"ერთი ყაჩაღი გარეთ ყარაულად დააყენეს, სამი კი ქალებს აწამებდა..." - ერთი გარდაცვლილი, ერთიც - დასახიჩრებული - კვირის პალიტრა

"ერთი ყაჩაღი გარეთ ყარაულად დააყენეს, სამი კი ქალებს აწამებდა..." - ერთი გარდაცვლილი, ერთიც - დასახიჩრებული

"ბოლო ერთ თვეში ჩვენს სოფელში ეს ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა. ამას წინათ, ასევე მარტო მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი დააყაჩაღეს, რომელსაც გაყიდული თხილის ფული წაართვეს"

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგვაზაურში განსაკუთრებული სისასტიკის დანაშაული მოხდა. მძარცველებმა მარტოხელა, ხანშიშესული დები მზისადარ და ცისანა ჩიხლაძეები ისე სასტიკად აწამეს, რომ ერთ-ერთი მათგანი ადგილზევე გარდაიცვალა. ჩიხლაძეები სოფელში საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდნენ და მომხდარს ყველა განიცდის. ადგილობრივებს შეშფოთების კიდევ ერთი მიზეზიც აქვთ, - ბოლო ერთი თვის განმავლობაში სოფელში ძარცა-ყაჩაღობის ეს უკვე მეორე შემთხვევაა. მომხდარზე სოფლის რწმუნებული ზაზა სურმავა გვესაუბრება.

- ქალბატონები, რომელებიც მძარცველებმა ასე სასტიკად აწამეს, განათლებული და სოფლის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი ადამიანები იყვნენ. საკუთარი ოჯახი არც ერთს არ ჰქონდა, მაგრამ ხელი სხვებისთვის ბევრჯერ გაუმართავთ. რასაკვირველია, ბევრი არაფერი გააჩნდათ ან რა უნდა ჰქონდეს პენსიონერს. ძალიან ყოჩაღები და მშრომელები იყვნენ, - ლუკმაპურის სათხოვნელად არასოდეს არავისთან მისულან. შინ პირუტყვიც ჰყავდათ და რამდენჯერმე უშობელიც გაყიდეს.

როგორც ირკვევა, მოხუცები ბოლო დღეებისთვის თანხას აგროვებდნენ. ამას ჩვენში დასატირებელი ფული ჰქვია, - უთქვამთ, - ნათესავი და პატრონი არავინ გვყავს, როცა მოვკვდებით, მეზობლები არ გვინდა შევაწუხოთო. როგორც ჩანს, ეს ფული შინ ჰქონდათ შენახული და სწორედ ამას სთხოვდნენ მძარცველები.

- სავარაუდოდ, ამ ფულის შესახებ ახლობლებისგან თუ გაიგებდნენ ყაჩაღები...

- ალბათ. როცა დაბნელდა მაშინ შეუცვივნენ სახლში. ალბათ ფიქრობდნენ, მოხუცების შეშინებას რა უნდა, ერთს დავუცაცხანებთ და ფულს წამსვე მოგვცემენო. მაგრამ არ აღმოჩნდა იოლი მათი დაშინება. არ დათმო ამ ხალხმა მთელი სიცოცხლის განმავლობაში წვალებით შეგროვილი გროშები. მოხუცი ქალბატონები სასტიკად სცემეს, მერე ერთ-ერთ დას, მზისადარს, პირი აუხვიეს, რომ არ ეყვირა, ცისანას კი მანამდე ურტყამდნენ, ვიდრე ამ საწყალმა არ მიასწავლა, სად ჰქონდათ სულ რაღაც 200 დოლარი შენახული. მძარცველებმა ეს ფული წაიღეს და წავიდნენ, ამასობაში საბრალო მზისადარი გაიგუდა... სულ ოთხნი იყვნენ, როგორც გადარჩენილმა თქვა, ერთი ყაჩაღი გარეთ ყარაულად დააყენეს, სამი კი ქალებს აწამებდა...

- შემთხვევის შესახებ პოლიციას ვინ შეატყობინა?

- ცისანამ, რომელიც მეზობელთან ხელებაკრული და სახედასისხლიანებული მივიდა, სახეზე ნაკერებიც კი დაადეს, საწყალი პირველად დალაგებულადაც ვერ ლაპარაკობდა, ისიც კი არ იცოდა, მისი და რომ გარდაცვლილი იყო. გონზე რომ მოვიდა, თქვა, ცემისას თავს დაბლა მახრევინებდნენ, მაღლა აწევის საშუალებას არ მაძლევდნენ, - მიუხედავად იმისა, რომ ნიღბები ეკეთათ, არ უნდოდათ, რომ შემეხედა, ალბათ ეშინოდათ, რომელიმე არ მეცნოო.

ცხადია, მათ შორის ნაცნობიც იქნებოდა, როგორც წესი, ასე ხდება ხოლმე. აბა, ქვეყნის დასალიერიდან ჩვენს სოფელში არავინ მოვიდოდა. ამას ისიც ადასტურებს, რომ ბოლო ერთ თვეში ჩვენს სოფელში ეს ყაჩაღობის მეორე შემთხვევაა. ამას წინათ, ასევე მარტო მცხოვრები მარტოხელა ქალბატონი დააყაჩაღეს, რომელსაც გაყიდული თხილის ფული წაართვეს.. მას შემდეგ უკვე ერთი თვე გადის, პოლიციას ის ფაქტი რომ გამოეძიებინა, დარწმუნებული ვარ, ეს უბედურება აღარ დატრიალდებოდა...

შსს-ს ინფორმაციით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ.

ეთერ ერაძე( სპეციალურად საიტისთვის)