რატომ ისესხა მამა გიორგი მამალაძემ 30 000 ლარი? - რას ამბობენ პროკურორი და ადვოკატი? - კვირის პალიტრა

რატომ ისესხა მამა გიორგი მამალაძემ 30 000 ლარი? - რას ამბობენ პროკურორი და ადვოკატი?

"კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა განაცხადა: "გამოძიებით დადგენილია, რომ გიორგი მამალაძე ციანიდის მოძიებასა და შეძენას ცდილობდა გერმანიაში გამგზავრებამდე. ბრალდებული ჩანაწერებშიც ცალსახად აცხადებს, რომ ციანიდი უნდა გერმანიაში წასვლამდე... დადგენილია, რომ გერმანიაში გამგზავრების წინ გიორგი მამალაძე მიდის ბათუმში, სადაც ბანკიდან გამოაქვს სესხი 30.000 ლარი. ამის შემდეგ აღარ დაჰკავშირებია ირაკლი მამალაძეს. ბრალდებულს დაკავებისას აღმოაჩნდა 4.500 ევრო და 500 აშშ დოლარი, რაც ეკვივალენტია 14.000 ლარის, ხოლო სხვაობა გამგზავრებამდე გახარჯა. ვის გადაუხადა ეს თანხა და ვისგან შეიძინა ციანიდი, ამაზე გამოძიება მუშაობს".

13 მარტს დაკავებული დეკანოზის დაკითხვის შემდეგ, მისმა ერთ-ერთმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა, რომ "მამა გიორგიმ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა".

ბრალდებულის დამცველის თქმით, საქმესთან დაკავშირებით განმეორებით დაისვა შეკითხვები, რომელზეც ბრალდებულმა იგივე პასუხი გასცა, რაც თავდაპირველად.

მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, გიორგი მამალაძემ გამოძიებას დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ რაში დასჭირდა 30 000 ლარის სესხი.

”გარკვეულწილად იყო ცოტა გაურკვეველი შეკითხვები. კრედიტთან დაკავშირებით, თანხებთან დაკავშირებით, რა თანხა დაიხარჯა, რამდენი ხნით მიდიოდა გერმანიაში, რატომ მიდიოდა, როგორ მიდიოდა. მამა გიორგიმ ყველა კითხვას დეტალურად უპასუხა.

მთელი საქართველო კრედიტზე ცხოვრობს. მამა გიორგიმ გამოიტანა, შეიძინა 4500 ევრო, 2000 დოლარი, დანარჩენი თანხა, ლარებში რაც იყო, აქვს მას თავის ანგარიშზე. რაც შეეხება ის თანხები, რამდენი სად დაიხარჯა, ვის რამდენი მისცა, ყველაფერი დეტალურად უთხრა ჩვენების დროს”, - განაცხადა მიხეილ რამიშვილმა.

ადვოკატის თქმით, საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის, ირაკლი მამალაძის დამატებითი ჩვენებიდან გამომდინარე, არსებობს წმინდა სინოდის წევრების დაკითხვის საჭიროება. რამიშვილის განცხადებით, ირაკლი მამალაძის ახალი ჩვენებიდან გამომდინარე აუცილებელია სინოდის წევრების დაკითხვაც.