წოწორიას ფაქტორი?! - "არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენოს" - კვირის პალიტრა

წოწორიას ფაქტორი?! - "არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენოს"

"ფაქტია, წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა"

8 მარტს, ევროპის ადამიანის უფლებების დაცვის სასამართლოში შს ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის საქმის ზეპირი განხილვა გაიმართება. სტრასბურგის სასმართლოს ქართულ საქმეებზე სტატიას გაზეთი "კვირის პალიტრა" აქვეყნებს, რომლიდანაც ამონარიდებს გთავაზობთ:

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოში ვანო მერაბიშვილის სასარგებლოდ მოწმე სახალხო დამცველი იქნება. "სახალხო დამცველი მხარს უჭერს და მოწმედ გამოდის ვანო მერაბიშვილის მხარეზე, რბილად რომ ვთქვათ, ეს საკმაოდ უპრეცედენტოა", - განაცხადა წულუკიანმა.

ლია მუხაშვარია:

- ჩემთვის წულუკიანის რეაქცია და ღვარძლიანი კილოა გაუგებარი, ვინაიდან კარგად იცის, რომ უჩა ნანუაშვილს ორგანული კანონი აძლევს უფლებას და კომპეტენციას, გახდეს ყველას დამცველი. შეიძლება ვანო არც უჩა ნანუაშვილს მოსწონს, მაგრამ მისი სიმპათია-ანტიპათია არაფერ შუაშია.

- რით შეიძლება დასრულდეს ეს პროცესი ევროსასამართლოში?

- საქართველოს მთავრობას საკმარისი მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. მნიშვნელოვანია, რა კუთხით აინტერესებს ეს საქმე დიდ პალატას: ერთი ის, რომ მერაბიშვილი ყოფილი მაღალჩინოსანია და მეორე - იმ დარღვევის სიმძიმის გამო, რომელიც გადაწყვეტილებაშია აღნიშნული. გამოძიებამ რომ ვერაფერი გამოიძია და საქმე შეწყვიტა, ეს ჩვენს მთავრობას გამარჯვების იმედს არ უტოვებს. არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ ვანო მერაბიშვილის პატიმრობიდან გათავისუფლების საკითხი დააყენოს, ვინაიდან იკვეთება, რომ საქართველოს მთავრობა მის მიმართ მიკერძოებულია იმ ლოგიკით, რომ პატიმრის უსაფრთხოება ციხის პირობებშიც კი ვერ არის უზრუნველყოფილი.

- არის თუ არა მართლაც უპრეცედენტო "რუსთავი 2"-ის საქმეში სტრასბურგის გადაწყვეტილება?

- საქართველო პრეცედენტების შექმნის კუთხით სტრასბურგის სასამართლოში ჩემპიონად გამოცხადდა - მგონი, მსგავსი უპრეცედენტო ქეისები ევროპის სასამართლოს არასოდეს მიუღია. ფაქტია, წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა. ფაქტია, სტრასბურგის მორიგე მოსამართლეს ჰქონდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან დეტალების შესახებ არაფერი იცოდა.

... მართლმსაჯულების სისტემა სავალალო დღეშია და ეს ყველაფერი სტრასბურგშიც კარგად იციან. მით უმეტეს, რომ იქ საქართველოს ჯერ კიდევ ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის კადრი წარმოადგენს. წოწორია სტრასბურგის სასამართლოში 2008 წელს, ცხრაწლიანი ვადით დაინიშნა. ის ადეიშვილის ფავორიტ მოსამართლედ ითვლებოდა.

... ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში სწორედ წინა ხელისუფლების ინტერესებს ატარებს. თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემა თეა წულუკიანის არასწორი პოლიტიკაა, რადგან მან ვერ მოახერხა, ევროსასამართლოსთვის წოწორიას შემცვლელად კვალიფიციური კადრი წარედგინა.

იხილეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია: ლია მუხაშავრია: "არ გამოვრიცხავ, ევროსასამართლომ მერაბიშვილის გათავისუფლების საკითხი დააყენოს"