ვინ არის სააკაშვილის "მარჯვენა ხელი" თემურ ნიშნიანიძე და რას ედავება მას უკრაინის პროკურატურა? - კვირის პალიტრა

ვინ არის სააკაშვილის "მარჯვენა ხელი" თემურ ნიშნიანიძე და რას ედავება მას უკრაინის პროკურატურა?

საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში თემურ ნიშნიანიძე, რომელიც ამჟამად საქველმოქმედო ფონდს На Благо Одессы ("ოდესის საკეთილდღეოდ") ხელმძღვანელობს, პროკურატურამ დღეს, 10 მარტს დაკითხვაზე დაიბარა.

თემურ ნიშნიანიძე კიევი-ოდესის გზაზე გააჩერეს და ბრალიც იქვე წაუყენეს, რისი ამსახველი ვიდეო მასალაც თავად გამოაქვეყნა "ფეისბუკის" გვერდზე. ნიშნიანიძე ამ ფაქტს მისი და იმ გუნდის დისკრედიტაციის მცდელობად აფასებს, რომელთანაც  ასოცირდება.

უკრაინის პროკურატურის ცნობით კი, ნიშნიანიძე ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. უწყება პეჩორსკის სასამართლოში ნიშნიანიძესთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვს.

ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2016 წლის 26 მაისს, პროკურატურის გამომძიებლებმა და უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის კიევის სამმართველომ უკრაინაში საქართველოს ყოფილი გენერალური კონსულის თეიმურაზ ნიშნიანიძის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. საგამოძიებო ღონისძიებები სისხლის სამართლის რამდენიმე საქმის წარმოების ფარგლებში ჩატარდა. მათ შორის, ერთ-ერთი საქმე აღიძრა 2012-2013 წლებში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანამდებობის პირებისთვის დღგ-ს არაკანონიერი ანაზღაურების გამო.

როგორც 2016 წლის 20 მარტს გახდა ცნობილი, თეიმურაზ ნიშნიანიძესთან მიმართებაში სისხლის სამართლის საქმე დაიწყო. გამოძიების მონაცემებით, 2015 წლის აგვისტოდან 2016 წლის თებერვლის ჩათვლით, ნიშნიანიძემ საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы სახსრები გაფლანგა.

ვინ არის თემურ ნიშნიანიძე და რა აკავშირებს მას ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორ, მიხეილ სააკაშვილთან?

თემურ ნიშნიანიძე 1979 წელს ქუთაისში დაიბადა. დაამთავრა ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში იურიდიული ფაკულტეტი. ის ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში მსახურობდა, მოგვიანებით კი უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ აკადემიაში მსახურობდა.

2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, 2007 წლის 1 მარტს კი დაიკავა საქართველოს ელჩის თანამდებობა უკრაინაში, მოგვიანებით, ის იყო საქართველოს გენერალური კონსული დონეცკში.

2015 წლის ივლისში თემურ ნიშნიანიძე მიხეილ სააკაშვილის უშტატო მრჩეველი გახდა. რუსულ და უკრაინულ მედიასაშუალებებში ნიშნიანიძეს სააკაშვილის მარჯვენა ხელად მოიხსენიებდნენ. ამჟამად ის საქველმოქმედო ფონდის На Благо Одессы ხელმძღვანელია.

ნიშნიანიძე ხშირად ჩნდება უკრაინულ კულტურულ ღონისძიებებზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მან ახსენა, რომ აღვირახსნილი უკრაინელი ქალების მოსწონს. მისივე თქმით, მიუხედავად საერთო რწმენისა, საქართველოსა და უკრაინას შორის მნიშვნელოვანი მენტალური განსხვავებაა. საქართველოში, ნიშნიანიძის აზრით, ყოველთვის კაცი დომინირებს, უკრაინაში კი პირიქით, ქალი.

მოამზად თეა ბეჟიტაშვილმა