თურქეთის შს მინისტრი: "თურქეთს ყოველთვიურად შეუძლია ევროპაში 15 000 დევნილი გააგზავნოს, რათა ევროპელები „დაიშოკონ“ - კვირის პალიტრა

თურქეთის შს მინისტრი: "თურქეთს ყოველთვიურად შეუძლია ევროპაში 15 000 დევნილი გააგზავნოს, რათა ევროპელები „დაიშოკონ“

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუმის განცხადებით, თურქეთს ყოველთვიურად შეუძლია ევროპაში 15 000 დევნილი გააგზავნოს, რათა ევროპელები „დაიშოკონ“. ამის შესახებ თურქული გამოცემა Hurriyet იუწყება.

„ჩვენ გვაქვს რეადმისიის ხელშეკრულება. ევროპა, მე შენ გეუბნები, გაქვს გამბედაობა? თუ გინდა, ყოველთვიურად 15 000 დევნილს გამოგიგზავნით, რომლებსაც ჩვენ არ ვაგზავნით. უნდა გახსოვდეთ, რომ რეგიონში ვერ დაგეგმავთ რაღაც თამაშებს“, - განაცხადა თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ.

საუბარია თურქეთსა და ევროკავშირს შორის დადებულ რეადმისიის შესახებ შეთანხმებაზე, რომლის თანახმადაც, იმ მიგრანტებს, რომლებმაც არალეგალურად გადაკვეთეს ეგეოსის ზღვა, საბერძნეთიდან თურქეთში აბრუნებენ.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ასევე შეეხო 16 აპრილისთვის დაგეგმილ საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმს და აღნიშნა, რომ ეს თურქეთის შიდა საქმეა და ევროპა არ უნდა ერეოდეს.

„ეს ჩვენი შიდა საკითხია. რატომ ღელავთ? რატომ ერევით? გეკითხებით, თურქეთი ევროკავშირში მიიღეთ? თურქეთს დახმარება ტერორიზმთან ბრძოლაში გაუწიეთ? ვხედავთ, რომ ადგილი აქვს თამაშებს თურქეთის წინააღმდეგ, რათა ხელი შეუშალონ თურქეთს ძლიერი გახდეს მომავალში“, - დასძინა სულეიმან სოილუმ.

"ინტერპრესნიუსი"