ადვოკატი: "ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაც "დასაბრედია" და ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანია დასაკავებელი" - კვირის პალიტრა

ადვოკატი: "ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაც "დასაბრედია" და ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანია დასაკავებელი"

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის განცხადებით, მტკიცებულებები, რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, დამონტაჟებულია.

იხილეთ: "დეკანოზ მამალაძეს ბრალდება წარედგინა შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისთვის..." - პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე შუალედური შედეგები გაასაჯაროვა

მისივე თქმით, გასაჯაროვებული მტკიცებულებებითაც კი ვერ დაამტკიცა პროკურატურამ, რომ დეკანოზმა ციანიდი შეიძინა და ის შორენა თეთრუაშვილის მოკვლის მიზნით სურდა.

პირველ რიგში, მადლობას ვუხდი პროკურატურას. ვიდეომასალები მიჭრეს- მოჭრეს, გადააკერეს- გადმოკერეს და მაინც ვერ დაამტკიცეს, რომ მამაომ იყიდა ციანიდი, ასევე ვერ დაამტკიცებენ, რომ მამაოს შორენას მოკვლა სურდა და ფაქტია, არსად ჩანს ასეთი რამ. თავისივე პირით გააჟღერა პროკურორმა, მაშინ როდესაც განცხადებას კითხულობდა, რომ ციანიდს ეძებდა შორენას დავალებით. ვერ გაბედეს სრულად გაესაჯაროვებინათ მასალა. მარტო ის სიტყვებია ამოკრეფილი, რაც მათთვის იყო სასურველი. რაც პროკურატურამ გაასაჯაროვა, ეს იყო მაქსიმუმი, რისი გასაჯაროვებაც შეეძლოთ, ისიც დამახინჯებული ფორმით...

ამბობს ”შორენა დასაბრედია” და არა უნდა მოვკლა, ან მე უნდა დავბრიდო. ნახევარი საქართველო მეორე ნახევარზე ამბობს, რომ ვიღაცა ”დასაბრედია”. ეს თუ სტანდარტია, მაშინ მილიონნახევარი ადამიანი დასაკავებელია. საუბარში რა კითხვაზე და რა თემაზე პასუხობს ამას მამა გიორგი, ვინ დასვა შეკითხვა, რა თემას მოჰყვა ეს პასუხი არ ჩანს. ამას წინ უსწრებს გარკვეული დიალოგი, რაც ამოჭრილია. ირაკლი მამალაძე უსვამს შეკითხვებს დეკანოზს თუ რა დამოკიდებულებები აქვს სხვადასხვა საკითხებზე და ამაზე საკუთარ პოზიციებით პასუხობს მამა გიორგი. ანუ ირაკლი მამალაძე უსვამს შეკითხვებს შორენაზე და მამა გიორგი პასუხობს, რომ ”შორენა დასაბრედია”. აქ სადმე ამბობს, რომ მე უნდა მოვკლა, ან იმიტომ ვყიდულობ ციანიდს რომ უნდა ”დავბრიდო” შორენა?” - განაცხადა გიორგი ფანცულაიამ.

იხილეთ ასევე: "შორენა მაინც ჩაძვრებოდა, იმენა "დასაბრედია" ეგ შობელძაღლი" - "ციანიდის საქმის" სკანდალური ჩანაწერები

"ინტერპრესნიუსი"