"მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი" - საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

"მომხრე ვარ, საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი" - საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს

საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, თუმცა განსახილველი საკითხები უცნობია. სავარაუდოდ, სხდომაზე ბრალდებული დაკანოზის, გიორგი მამალაძის საქმესთან დაკავშირებით და ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ.

წმინდა სინოდის სხდომა გეგმურად, წელიწადში ორჯერ იკრიბება: აღდგომის შემდეგ და შობის მარხვაში და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს. შარშან სინოდი 4-ჯერ შეიკრიბა. ბოლო სხდომა გასული წლის 22 დეკემბერს გაიმართა.

საპატრიარქოში შესვლამდე რამდენიმე სასულიერო პირმა ბოლო პერიოდში საპატრიარქოს გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს სინოდის დღევანდელი სხდომისგან "კარგი მოლოდინები აქვს". მისი თქმით, სინოდის სხდომაზე განსახილველ საკითხებზე წინასწარ ვერ ისაუბრებს, რადგან მისი განმარტებით, ამასთან დაკავშირებით "წინასწარი უწყება" არ ყოფილა.

"ერთადერთი, შემიძლია ვივარაუდო, რომ საერო სამართლისგან განსხვავებით, საეკლესიო სამართალი არ იქნება მიკერძოებული. ჩვენ გავაგრძელებთ ჩემს მიერ დაწყებული საუბრის თემას", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

კითხვაზე, რამდენად შეიძლება სხდომაზე დადგეს მისი დასჯის საკითხი, მეუფე პეტრემ აღნიშნა, რომ "საეკლესიო სამართალის ამუშავების მომხრეა."

"მე მომხრე ვარ, რომ საეკლესიო სამართალი ამუშავდეს და დადგეს ყველა დასასჯელის საკითხი", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

პროკურატურის კადრებზე კი მან ასე უპასუხა: "გავრცელებულმა კადრებმა დაგვანახა, თუ როგორი არ უნდა იყოს სასულიერო პირი, თუ რა არასახარბიელო გარემოცვაა სასულიეროს პირების, პატრიარქის და საპატრიარქოს წიაღში".

ამასთან, მეუფე პეტრე დარწმუნებულია, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე არავის მოწამვლას აპირებდა: "მამა გიორგი არავის მოსაწამლად არ მივიდოდა, ამაში დარწმუნებული ვარ".

"სწორედ იმისთვის არის სინოდის სხდომა დღეს, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო", - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპატრიარქოსთან ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა განუცხადა.

მეუფის თქმით, მისთვის სინოდის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები უცნობია.

კითხვაზე, სჯერა თუ არა ე.წ. ციანიდის საქმეზე პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული მტკიცებულების, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ "ასეთ შემთხვევაში ქვეყანაში ვის უნდა დაუჯეროს, პროკურატურას თუ არა?".

"ვერსიები მაქვს. ნებისმიერი ადამიანი, რასაც უყურებს, გამოაქვს თავისი დასკვნები. იმისთვის, რომ ჩემი დასკვნები არ გამოვიტანო, ამისთვის არის სინოდი დღეს. გავიგებთ ყველაფერს ამას", - განაცხადა მეუფე ანტონმა.

ჟურნალისტებმა რუსთავის მიტროპოლიტ იოანე გამრეკელს კითხვით მიმართეს, პროკურატურის მიერ გასაჯაროებულ მასალებთან მიმართებაში დარჩა თუ არა მეუფეს კითხვები.

"თვითონვე თქვეს, რომ გამოქვეყნებული მტკიცებულებები სრული არ არის. მე ვფიქრობ, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, რამდენად ავთენტურია ეს ჩანაწერი. ეს ჩემს კომპეტენციას აღემატება.

მამა გიორგის არ ვიცნობ. ფაქტობრივად, საპატრიარქოში ორ-სამჯერ მყავს ნანახი და არ ვიცოდი, რომელ ეპარქიაში მსახურობდა. ახლა გავიგე", - განაცხადა მეუფე იოანემ.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით