"რუსეთიდან 1993 წელს წავედი, როდესაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს" - კვირის პალიტრა

"რუსეთიდან 1993 წელს წავედი, როდესაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს"

2005 წლის აპრილში, ბიძინა ივანიშვილმა რუსულ გამოცემა ВЕДОМОСТИ-ის თავისი პირველი ინტერვიუ მისცა. წარმოგიდგენთ ამონარიდებს, რომლებიც მის პირად ცხოვრებას ეხება.

"დავიბადე ჭიათურის რაიონის სოფელ ჭორვილაში. მამაჩემი "ჭიათურმანგანუმის" კომბინატზე მაღაროელად მუშაობდა. სკოლის შემდეგ თბილისში წავედი. ვსწავლობდი თსუ-ს საინჟინრო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე და პარალელურად კამოს სახელობის ჩარხმშენებელ ქარხანაში ვმუშაობდი. უმაღლესში სწავლის დასრულების შემდეგ, ამავე ქარხანაში დავრჩი. ვმუშაობდი დამლაგებლად, მუშად, უფროს ინჟინრად და ლაბორატორიის უფროსად.

1982 წელს მოსკოვში, შრომის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურაში ჩავაბარე. რამდენიმე წელიწადში დავიცავი დისერტაცია სპეციალობით, "მეცნიერული ორგანიზაცია და შრომის ეკონომიკა". მოგვიანებით, თბილისში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ადგილობრივ ფილიალში დავბრუნდი და მალევე წამოვიწყე ჩემი პირველი ბიზნესი.

როგორი იყო უფროსი მეცნიერ-თანამშრომლის ცხოვრება 80-იანი წლების ბოლოს?

არც საინტერესო სამუშაო, არც პერსპექტივები. არ მქონდა ბინა, ვიყავი დასაოჯახებელი და ქარხნის საერთო საცხოვრებელში ვცხოვრობდი. რა თქმა უნდა, მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ბანკს დავაფუძნებდი და მილიარდერი გავხდებოდი. უბრალოდ მინდოდა, ფულის კეთება დამეწყო. ამიტომ, არმირებული შლანგების წარმოება გადავწყვიტე. მაშინ ეს დეფიციტური საქონელი იყო. დავაფუძნე კოოპერატივი, ვიქირავე ფართი და დავიწყე წარმოებისთვის მზადება. საღამოობით პირადად ვჩარხავდი მოწყობილობას, მაგრამ შლანგების წარმოებამდე საქმე არ მივიდა და კომპიუტერებით ვაჭრობა დავიწყე.

ვფიქრობდი, თუ რა გაიყიდებოდა ყველაზე კარგად და მივედი აზრამდე, რომ მომავალი კომპიუტერებზეა.

მაშინ ეს მოთხოვნადი საქონელი იყო, თუმცა კომპიუტერების შოვნა პრობლემას წარმოადგენდა. თბილისელ ებრაელებს ვიცნობდი, რომლებიც საზღვარგარეთ გადაბარგდნენ. მათ დავურეკე, მოვილაპარაკეთ და ასე დავიწყეთ ბიზნესი. ისინი მიგზავნიდნენ კომპიუტერებს და მე ვყიდიდი.

ჩემი პირველი მყიდველი საქართველოს მეცნიერებათა აკადემია გახდა.

თუმცა, ქართულ პროკურატურას ჩემი საქმიანობა არ მოეწონა, ვინაიდან მარტო პირველი გარიგების შედეგად ჩემი კოოპერატივის ანგარიშზე მილიონ რუბლზე მეტი ჩაირიცხა. მათ ჩემი ანგარიშები დააყადაღეს. მე კი მივხვდი, რომ თავისუფლად მუშაობის საშუალება არ მომეცემოდა და მოსკოვში წასვლა გადავწყვიტე.

რუსეთიდან 1993 წელს წავედი, როდესაც საქართველოში ჩემი ძმა გაიტაცეს.

გაგრძელება