სპელეოთერაპია - "მკურნალობა მღვიმეებით" - არაერთი დაავადების განკურნებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საშუალება - კვირის პალიტრა

სპელეოთერაპია - "მკურნალობა მღვიმეებით" - არაერთი დაავადების განკურნებისა და სამედიცინო ტურიზმის განვითარების საშუალება

"კარსტული მღვიმეები, განსაკუთრებულად "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი კურნავს გულის ჰიპერტონულ დაავადებას, ქრონიკულ პნევმონიას, ბრონქიალურ ასთმასა და ნევროზს"

არცთუ დიდი ხნის წინ მეგობრებთან ერთად თურქეთში ვიმოგზაურე და მის სამხრეთ ნაწილში სტალაქტიტებისა და სტალაგმიტების ულამაზესი "ასთმის მღვიმე" დავათვალიერე. ცხადი იყო, სახელწოდება ასთმით დაავადებულთა მკურნალობას უკავშირდებოდა, მაგრამ თურქული არ გვესმოდა და შესაბამისი განმარტებაც ვერ მივიღეთ. მღვიმეების სამკურნალო თვისებებზე ყურმოკვრით ვიცოდი და მხოლოდ ინტერნეტიდან შევიტყვე, რომ მკურნალობის ამ მეთოდს სპელეოთერაპია ეწოდება. რა ისტორია აქვს სპელეოთერაპიას, რას ჰკურნავს და გამოიყენება თუ არა მკურნალობის ეს მეთოდი უნიკალური მღვიმეებით მდიდარ საქართველოში? - ამ საკითხებზე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, გეომორფოლოგი გიორგი დვალაშვილი გვესაუბრება:

- თურქეთის "ასთმის მღვიმეზე" მეც მსმენია, მაგრამ არ მინახავს, რაც შეეხება სპელეოთერაპიას, ეს სიტყვა ბერძნულია და მართლაც "მღვიმეებით მკურნალობას" ნიშნავს. სპელეოთერაპია ანუ მიწისქვეშა კლიმატოთერაპია მღვიმეებში არსებული მიკროკლიმატით ბევრ დაავადებას კურნავს. უძველესი იტალიური ძეგლებით დასტურდება, რომ მკურნალობის ამ მეთოდს სამი ათასი წლის წინათაც იყენებდნენ.

alt

იტალიაში თერმული წყლებით აჯანსაღებდნენ ადამიანებს. ანტიკურ ხანაში სიცილიაში, კრონიოს მთის მღვიმეებში არსებობდა კრუარას თერმული აბანოები, რაც "ორთქლის აბანოების" სახელითაა ცნობილი და სამკურნალოდ გამოიყენებოდა. ცნობილია, რომ ძველი საბერძნეთისა და სიცილიის გარდა, მღვიმეებს სამკურნალოდ იყენებდნენ ინდოეთშიც.

სპელეოთერაპია რუსეთშიც იყო განვითარებული. პიატიგორსკის ჩანაქცევებში ჩაკიდული კალათით ჩადიოდნენ ტბაში და სამკურნალო წყალში ბანაობდნენ.

კარსტული მღვიმეების გარდა, მიწისქვეშ მკურნალობა ქვამარილის მაღაროებშიცაა შესაძლებელი. ამას ჰალოთერაპიას უწოდებენ. მარილის ნაწილაკებით გაჟღენთილი, ბაქტერიებს მოკლებული მუდმივი ტემპერატურის ჰაერი და ზოგიერთ შემთხვევაში - მაღალი ატმოსფერული წნევა, სასუნთქ გზებს, კანს, ბრონქულ ასთმას, ყივანახველასა და ბევრ სხვა დაავადებას კურნავს.

პირველად ევროპელმა ბერებმა შენიშნეს, რომ რესპირატორულდაავადებიანი პაციენტები მღვიმიდან ამოღებული მარილის შესუნთქვის შემდეგ კარგად ხდებოდნენ.

ახალი ათონის მღვიმე

XIX საუკუნეში სპელეოთერაპიის პირველი და უნებლიე პაციენტები უბრალო მუშები გახდნენ. პოლონელმა ექიმმა ფელიქს ბოხოვსკიმ შეამჩნია, რომ მეშახტეები ნაკლებად ავადდებოდნენ სასუნთქი გზების დაავადებებით. სწორედ ამ ექიმის სახელს უკავშირდება კრაკოვთან ველიჩკას სარეაბილიტაციო ცენტრის გახსნა, რომელიც დღესაც უდიდეს სარეაბილიტაციო და სამკურნალო ცენტრს წარმოადგენს. იქ მარილით მკურნალობენ ასთმას, ალერგიას, სიმსუქნეს, რესპირატორულ და კანის დაავადებებს, მეტაბოლურ პრობლემებს, ასევე, სუფთა ჰაერის ჭავლით, ორიგინალური პეიზაჟებით, მუსიკითა და მუდმივი ტემპერატურით მკურნალობენ ფსიქიკურ პრობლემებსაც.

მეორე მსოფლიო ომის დროს უნგრეთის ერთ-ერთ ასეთ მღვიმეში მოწყობილი იყო თავშესაფარი. დაბომბვის დროს იქ გადაჰყავდათ სამხედრო ჰოსპიტლის პაციენტები და მედპერსონალი. ექიმებმა შეამჩნიეს, რომ მღვიმეში ყოფნისას ბრონქული ასთმით დაავადებულ პაციენტებს შეტევები არ ემართებოდათ და თავს უკეთ გრძნობდნენ. მოგვიანებით მეცნიერულადაც შეისწავლეს ეს მოვლენა და დაასკვნეს, რომ მღვიმეების მიკროკლიმატის გამოყენება მრავალი დაავადების სამკურნალოდ შეიძლებოდა.

სიცილიის თერმული აბანო

- მღვიმეების ნაღვენთი ფორმები როგორღა მოქმედებს დადებითად ადამიანის ორგანიზმზე, სტალაქტიტებიან და სტალაგმიტებიან მღვიმეში დიდხანს გაჩერება ხომ საკმაოდ რთულია?

- რაც შეეხება კარსტული მღვიმეებით კლიმატოთერაპიას, კირქვულ ღრუებში ატმოსფერულ წყალთან ერთად შედის რადიაქტიური ნახშირბადის შემცველი ნახშირორჟანგი. რადიაქტიური ნახშირბადი გროვდება სტალაქტიტებში, სტალაგმიტებსა და სხვა ნაღვენთ ფორმებში და ხელს უწყობს ჰაერის იონიზაციას. ბეტა გამოსხივება, მაღალი სინესტე, სუფთა ჰაერი და სხვადასხვა სახეობის ობის სოკო, რომელიც ძლიერ ანტიბიოტიკს წარმოადგენს, ხელს უწყობს ბრონქული ასთმის, რევმატიზმის, გულის სნეულებების, ყივანახველისა და ქრონიკული ბრონქიტის მკურნალობას. ალბათ სწორედ ამ კუთხით გამოიყენებოდა თქვენ მიერ ნახსენები "ასთმის მღვიმეც". სამკურნალოდ არანაკლებ მნიშვნელოვანია თბილი მღვიმეებიც.

სპელეოთერაპია დადებითად მოქმედებს პირველი ხარისხის ჩიყვით დაავადებულ ადამიანებზე, ასევე, ჩიყვის დაავადების თანმხლები - ფიპერტენზიის მქონე ავადმყოფებზე. იგი ბუნებრივი, უსაფრთხო, არაინვაზიური მკურნალობის მეთოდია და ეფექტი, დაახლოებით, 1 წლის განმავლობაში, ზოგჯერ - უფრო დიდი ხნითაც ნარჩუნდება. სპელეოთერაპიით ბავშვებსაც საკმაოდ წარმატებით მკურნალობენ.

წყალტუბოს თეთრი მღვიმე

- საქართველო ძალიან მდიდარია მღვიმეებით. დღეს სადმე იყენებენ მკურნალობის ამ მეთოდს - სპელეოთერაპიას?

- საქართველოში სპელეოთერაპიის კვლევა 1973 წლიდან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, აკადემიკოსმა იორამ თარხან-მოურავმა დაიწყო. მან კვლევები სოხუმის ახალი ათონის მღვიმესა და წყალტუბოს "თეთრ მღვიმეში" ჩაატარა. იმხანად გამოიკვლიეს ფილტვის ქრონიკული სპეციფიკური დაავადების მქონე 694 ადამიანი. მათგან 515-მა სპელეოთერაპიის კურსი გაიარა კარსტულ "თეთრ მღვიმეში", ხოლო 179-მა - ახალ ათონში. კარსტული მღვიმეები, განსაკუთრებულად "თეთრი მღვიმის" მიკროკლიმატი კურნავს გულის ჰიპერტონულ დაავადებას, ქრონიკულ პნევმონიას, ბრონქიალურ ასთმასა და ნევროზს.

სამწუხაროდ, ჯერჯერობით საქართველოში სრულყოფილად არსადაა განვითარებული სპელეოთერაპია. უახლოეს მომავალში ამ თვალსაზრისით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში არსებული საწურბლიის მღვიმის გამოყენებას აპირებენ. ვინც წყალტუბოს სასტუმროები აღადგინა, როგორც ჩანს, სპელეოთერაპიის კუთხით მის განვითარებას ჯერ არ ფიქრობს, მხოლოდ სამკურნალო წყლებზე აქვს აქცენტი, არადა, სპელეოთერაპიით მისი დატვირთვა და წამლების ჩანაცვლება შესანიშნავი იქნებოდა.

ზოგადად, სათანადო ინფრასტრუქტურის შექმნისა და შესაბამისი კვლევების ჩატარების შემდეგ, რაც, სამწუხაროდ, ძალიან ძვირი ჯდება, სპელეოთერაპიისთვის საქართველოში რამდენიმე მღვიმე შეიძლება გამოვიყენოთ. ეს კი განსაკუთრებით სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის - სპელეოთერაპია, როგორც მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული და პოპულარული ალტერნატიული სამკურნალო მეთოდი, განვითარდება და ადამიანებს შვებას მისცემს, მუნიციპალიტეტებში კი სამედიცინო ტურიზმი აღორძინდება და რაიონებსა და მთელ ქვეყანას სარგებელს მოუტანს!

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)