75 წლის ქალბატონმა თავდამსხმელს პენსიის წართმევის საშუალება არ მისცა - ყაჩაღობის ბრალდებით 40 წლამდე ქალია დაკავებული - კვირის პალიტრა

75 წლის ქალბატონმა თავდამსხმელს პენსიის წართმევის საშუალება არ მისცა - ყაჩაღობის ბრალდებით 40 წლამდე ქალია დაკავებული

თელავში, 75 წლის ქალს თავს დაესხნენ. შემთხვევა კავთისუბანში მოხდა, სადაც დამნაშავე მარტო მცხოვრები ლია კაკაბაძის სახლში შეიჭრა და მისთვის პენსიის წართმევა სცადა.

როგორც დაზარალებულმა განაცხადა, მის სახლში  ახალგაზრდა ქალი შეიჭრა, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა მოხუცმა დამნაშავეს წინააღმდეგობა გაუწია და თანხის წაღების საშუალება არ მისცა.

როგორც ადგილობრივები ჰყვებიან, 75 წლის პენსიონერის წინააღმდეგობის შემდეგ დამნაშავე დაფრთხა და სახლიდან გაიქცა. მან მიმალვა მოახერხა.

თავდასხმის შედეგად ლია კაკაბაძეს თავის არეში გარკვეული დაზიანება მიადგა, მას სასწრაფო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს.

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ პენსიონერის დაყაჩაღების მცდელობის ბრალდებით 40 წლამდე ასაკის ქალი დააკავეს.

ბრალდებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. შსს-ში აცხადებენ, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"