დაიკითხა თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი? - რას ამბობს საპატრიარქოს იურისტი? - კვირის პალიტრა

დაიკითხა თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი? - რას ამბობს საპატრიარქოს იურისტი?

საპატრიარქოს იურისტის ინფორმაციით, ე.წ. ციანიდის საქმეზე შორენა თეთრუაშვილი უკვე დაიკითხა. როგორც ედიშერ ქარჩავამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ამავე საქმეზე პატრიარქის მდივან-რეფერენტის გარდა საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შემავალი რამდენიმე თანამშრომელიც დაიკითხა.

ქარჩავას განცხადებით, დაკითხული პირები დეკანოზ „გიორგი მამალაძის საქმიანობასთან უშუალო კავშირში არიან, თუმცა ისინი სასულიერო პირები არ არიან“.

მისივე ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილისა და სხვა პირების დაკითხვა მთავარ პროკურატურაში მოხდა.

”შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები და რა თქმა უნდა, გარკვეული პიროვნებები, რომლებიც საქართველოს საპატრიარქოს სტრუქტურულ ერთეულებში შედიან და თანამშრომლები არიან, იკითხებიან, თუმცა აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით მე კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგცემთ, ვინაიდან ეს არის უფლებამოსილება თვითონ მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების, რომლებსაც თუნდაც დღეის მდგომარეობით შეუძლიათ მიმართონ პროკურატურას, გამოითხოვონ  წერილობითი მტკიცებულებები და მიიღონ სრული ინფორმაცია, თუ ვინ დაიკითხა, ან ვინ რა ჩვენება მისცა”, - განაცხადა ედიშერ ქარჩავამ.

მისივე ინფორმაციით, შორენა თეთრუაშვილს დეკანოზ გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა.

საპატრიარქოს იურისტის თქმით, ამ პირთა დაკითხვის პროცესს უშუალოდ ის არ დასწრებია.

"ინტერპრესნიუსი"