"ისე მოაწყო, თითქოს მათ შეუსწრო" - 12-წლიანი პატიმრობა ცოლის და მეზობელი კაცისთვის ყურების მოჭრისა და მკვლელობისთვის - კვირის პალიტრა

"ისე მოაწყო, თითქოს მათ შეუსწრო" - 12-წლიანი პატიმრობა ცოლის და მეზობელი კაცისთვის ყურების მოჭრისა და მკვლელობისთვის

სასამართლომ მამაკაცი, რომელმაც ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლს და მეზობელ კაცს ყურები მოაჭრა, დამნაშავედ სცნო და 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, რუსთავის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი პირის, მათ შორის ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი წამებისთვის და განსაკუთრებული სისასტიკით ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებული ზური სუბელიანი დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-7 ნაწილის ,,ბ" ქვეპუნქტით და მე-8 ნაწილით და 111-1441-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტით და 12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დანაშაული 2016 წლის 10 ივლისს, თეთრი წყაროს რაიონის სოფელ ხაიშში მოხდა, რომლის მკვიდრმა 42 წლის ზური სუბელიანმა თანასოფლელი კახა პაკელიანი ჯერ ოჯახში დაპატიჟა, შემდეგ კი მოკლა - 50 წლის მამაკაცს ჯოხით და ჯაჭვით სცემა და ყურები დაათალა. მერე კი მეუღლესაც ასე გაუსწორდა.

გულიკო პაკელიანი, გარდაცვლილის მამიდა: - გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ზურიმ კახა ეჭვიანობის საფუძველზე მოკლა, რაც აბსურდია. ჩემი ძმისშვილის მექალთანეობაზე არავის არაფერი სმენია. კახა 20 წელია, ხაიშში ცხოვრობს და მასზე აუგის მთქმელი კაცი არ გვინახავს. პათოლოგმა სუბელიანმა სადისტურად გამოასალმა სიცოცხლეს უდანაშაულო კაცი, რომელსაც 5 შვილი დარჩა ობლად.

იმ საბედისწერო დღეს, დღის 12 საათზე, კახა თავის ნაბოლარა შვილთან ერთად სათიბიდან ბრუნდებოდა. გზად ნასვამი ზური შეხვედრია და შეუთავაზებია, ჩემთან წავიდეთ, დავლიოთო. კახას ბავშვი შინ გაუშვია, არაყი უყიდიათ და ზურისთან წასულან. როგორც დარეჯანი ჰყვება, მათთან ერთად ყოფილა ოლეგი, მათივე თანასოფლელი. ცოტა ხნის შემდეგ ზურიმ ოლეგი გააცილა და შემობრუნდა თუ არა, მთვრალს რაღაც მოელანდა და ცოლისთვის უკითხავს კახაზე, აქ რა უნდაო. დარეჯანს უპასუხია, შენ არ მოიყვანეო? ზურის ცემა დაუწყია. კახა მათ გასაშველებლად შუაში ჩამდგარა. ჩემი ძმისშვილი ცემით არის მოკლული - ჯოხით და ჯაჭვითაა ნაცემი. ზურგი და მკლავები დასისხლიანებული და დასერილი, ნეკნები კი ჩალეწილი აქვს. იმ სადისტმა კახას ყურები მოაჭრა. ცოლიც

სასტიკად სცემა  და მასაც ოაჭრა ყური.  ამის შემდეგ ეტყობა, გონს მოვიდა, გააცნობიერა, რაც ჩაიდინა და მათ ტანსაცმელი გახადა.

ცოლი ამბობს, ვგრძნობდი, ტანსაცმელს რომ მხდიდა, მაგრამ განძრევა და ხმის ამოღება არ შემეძლო, სუნთქვა შევიკარი, მკვდარი რომ ვგონებოდიო. ამ ნაძირალამ ისე მოაწყო, თითქოს მათ შეუსწრო და ეჭვიანობის საფუძველზე ჩაიდინა მკვლელობა. კარგად იცოდა, რომ დაიჭერდნენ და სასჯელის შემსუბუქების მიზნით მოიქცა ასე. მერე ბოლნისში ძმისთვის დაურეკავს, რომელიც ცოლთან ერთად ჩამოსულა.

რძალს ეს სურათი რომ დაუნახავს, ცუდად გამხდარა და სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. ეს ხდება ღამის 11 საათზე, ანუ ნაწამები კახა და დარეჯანი მთელი 5-6 საათი ასე ეყარნენ... როცა სასწრაფო რძლის დასახმარებლად მოსულა, ექიმებს არც გაუგიათ, მეორე ოთახში რა ხდებოდა. ფაქტი დამალეს. ძმამ ზური სახლიდან გააპარა, მისმა ცოლმა გამგებელს დაურეკა, სწორედ გამგებელმა მოიყვანა კახას დის ქმარი, რომელიც ამბობს, როცა მივედი, კახა კუთხეში იყო ჩაცუცქული, კედელთან მიკუნტული, ხელი რომ მოვკიდე, ამოიხროტინა და თავი გვერდზე გადააგდო, თან ისე იყო დასახიჩრებული, ვერ ვიცანიო. სუბელიანი თვითონ ჩაჰბარდა პოლიციას, სავარაუდოდ, რძალმა და ძმამ დაარწმუნეს. (იხილეთ სრულად)