"ბეჭედი და ლოგო გაყალბებულია" - "აუდიტორია 115"-ის თსუ-ში წარდგენილ ცნობებს ”ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” ეხმაურება - კვირის პალიტრა

"ბეჭედი და ლოგო გაყალბებულია" - "აუდიტორია 115"-ის თსუ-ში წარდგენილ ცნობებს ”ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი” ეხმაურება

"ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI" გამოეხმაურა  გაზეთ "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ მასალას სახელწოდებით - "აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!" და აცხადებს, რომ აღნიშნული ცნობები არ არის ხელმოწერილი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ, გაყალბებულია ბეჭედი და გამოყენებულია ორგანიზაციის ლოგო.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი გამოცდებისგან თავის არიდების მიზნით ყალბი ცნობების წარდგენის ფაქტს გმობენ და იმედს გამოთქვამენ, რომ აღნიშნულს მოყვება ადეკვატური რეაგირება.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ "კვირის პალიტრის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "აუდიტორია 115"-ის წევრებისათვის გამოცდებისგან თავის ასარიდებლად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩვენი ორგანიზაციის - "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI"-ის სახელით წარდგენილი ცნობების შესახებ. გაცნობებთ, რომ აღნიშნული ცნობების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობთ და არ არის ხელმოწერილი ორგანიზაციის უფლებამოსილი პირის მიერ, გაყალბებულია ბეჭედი და გამოყენებულია ორგანიზაციის ლოგო. როგორც ირკვევა, ბოროტად ისარგებლა ორგანიზაციის ყოფილმა წევრმა და "აუდიტორია 115"-ის წევრებისათვის დაამზადა ყალბი ცნობები. "ახალგაზრდობის განვითარების ცენტრი - XXI" გმობს გამოცდებისგან თავის არიდების მიზნით ყალბი ცნობების წარდგენის ფაქტს. იმედი გვაქვს, აღნიშნულს მოყვება ადეკვატური რეაგირება", - ნათქვამია ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გაზეთ "კვირის პალიტრაში" 13 მარტს გამოქვეყნდა მასალა სახელწოდებით -"აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?! გამოცემის წყაროს ინფორმაციით, "აუდიტორია 115"-ის ზოგიერთი ლიდერი თუ წევრი გამოცდების გადავადების მიზნით, თსუ-ში ყალბ ცნობებს წარადგენდა.

იხილეთ სტატია: "აუდიტორია 115"-ის წევრები გამოცდების გადატანისთვის ყალბ ცნობებს ამზადებდნენ?!