ტრამპის საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს - მზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის? - კვირის პალიტრა

ტრამპის საგადასახადო დეკლარაცია გამოაქვეყნეს - მზადება პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის?

14 მარტს ცნობილი ამერიკული ტელეარხის MSNBC -ის წამყვანმა რეიჩელ მედდოიმ დააანონსა, რომ გაასაჯაროებდა დონალდ ტრამპის 2005 წლის საგადასახადო დეკლარაციას. მოგვიანებით, მის გადაცემაში მართლაც აჩვენეს დოკუმენტის 2 გვერდი, რომელიც ტელევიზიის მტკიცებით, ტრამპის 2005 წლის საგადასახადო დეკლარაციაა. ჟურნალისტ დევიდ კეი ჯონსტონის განცხადებით, მან ეს დეკლარაცია ანონიმურად, ფოსტით მიიღო.

თეთრმა სახლმა რეიჩელ მედდოის გადაცემის ანონსის შემდეგ, გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ 2005 წელს ტრამპმა 150-მილიონიანი შემოსავლიდან 38 მლნ. დოლარი გადაიხადა, რაც სწორედ იმდენია, რაც კანონით ევალებოდა და ტელეკომპანია საგადასახადო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო კანონის დარღვევაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, ტრამპის მიერ გადასახადების დამალვის თაობაზე სკანდალი ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიისას დაიწყო, როდესაც გასული წლის სექტემბერში, ტრამპი ამაში მოწინააღმდეგემ დემოკრატიული პარტიიდან, ჰილარი კლინტონმა დაადანაშაულა. იმჟამად ტრამპმა საგადასახადო დეკლარაციის გამოქვეყნებაზე უარი თქვა, თუმცა ერთ-ერთი დებატისას აღიარა, რომ ზარალის ჩამოწერის ხარჯზე მისი საგადასახადო ვალდებულების შემცირება ხდებოდა, რაც მისივე მტკიცებით, სრულიად კანონიერი პროცესი იყო.

დოკუმენტის გასაჯაროებას წინ უძღვოდა სხვა სკანდალი, რომელიც თვითონ დონალდ ტრამპმა წამოიწყო, მან ოფიციალურად განაცხადა, რომ წინასაარჩევნო დღეებში, ბარაკ ობამას პირდაპირი მითითებით მის რეზიდენციას ფარულად უსმენდნენ.

"გამაჩნია უტყუარი მტკიცებულებები რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში ჩემი რეზიდენცია ისმინებოდა. საუბარი მაქვს "ტრამპ-თაუერის" სასტუმროში განთავსებულ ჩემს საარჩევნო შტაბზე. საკუთარი გამოძიება ჩავატარე და დავადგინე, რომ ამ აღმაშფოთებელი ფაქტის უკან აშშ-ის იმდროინდელი პირველი პირი ბარაკ ობამა იდგა. გამოძიების ფედერალური ბიურო ბატონი ბარაკის პირდაპირ მითითებას ასრულებდა. რა საქციელია ეს! ობამამ ჩვენი ქვეყანა მაკარტიზმის შავბნელ დროში დააბრუნა", - დაწერა დონალდ ტრამპმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე.

მისი მტკიცებით, ამ "შავ საქმეს" ობამას საიდუმლო განკარგულების საფუძველზე გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი ჯეიმს კომი და მისი უწყების თანამშრომლები ასრულებდნენ.

რასაკვირველია, ამ განცხადებას უპასუხოდ არავინ დატოვებდა. თავდაპირველად ხმა გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორმა ჯეიმს კომიმ ამოიღო, რომელმაც ტრამპის ნათქვამს ცილისმწამებლური უწოდა.

შემდეგ სარბიელზე უკვე ქვეყნის ყოფილი პირველი პირი გამოჩნდა. ბარაკ ობამა გამოცემას "The Wall Street Journal" ესაუბრა და დონალდ ტრამპი "ავადმყოფად" მოიხსენია.

ბოლოს საქმეში აშშ-ის კონგრესის დაზვერვის განყოფილების ხელმძღვანელი დევინ ნუნიესი ჩაერია და ორივე დაპირისპირებულ მხარეს ამ საქმის დეტალურ და საფუძვლიან გამოძიებას დაჰპირდა.

როგორც ჩანს, დემოკრატები არ აპირებენ დამარცხებასთან შეგუებას.

ამ ცოტა ხნის წინ ქალაქ მაიამიში დემოკრატიული პარტიის თავკაცები შეიკრიბნენ და ტრამპთან "ბრძოლის" ტაქტიკა შეიმუშავეს. მათი უპირველესი ამოცანა 2020 წლამდე ტრამპის იმპიჩმენტის მიღწევაა.

როგორც ამბობენ, უახლოეს მომავალში დემოკრატები მისტერ დონალდის პოლიტიკის მოწინააღმდეგე მასმედიის საშუალებებს სრულ მობილიზაციას გაუკეთებენ და ტრამპის თითოეული ნაბიჯის დაკვირვებას დაიწყებენ. შეიქმნება ექსპერტების სპეციალური ჯგუფი, რომელიც ტრამპის მიერ წარმოებული საშინაო თუ საგარეო პოლიტიკის თითოეულ წვრილმანს გულდასმით შეისწავლის და გაანალიზებს. შეცდომების აღმოჩენის შემთხვევაში ეს ფაქტები ამერიკულ საზოგადოებას დაუფარავად და ოპერატიულად მიეწოდება. ამის გარდა სერიოზული დაკვირვების ობიექტები გახდებიან ტრამპის ოჯახის წევრები და მისი ადმინისტრაციის თანამშრომლები.

დემოკრატებს იმედი აქვთ, რომ დონალდ ტრამპი იმდენ შეცდომებს დაუშვებს, რომ უახლოეს მომავალში მისი იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ