"ვინ უტევდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ეკლესიას? - პასუხი ერთია: "ნაციონალური მოძრაობა" - კვირის პალიტრა

"ვინ უტევდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ეკლესიას? - პასუხი ერთია: "ნაციონალური მოძრაობა"

საზოგადოების ყურადღება კვლავაც საქართველოს ეკლესიის გარშემო მიმდინარე პროცესებისკენ არის მიმართული. ამ თვალსაზრისით გასული კვირა დაძაბული და რთული აღმოჩნდა.

ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე ექსპერტი ლადო პაპავა გვესაუბრება:

- ეკლესიის გარშემო შექმნილი ვითარების სრულფასოვნად შეფასება ჯერჯერობით შეუძლებელია, რადგან ინფორმაცია ძალიან მწირი, ცალმხრივი და ხანდახან - ურთიერთგამომრიცხავია.

ჩემი აზრით, მზაკვრული გეგმა, რომლის მიხედვითაც საპატრიარქოსთვის უნდა მიეყენებინათ დარტყმა, აამოქმედეს. თუ ვინ აამოქმედა ეს გეგმა, ამაზე პასუხი რომ გავცეთ, მეტი ინფორმაციაა საჭირო. ვის აძლევს ხელს დღეს ქვეყანაში არეულობა? ვინ უტევდა ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე ხშირად ეკლესიას? - პასუხი ერთია: "ნაციონალური მოძრაობა". თქვენს გაზეთთან საუბრისას აქამდეც არაერთხელ მითქვამს, რომ განსხვავება "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" სამინისტროებისა და უწყებების აპარატებს შორის, პრაქტიკულად არ არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს, უსაფრთხოების სამსახურის თუ პროკურატურის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა სახელმწიფო დაწესებულების აპარატი ამ ორი პარტიის შეზრდითაა ფორმირებული.

ეს ყველაფერი, ჩემი აზრით, "ქართულ ოცნებასთან" ინტეგრირებული "ნაციონალური მოძრაობის" გაკეთებულია.

ნებისმიერ სტრუქტურაში, მათ შორის - საპატრიარქოშიც შეიძლება დაუშვან შეცდომები, არსებობდეს დარღვევები, რადგან ყველგან მოკვდავი ადამიანები არიან, მაგრამ ეს ყველაფერი დიდი სიფრთხილით უნდა გამოაშკარავებულიყო.

დღეს მიდის ცალ კარში თამაში, ასუსტებენ პატრიარქის უახლოეს გარემოცვას, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. ამასთან, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ბრძოლაში დედაეკლესია გაიმარჯვებს!

- რა არის თქვენი ნახსენები გეგმის მიზანი?

- ეკლესიის, პატრიარქის დასუსტება. ჩვენში ყოველთვის მცდარი რეიტინგები დგებოდა, როდესაც იკვლევდნენ, ვის ენდობოდნენ ქვეყანაში ყველაზე მეტად. არ შეიძლებოდა, ამ რეიტინგებში ეკლესია ყოფილიყო პოლიტიკოსების ან სახელმწიფო სტრუქტურების გვერდით. ის, რომ ყველაზე მეტად ენდობიან მის უწმინდესობას და მასთან ერთად, ეკლესიას, ბევრს აღიზიანებდა.

ნახეთ, ისევ ძველ საკითხებზე წარიმართა დისკუსია, მათ შორის იმაზეც, ეკლესიას უნდა ჰქონდეს თუ არა საბიუჯეტო დაფინანსება. დარწმუნებული ვარ, რომ უნდა ჰქონდეს, ოღონდ ხარჯვა უნდა ხდებოდეს გამჭვირვალედ.

- როდესაც ლაპარაკობთ "ქართული ოცნებისა" და "ნაციონალური მოძრაობის" შეზრდაზე, მხოლოდ სამართალდამცავი სტრუქტურების აპარატს გულისხმობთ, თუ უფრო მაღალ პოლიტიკურ შრეებსაც?

- არ მინდა, დავიჯერო, რომ ამ პროცესში პირდაპირ მონაწილეობდნენ მაღალი თანამდებობის პირები, თუმცა ყველაზე დიდი პრობლემა ის არის, რომ "ქართული ოცნების" დღევანდელი მთავრობის ზოგიერთი წევრი აშკარად არაკომპეტენტურია. შესაბამისად, უჭირთ ამა თუ იმ გამოწვევაზე დროული პასუხის გაცემა.

ავიღოთ, თუნდაც, ერთ-ერთი ბოლო საკადრო გადაწყვეტილება - ალექსანდრე ჯეჯელავას დანიშვნა ვიცე-პრემიერად. დავიჯერო, ბატონმა კვირიკაშვილმა არ იცის, რომ ჯეჯელავას დადებითი რეიტინგი კი არა, ანტირეიტინგი აქვს?!

თურმე, ჯეჯელავა მთავრობას საზოგადოებასთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში უნდა დაეხმაროს... და როგორ, როდესაც თვითონ აქვს საზოგადოებასთან ურთიერთობის პრობლემა?!

ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რაც მეტად გააკრიტიკებენ ჯეჯელავას, მით მეტ-ხანს შეინარჩუნებენ-მეთქი. აშკარად შევცდი, რადგან ვერ წარმოვიდგინე, რომ მას არათუ შეინარჩუნებდნენ, დააწინაურებდნენ კიდეც!

საკადრო პოლიტიკა, საპატრიარქოს გარშემო განვითარებული მოვლენები, "რუსთავი 2"-თან და "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" დაკავშირებული პროცესები და ა.შ. - ეს ყველაფერი ერთიანი პროცესია.

ძალიან სერიოზული ცვლილებების გადაწყვეტილება უნდა მიიღონ "ქართულმა ოცნებამ" და მისმა მესვეურებმა. წინააღმდეგ შემთხვევაში უფრო დამძიმდება ვითარება.

- არაერთი საფუძვლიანი ვარაუდი გამოითქმის, რომ ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებმა, შეიძლება, მნიშვნელოვნად დააზიანოს სახელმწიფო, შესაბამისად, არსებობს ეჭვი, რომ ამ ყველაფრის უკან ქვეყნის გარეთ არსებული ძალები დგანან...

- გამორიცხული არაფერია. მაგრამ აქაც ისევ ხელისუფლების პასუხისმგებლობამდე მივდივართ. როდესაც ქვეყანა შეკრული და ძლიერია, მთავრობასა და პარლამენტში კი უმთავრესად სახელმწიფოებრივად მოაზროვნე კომპეტენტური ადამიანები საქმიანობენ, გადაწყვეტილებებიც უფრო სერიოზული მიიღება და ქვეყანასაც ნაკლები ზიანი ადგება. რად გვინდა დიდი მარჩიელობა იმის დასადგენად, რომ საქართველოს დაუძინებელი მტერი ჰყავს, რომლის ტანკებიც თბილისიდან 25 კილომეტრში დგას?! ეს რა, არ ვიცით?

პრობლემების მოსაგვარებლად მთავრობას სჭირდება გონიერება, ხალხს კი - კონსოლიდაცია.

"მამული, ენა, სარწმუნოება" - ეს ფორმულაა, რომლითაც ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თვითმყოფადობა, სამშობლო. დღეს სამივე მიმართულებით პრობლემები გვაქვს.

დავიწყოთ მამულით. სამწუხაროდ, ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; დღემდე სახელმწიფომ ვერ ჩამოაყალიბა თავისი დამოკიდებულება მიწის მიმართ - შეიძლება მისი უცხოელებისთვის მიყიდვა თუ არა? ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკური საკითხი, ეს სახელმწიფოებრივი მიდგომის თემაა, რომელიც ეროვნულ უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული; ეს უკავშირდება იმას, თუ როგორი გვინდა იყოს ხვალინდელი საქართველო.

ფორმულის მეორე პოსტულატია ენა. ჯერ რამდენი ბრძოლა დაგვჭირდა იმისთვის, რომ კანონი სახელმწიფო ენის შესახებ მიეღოთ. ჩვენს სამეზობლოში საქართველომ ეს კანონი ყველაზე გვიან - 2015 წელს მიიღო. მასში ჩაიწერა, რომ უნდა შექმნილიყო სპეციალური ორგანო, რომელიც ენის სიწმინდის საკითხებს დაარეგულირებდა... ჯერაც არ შექმნილა, რითაც მთავრობამ კანონი დაარღვია, მაგრამ არის კი ვინმე პასუხის მომთხოვნი?!

2017 წლის ბიუჯეტში ასეთი სტრუქტურის თაობაზე ჩანაწერი არსებობს, მაგრამ დაფინანსების გრაფაში წერია 0, ანუ არც წელს აპირებენ მის შექმნას!

მესამე გახლავთ სარწმუნოება, რომელსაც ახლა შეუტიეს. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი გაცილებით ძლიერია და ამ დარტყმებს გაუძლებს.

კიდევ ერთიც - ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში უნდა დამთავრდეს ნეპოტიზმისა და კრონიზმის პრინციპებით მართვა. ეს რომ მოხდეს, საჭიროა, ქვეყანას მართავდნენ არა ახალგამოჩეკილი პოლიტიკოსები და მენეჯერები, არამედ მმართველები, სახელმწიფო მოღვაწეები. ვიდრე ეს არ მოხდება, ჩვენი ქვეყანა მუდმივად სერიოზული საფრთხეების წინაშე იქნება. (იხილეთ სრულად)

ნათია დოლიძე