თევზს რომ ლაპარაკი შეეძლოს...
"ხანგრძლივი მონიტორინგის შედეგად დავრწმუნდით, რომ ჯავახეთის ტბებში თევზის რიცხოვნობა იკლებს"
ბრაკონიერობა ჩვენი ქვეყნისთვის უმწვავესი პრობლემაა: ადამიანებმა, რომლებიც ნადირობისას "აკრძალულ ილეთებს" იყენებდნენ და დღესაც იყენებენ, დიდი ზიანი მიაყენეს საქართველოს ფლორასა და ფაუნას. გამონაკლისს არც წყალქვეშა სამყარო წარმოადგენს. როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იქთიოლოგი ბელა ჯაფოშვილი ამბობს, ბრაკონიერებმა ამ უწყინარ, ლამაზ არსებებს გამოუსწორებელი ზიანი მიაყენეს.
- ბრაკონიერობა საქართველოსთვის დიდი საფრთხეა, რადგან მისი გაკონტროლება ვერ ხერხდება. სამწუხაროდ, ადამიანებს ასეთი დამოკიდებულება აქვთ: რაკი მდინარის პირას ცხოვრობენ, იქაურობას თავიანთ საკუთრებად მიიჩნევენ და არ უფრთხილდებიან. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტი მონაცემები არ არსებობს, დღეს საქართველოში თევზის რაოდენობა ძალიან შემცირებულია.
საქართველოს მდინარეებისა და ტბების საფუძვლიანი შესწავლა აუცილებელია, რათა რეალური ინფორმაცია გვექნეს. თუმცა კონკრეტულად ჯავახეთის ტბების მდგომარეობა კარგად გვაქვს შესწავლილი, რადგან იქ ექსპედიციებს ხშირად ვაწყობთ. ხანგრძლივი მონიტორინგის შედეგად დავრწმუნდით, როგორ იკლებს იქ თევზის რიცხოვნობა: საღამოსა და ფარავნის ტბებში კალმახი პრაქტიკულად აღარ გვხვდება, ძალიან შემცირებულია ხრამულის რაოდენობაც. წვერა და კობრიც აღარ არის. სამაგიეროდ, ძალიან გამრავლებულია კარჩხანა, რომელიც საქართველოსთვის შემოჭრილი, ინვაზიური სახეობაა და თითქმის ყველა წყალსატევში გვხვდება.
- რამდენად მდიდარი იყო საქართველოს წყლები თევზით?
- ჩვენს წყლებში თევზის 168 სახეობაა აღრიცხული. აქ შედის ზღვაში, მდინარეებში, ტბებსა და სხვა სახის წყალსატევებში მობინადრე თევზები. მტკნარი წყლის სახეობა დაახლოებით 80-მდეა. ადგილობრივ თევზებს შორის პირველ რიგში უნდა დავასახელო ორაგული, ზუთხი და ამ ჯგუფის თევზები, ასევე, კალმახი, ხრამული, წვერა, მურწა და სხვ. ამ თევზებით საქართველოს მდინარეები მდიდარი იყო, ამჟამად მათი რიცხვი მეტად მცირეა. ზუთხისნაირები ძვირფას თევზებს მიეკუთვნება, იმავეს თქმა შეიძლება კალმახსა და ორაგულისნაირებზე. მათი ხორციც ძვირფასია და ხიზილალაც. საქართველოს წითელ ნუსხაში 13 ადგილობრივი სახეობაა შეტანილი. აქედან ზუთხისნაირები შედის არა მარტო საქართველოს, არამედ საერთაშორისო წითელ ნუსხაში.
კალმახს განსაკუთრებული დაცვა არ სჭირდება, რადგან ეს თევზი მსოფლიოში საკმაო რაოდენობით გვხვდება. თუმცა ამ თევზს უფრთხილდებიან, რასაც ჩვენზე ვერ ვიტყვით. საბედნიეროდ, გამონაკლისიც არსებობს: ბოლო წლებში მთავრობამ დააფინანსა მდინარის კალმახის გადარჩენის პროგრამა და ამ საქმეში დიდი რაოდენობის ინვესტიცია ჩაიდო. ეს ხელს შეუწყობს თევზსაშენებში კალმახის გამოზრდასა და მის მომრავლებას.
თუმცა ბოლო ათწლეულებში ადგილობრივი, აბორიგენული თევზების რაოდენობა საქართველოში კატასტროფულად შემცირდა. განსაკუთრებით, 1990-იანი წლების განუკითხაობის შედეგად. პალიასტომის ტბაში თევზის 40-მდე სახეობა ბინადრობდა, დღეს კი 15-დან 200-მდე სახეობაა აღრიცხული, ანუ მათი რაოდენობა განახევრებულია. ყველაზე მეტად ზუთხისნაირების ჯგუფია შემცირებული. სავარაუდოდ, მტკვარში უნდა იყოს თევზის 19 სახეობა, ხოლო რიონში - 43-44, მაგრამ კვლევა თუ არ ჩატარდა, მონაცემებზე გადაწყვეტით ლაპარაკი ძნელია.
- რა მიუღებელ მეთოდებს იყენებენ ბრაკონიერები თევზის ჭერისას?
- პირველ რიგში, ელექტროშოკს, რომელიც თევზს ანადგურებს. საერთოდ, ელექტროთევზჭერა მიღებული მეთოდია, მაგრამ ბრაკონიერები დადგენილ ნორმებს არ იცავენ, წყალში ისეთი სიმძლავრით უშვებენ ელექტროენერგიას, რომ თევზი მასობრივად იხოცება. რომელი თევზიც გადარჩება, ის გამრავლების უნარს კარგავს. თევზის ჭერისას იყენებენ დინამიტს და ქიმიურ, მომწამვლელ ნივთიერებებს, რომელიც თევზისთვისაც საშიშია და იმ ადამიანისთვისაც, ვინც ამ მოწამლულ ხორცს შეჭამს. ჩვეულებრივი ბადეც საფრთხეს წარმოადგენს, როცა მას მდინარეში ტოვებენ, ის თევზებისთვის მახედ იქცევა. სწორედ ასეთი შემთხვევა მოხდა ფარავნის ტბაზე, სადაც დიდი რაოდენობით ჩატოვებული ბადეები იპოვეს.
- სახელმწიფო სტრუქტურები არ ებრძვიან ამგვარ ქმედებებს?
- ბოლო ხანებში ვითარება თითქოს გაუმჯობესდა, გარემოს ზედამხედველობის სამსახურიც უფრო აქტიურად მუშაობს, მაგრამ კადრების სიმცირის ბრალია თუ არ ვიცი, საკითხი მაინც მწვავედ დგას. ბრაკონიერებს აკავებენ, აჯარიმებენ, მაგრამ ეს პრობლემა საქართველოში კვლავაც აქტუალურია.
ხათუნა ჩიგოგიძე