"ის მარტო არ მოქმედებდა... გიორგი მამალაძე ფულს ბერლინში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა" - კვირის პალიტრა

"ის მარტო არ მოქმედებდა... გიორგი მამალაძე ფულს ბერლინში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა"

მთავარმა პროკურატურამ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები და მტკიცებულებების ნაწილი გაასაჯაროვა. უწყებამ გაავრცელა ბრალდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძისა და ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები.

პროკურატურის მიერ დღეს გასაჯაროვებულ ინფორმაციაზე, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" ისაუბრა საქმის მთავარმა მოწმემ, ირაკლი მამალაძემ.

ის პროკურატურას ნდობას უცხადებს. ”მე ვერ შევიტან ეჭვს პროკურატურის მუშაობაში, რადგან პროკურატურა მუშაობდა ძალიან ფრთხილად. გარდა ამისა, მამა გიორგი ინტენსიურად მიკავშირდებოდა 1-ელი თებერვლიდან 7-8 თებერვლამდე, თუმცა, ბერლინში გამგზავრებამდეც ის გაუჩინარდა და არ დაურეკავს ჩემთვის. მამა გიორგი ვერ მიდიოდა ბერლინში იმის გამო, რომ მას არ ჰქონდა ციანიდი”, - აღნიშნა ირაკლი მამალაძემ.

კითხვაზე: - ვისგან ელოდებოდა გიორგი მამალაძე თანხის მიცემას და იყო თუ არა ის სასულიერო პირი, ირაკლი მამალაძე კონკრეტიკისგან თავს იკავებს, თუმცა აცხადებს, რომ ბრალდებული დეკანოზი თანხას ბერლინმში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა. ”გიორგი მამალაძე ფულს ბერლინში მყოფი ადამიანებისგან ელოდებოდა, მე ვერ დავაკონკრეტებ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები”, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

როგორც ირაკლი მამალაძემ აღნიშნა, "შეუძლებელია, ამხელა ტვირთით გიორგი მამალაძემ იაროს და თუნდაც მივიდეს სასამართლომდე“.

"ჩვენ ყველამ დავინახეთ ამ ჩანაწერებიდან, რომ ის მარტო არ მოქმედებდა, ის ელოდებოდა ვიღაცისგან თანხას, ის ელოდებოდა ვიღაცასთან წასვლას და ა.შ. ერთი სიტყვით, მას ელოდებოდნენ და აი, ვინ ელოდებოდა, ამაზე აუცილებლად უნდა ისაუბროს მამა გიორგიმ. სიტყვები და ნაცვალსახელი, რომელსაც ის იყენებს - ისინი, მათ და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩემთან, როცა საუბრობს, მე ვიცი, ვიზე საუბრობს, თუმცა ამაზე ღიად ვერ ვისაუბრებ, თუმცა, გამოძიებაში ეს უკვე ნათქვამი მაქვს. მაგრამ იცით, რომ გაუთქმელობასთან დაკავშირებით მაქვს ხელმოწერა და მე ვერ გავცდები იმ ჩარჩოებს, რომელშიც ვარ და რაც დღეს გასაჯაროვდა“, - განაცხადა მამალაძემ.

როგორც მან აღნიშნა, წმინდა სინოდის წევრებმა ძალიან კარგად იცოდნენ შინაარსი. "რაში უნდა დაჭირვებოდა პროკურატურას ის, რომ ეს დღეს გაესაჯაროებინა და ტელევიზიით ენახათ მათ. მათ უკვე იცოდნენ, რა სიმძიმის დანაშაულზე იყო საუბარი, რა იგეგმებოდა და ა.შ. ეს სულ ყველამ ვიცით“, - განაცხადა მამალაძემ.

"ინტერპრესნიუსი"