცვლილის მეზობელი, რომელიც ვინაობის გამხელა არ ისურვა, მკვლელობის დეტალებზე საუბრობს:

- სენაკში გარდაცვლილსა და მის მეგობარ ქალბატონს თითქმის ყველა იცნობდა, ქალბატონი ლტოლვილია, ის მარტოხელა დედაა მხოლოდ ერთი ვაჟი ჰყავს, რომელსაც ცისკარას მოკვლაში ედება ბრალი. ქალი და ცისკარა იმ დროს დაახლოვდნენ, როცა ბიჭი 4-5 წლის იქნებოდა. მას შემდეგ ამ ადამიანებს ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ, შესაბამისად, ცისკარას დიდი წვლილი აქვს შეტანილი ბიჭის გაზრდაში.

გარდაცვლილი მშრომელი ადამიანი იყო და შემოსავალიც ჰქონდა. სენაკის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობენ მისი ცოლი და ორი ვაჟი.

როგორც ვიცი, მამაკაცი ცოლთან ოფიციალურად არ ყოფილა გაყრილი და ნათესავებიც წლების განმავლობაში სთხოვდნენ ოჯახს დაბრუნებოდა, თუმცა, მეგობარი ქალთან ბოლო 13-14 წელი ცხოვრობდა.

ქალს თავისი ბინა არ ჰქონდა და თითქმის ერთი წელიწადია შვილთან ერთად ჩვენს ქუჩაზე იქირავა პატარა სახლი, - სახლის პატრონი თურქეთშია სამუშაოდ წასული. მეზობლებს არ გავწუხებდნენ, არაფერს გვიშავებდნენ, მაგრამ სახლიდან ხმაური ხშირად ისმოდა, - ძირითადად ცისკარა და მისი მეგობარი ქალი კამათობდნენ, თუმცა ქალის ვაჟისა და ცისკარას ჩხუბიც გაგვიგია. ბიჭი გაიზარდა და როგორც ჩანს,  დედის მეგობარ მამაკაცთან დაეძაბა ურთიერთობა, სავარაუდოდ, მისი დედამისთან ურთიერთობა აღიზიანებდა.

- დანაშაული როგორ მოხდა?

- დილით ცისკარას მეგობარმა ქალმა ატეხა ხმაური, - ცისკარა ვიღაცას მოუკლავს, დავიღუპეო! როგორც მერე გაირკვა, წინა ღამეს ქალის ვაჟი და ცისკარა ეზოში შეშას ჩეხავდნენ, რა დროსაც დაიწყეს ჩხუბი, - როცა ხალხი ერთმანეთს ვერ იტანს, მცირე მიზეზიც ჰყოფნით საჩხუბრად. მერე ბიჭს ნაჯახი დაუგდია და გაქცეულა. მოიგვიანებით უკან მობრუნებულმა დანით მოკლა კაცი და გაიქცა...

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)