მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია გამოაცხადა - კვირის პალიტრა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია გამოაცხადა

2017 წელს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის პრიორიტეტებშია პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესი, რომელიც მოიაზრებს, ცენტრთან ერთად, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების მიერ მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების მრავალფეროვანი პროგრამების შეთავაზებას. ამ მიზნით მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა დაინტერესებული ორგანიზაციების რეგისტრაცია გამოაცხადა.

რას ემსახურება და რა ეტაპებს მოიცავს ზემოაღნიშნული პროცესი და რა ტიპის ორგანიზაციებს შეუძლიათ რეგისტრაციის გავლა?

ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე მანანა რატიანი გვესაუბრება.

- რას გულისხმობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესი?

- დეცენტრალიზაცია განათლების სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ხდება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ მიმართულებით გარკვეული გამოცდილება დაგვიგროვდა, რადგან მასწავლებელთა სერტიფიცირების შემოღებასთან ერთად რამდენიმე წლის წინ, მასწავლებლებს სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის პროვაიდერი ორგანიზაციები ამზადებდნენ. თუმცა ამის შემდეგ პროფესიულ განვითარება ძირითადად ცენტრალიზებული გახდა და მასწვლებლებს კვლავ შეეზღუდათ არჩევანი, თუ სად შეძლებდნენ საკუთარი კომპეტენციების განვითარებას. იქედან გამომდინარე, რომ იმ პერიოდში მოქმედი ორგანიზაციები შესაძლოა, დღეს ბაზარზე აღარ არსებობდნენ, ამასთან, ჩამოყალიბდნენ ისეთი ახალი ორგანიზაციები, რომლებსაც დეცენტრალიზაციის პროცესში ჩართვის სურვილი აქვთ, საჭირო გახდა დეცენტრალიზაციის პროცესის დაწყებამდე გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნა პოტენციურ პარტნიორებზე. სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია საშუალებას მოგვცემს, მოვიკვლიოთ ბაზარი და წარმოდგენა ვიქონიოთ იმ ორგანიზაციებზე, რომლებიც აღნიშნულ პროცესში სამომავლოდ ჩაერთვებიან.

- რამ განაპირობა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების პროცესში გარე პროვაიდერების ჩართვის აუცილებლობა?

- ამ შემთხვევაში ჩვენ გამოვდივართ მასწავლებლების ინტერესებიდან და მიგვაჩნია, რომ ცენტრალიზებულად ტრენინგების განხორციელება მასწავლებლებს არ აძლევს არჩევანის შესაძლებლობას. უმჯობესია, მათ ჰქონდეთ არჩევანი და თავად გადაწყვიტონ, სად, რომელ ორგანიზაციაში ურჩევნიათ ტრენინგების გავლა. მართალია, ჩვენი ცენტრი ბევრი მიმართულებით ახორციელებს პროფესიული განვითარების ღონისძიებებს, მაგრამ აქცენტი იმ ძირითად, მსხვილ თემებზე გვაქვს, რაშიც, ვფიქრობთ, რომ მასწავლებლებს გადამზადება სჭირდებათ. ამ შემთხვევაში კი შესაძლებელია, რომელიმე ორგანიზაციას ტრენინგი სულაც არ ჰქონდეს ასეთ მასშტაბებზე გათვლილი, მაგრამ ჰქონდეს კონკრეტული სკოლის საჭიროებაზე მორგებული პროგრამა, რაც მასწალებლების პროფესიული განვითარების თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიცით, რომ სხვადასხვა მიმართულებით ამ წლებში მნიშვნელოვანი გამოცდილება დაგროვდა, ბევრი ორგანიზაცია სხვადასხვა თემზე მუშაობს, გარკვეული მიმართულებით სპეციალიზდება. სწორედ მათი გამოცდილების, დაგროვილი ცოდნის გაზიარების საშუალებას მისცემს დეცენტრალიზაციის პროცესი.

- ვის შეუძლია რეგისტრაციის გავლა?

- რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ დაინტერესებულ სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებს, რომლებიც სამომავლოდ გეგმავენ მონაწილეობა მიიღონ ცენტრის მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტებზე დაფუძნებულ მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაში, იქნება ეს საგრანტო კონკურსებს თუ შესყიდვების გზით; ასევე ორგანიზაციებს,რომლებსაც სჭირდებათ პროფესიული განვითარების პროგრამების აღიარება. აღიარებული რეგისტრირებული პროგრამები თუ ტრენინგები ამავდროულად მასწავლებლებისთვის იქნება კრედიტქულების მომტანი. ეს ორგანიზაციები შეიძლება იყვნენ უნივერსიტეტები, საგნობრივი ასოციაციები, პროფესიული გაერთიანებები, არასამთავრობო ორგანიზაციები, სკოლები, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილება და შესაძლებლობა იმისა, რომ ეს გამოცდილება სხვებსაც გაუზიარონ.

- რა არის მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაციის ძირითადი მიზანი?

- მასწავლებლების პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია მიზნად ისახავს სწავლების ეფექტიანობის გაზრდას მასწავლებელთა საჭიროებებზე დაფუძნებული პროფესიული განვითარების გზით, რაც გულისხმობს საჭიროებებზე და შედეგზე მაქსიმალურად ორიენტირებული სერვისების გამრავალფეროვნებას, სკოლის ბაზაზე პროფესიული განვითარების სისტემის განვითარებასა და სერვისის მიწოდების გზებისა და მიმწოდებლების დივერსიფიცირებას.

- გეგმავს თუ არა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ახალი პროგრამების განხორციელებას?

- ცენტრში იგეგმება სიახლეები, როგორც პროგრამების დამატების, ასევე მათი ოპერირების კუთხით. მიმდინარე წელს ჩვენ განვიხილავთ რამდენიმე სიახლის ინიცირებისა და დანერგვის წლად. მაგალითად: მასწავლებლების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლისთვის გაწერილ სქემაში არის ჩანაწერი იმის შესახებ, რომ რეგისტრირებული ტრენგინგები და პროგრამები, ისევე როგორც აკრედიტებული ტრენინგ-პროგრამები, მასწავლებლებს მოუტანს კრედიტქულებს. შესაბამისად, ჩვენ გავნსაზღვრავთ ამ პროცესში სხვადასხვა პროგრამებსა და ტრენინგებს, რომელთა გავლის შემდგომ მათ მიენიჭებათ შესაბამისი კრედიტქულა და ამავდროულად მათში ჩართვა მასწავლებლებს მაქსიმალურ სარგებელს მოუტანს, დაეხმარება მათ სიახლეებისთვის ფეხის აწყობაში, საგნობრივი თუ პროფესიული მიმართულებით კომპეტენციების განვითარებაში, რაც საბოლოო ამში დადებითად აისახება სწავლებაზე. ჩვენი ცენტრი ამ პროცესებზე დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის მასწავლებლებს. მსგავსი პროგრამები და ტრენინგები შეიძლება იყოსროგორც სახელმწიფო, ასევე დონორების დაფინანსებით ან, სულაც, ფასიან შეთავაზებას წარმოადგენდეს.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გამოცხადებული სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაცია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ირინა ხანთაძემ დადებითად შეაფასა.

- როგორ შეაფასებთ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელების დეცენტრალიზაციის პროცესს?

- კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი მიესალმება სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების რეგისტრაციის გამოცხადებას. ვფიქრობთ, რომ ეს პროცესი გამოავლენს, თუ რა შესაძლებლობებს ფლობს საზოგადოებრივი სექტორი, რა კურსები აქვს და რა რესურსი გააჩნია იმისთვის,რომ ჩაერთონ მასწავლებელთა გადამზადების პროგრამებში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების სერვისების დეცენტრალიზაცია ძალიან მნიშვნელოვანი პროცესია, რათა თანმიმდევრულად მასწავლებელთა ასოციაციების, უნივერსიტეტების და სხვა პროვაიდერების ჩართვით მოხდეს კონკურენციის წახალისება, ხარისხის ზრდა, საჭიროებებზე უფრო მეტი ორიენტაცია დარაც მთავარია, თავად მასწავლებელთა კორპუსმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარი პროფესიულ განვითარებაზე. შესაბამისად, ჩვენ ამ პროცესს მხოლოდ მივესალმებით და იმედი გვაქვს, რომ ეს შეუქცევადი იქნება.