"იარაღი ცხოვრებაში არ მქონია" - რას ამბობს ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე დეკანოზ მამალაძის ჩვენებაზე? - კვირის პალიტრა

"იარაღი ცხოვრებაში არ მქონია" - რას ამბობს ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე დეკანოზ მამალაძის ჩვენებაზე?

როგორც გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაკავებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, იარაღი, რომელიც ამოიღეს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის.

"ძველით ახალ წელს მისულა მასთან, პრობლემა მაქვს პოლიციასთან, ამიტომ არ მინდა, სახლში მქონდეს და გთხოვ, შემინახეო. როცა იარაღი მიუტანა, მაშინ უკვე დაწყებული იყო საქმის მოკვლევა, როგორც ჩანს, იფიქრეს, თავი დავიზღვიოთ, საქმე გავამყაროთ მტკიცებულებითო და ირაკლი მამალაძემაც მიუტანა იარაღი. კარგად იცოდა, რომ შეუნახავდა. მამა გიორგიმ უთხრა კიდეც, თუ ეს იარაღი არაოფიციალურია, ჩააბარე პოლიციას და მოიშორეო. ცოტა ხანი იყოს შენთან და მერე წავიღებო", - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ირაკლი მამალაძემ განუცხადა, ამოღებულ იარაღთან კავშირი არ აქვს.

”ძველით ახალ წელს ვიყავი შარდენის 12-ში, 15 კაცთან ერთად, ძალიან კარგი დრო გავატარე. იარაღი ცხოვრებაში არ მქონია, არც შეხება მქონია. რამიშვილი რას ამბობს, არ ვიცი. ამ თემასთან დაკავშირებით მე არ დავკითხულვარ. რას ნიშნავს, რომ იარაღი მე მეკუთვნოდა? რითი მტკიცდება, რომ მე მეკუთვნოდა, ჩემზეა გაფორმებული იარაღი? არანაირი კავშირი არ მაქვს იარაღთან. შეუძლებელია, როგორ შეიძლება 34 წელი ცხოვრებდე, ამდენი წელი ჟურნალისტიკაში იყო და უცებ, ამ ასაკში დადგე და მამაოს იარაღი მიაბარო, ხომ არსებობს რაღაც ლოგიკა? შეუძლებელია ასეთი რაღაც”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

იხილეთ ასევე: "ის იარაღი, რომელიც ამოიღეს მამა გიორგის ბინიდან, ირაკლი მამალაძეს ეკუთვნის" - დაკავებული დეკანოზის ჩვენების სკანდალური დეტალები