პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის და სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

ინიციატივა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.

პრემიერის თქმით, მისი ინიციატივის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

”პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავის 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან, მინდა, ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია”, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებელია, ისევე, როგორც სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა.

”აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის. მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება, - განაცხადა პრემიერმა.

"ინტერპრესნიუსი"