"კიდევ რა უნდა გააფუჭოს წულუკიანმა, რომ მოხსნან?" - კვირის პალიტრა

"კიდევ რა უნდა გააფუჭოს წულუკიანმა, რომ მოხსნან?"

"თეა წულუკიანი ფიქრობდა, თუ სტრასბურგში წოწორიას შემცვლელად თავის ნდობით აღჭურვილ კანდიდატებს გაგზავნიდა, ყველა პრობლემა ერთბაშად მოუგვარდებოდა"

"წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა"

"კიდევ რა უნდა ქნას წულუკიანმა, რომ მოხსნან? მოსამართლეების დანიშვნის ჩაგდება, "რუსთავი 2" -ის სტრასბურგის საქმე… ქსენოფობიური შეფასებები, კატასტროფული საკადრო პოლიტიკა, ჩაგდებული სასამართლო რეფორმა, ზიზღის ენა, სტრასბურგში დეპორტაციების ბოლომდე არ-მიყვანილი საქმე... კიდევ რა უნდა გააფუჭოს? გამახსენეთ, აბა..." - ეს არის ნაწყვეტი საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგი კაპანაძის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული სტატუსიდან, რაც სტრასბურგის სასმართლოში "რუსთავი 2" -ის თაობაზე მიღებულ უკვე მეორე გადაწყვეტილებას მოჰყვა, როდესაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს გამოტანილი განაჩენი უვადოდ, უფრო სწორედ კი საქმის საბოლოო განხილვასა და გადაწყვეტილებამდე შეაჩერა.

მომხდარს ჩვენში დიდი რეზონანსი მოჰყვა, ვინ სტრასბურგის სასამართლოს აძაგებს და ლამის მოსყიდულად მოიხსენიებს, ვინაც კიდევ ქართული მართლმსაჯულებისა და ხელისუფლების შეცდომებზე ლაპარაკობს, რაც, გაცილებით უფრო ლეგიტიმურია.

ლია მუხაშვარია, იურისტი:

- საქართველო პრეცედენტების შექმნის კუთხით სტრასბურგის სასამართლოში ჩემპიონად გამოცხადდა - მგონი, მსგავსი უპრეცედენტო ქეისები ევროპის სასამართლოს არასოდეს მიუღია. ფაქტია, წულუკიანმა ვერ შეძლო, საქართველოს ინტერესები მაქსიმალურად დაეცვა და ქვეყნის საერთაშორისო იმიჯი საფრთხის ქვეშ არ დაეყენებინა. ფაქტია, სტრასბურგის მორიგე მოსამართლეს ჰქონდა ინფორმაცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, თუმცა იუსტიციის სამინისტროსგან დეტალების შესახებ არაფერი იცოდა.

- რა არასწორი პოლიტიკა ჰქონდა მინისტრს, რომელსაც სტრასბურგის სასამართლოში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს?

- წულუკიანი მინისტრად დანიშვნისას ამაყობდა, სტრასბურგის სასამართლოში საქართველო ღირსეულად წარმოჩინდება და ამას პირადად უზრუნველვყოფო, თუმცა ამ მიზნის განხორციელებას თანამდებობაზე დანიშვნისთანავე არაადეკვატურად შეუდგა - გაიწელა სასამართლოს რეფორმა, მართლმსაჯულების სისტემა სავალალო დღეშია და ეს ყველაფერი სტრასბურგშიც კარგად იციან. მით უმეტეს, რომ იქ საქართველოს ჯერ კიდევ ნონა წოწორია, ზურაბ ადეიშვილის კადრი წარმოადგენს. წოწორია სტრასბურგის სასამართლოში 2008 წელს, ცხრაწლიანი ვადით დაინიშნა. ის ადეიშვილის ფავორიტ მოსამართლედ ითვლებოდა. ნონა წოწორია სტრასბურგის სასამართლოში მოსამართლედ არჩევამდე, გენერალური პროკურორის მოადგილე გახლდათ, სწორედ იმ პერიოდში, როდესაც პროკურატურაში ნიკა გვარამია საქმეებს თეთრი ძაფით კერავდა. ვერავინ იტყვის, რომ წოწორია არაპროფესიონალი კადრია, პირიქით, თუმცა, პროფესიონალიზმთან ერთად, "ნაცმოძრაობის" უპირობო მხარდამჭერიც გახლდათ. შესაბამისად, ეჭვიც არ მეპარება, რომ ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში სწორედ წინა ხელისუფლების ინტერესებს ატარებს.

თუმცა ამ შემთხვევაშიც პრობლემა თეა წულუკიანის არასწორი პოლიტიკაა, რადგან მან ვერ მოახერხა, ევროსასამართლოსთვის წოწორიას შემცვლელად კვალიფიციური კადრი წარედგინა.

ნონა წოწორიას ცხრაწლიანი ვადა 2017 წლის დასაწყისში ამოეწურა, თუმცა სხვა კანდიდატის არარსებობის გამო, ის ამ დრომდე სტრასბურგის სასამართლოში თავის უფლებამოსილებას აგრძელებს. ის ბევრად მეტ გავლენას ახდენს სტრასბურგში არსებულ საქმეებზე, ვიდრე საქართველოდან იუსტიციის სამინისტრო.

თეა წულუკიანი ფიქრობდა, თუ სტრასბურგში წოწორიას შემცვლელად თავის ნდობით აღჭურვილ კანდიდატებს გაგზავნიდა, ყველა პრობლემა ერთბაშად მოუგვარდებოდა და საკუთარი დამარცხებების რეაბილიტაციასაც შეძლებდა, თუმცა დაავიწყდა, რომ სტრასბურგი, საქართველოსგან განსხვავებით, მხოლოდ ევროპული სტანდარტებით ხელმძღვანელობს და ნაცნობობით მოსამართლეებს არ ნიშნავს და არც ცვლის, მთავარი მაინც განათლების ხარისხი და კვალიფიკაციაა. თეა წულუკიანმა კი ქვეყნის იმიჯი კიდევ ერთხელ დააზიანა ისეთი კანდიდატების შერჩევით, რომლებმაც მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვაც კი ვერ მოახერხეს. ნონა წოწორია უკვე მერამდენედ ახერხებს, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ომი მოუგოს.(იხილეთ სრულად)