პროკურატურამ ხატია დეკანოიძის შვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო - კვირის პალიტრა

პროკურატურამ ხატია დეკანოიძის შვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების გადაწყვეტილება მიიღო

რამდენიმე დღის წინ, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრის და უკრაინის ეროვნული პოლიციის ექსშეფის, ხატია დეკანოიძის ვაჟი, თორნიკე კოპალეიშვილი დააკავეს.

დაკავებულს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა უკვე შეეფარდა. ახალგაზრდას 260-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან, რაც ნარკოტიკის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მომხდარს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა.

"ვინც ჩემთან ჩემი ერთადერთი შვილით ვაჭრობას აპირებთ, იცოდეთ, არ გამოგივათ! გამორიცხულია! მასზე ძვირფასი არავინ მყავს, თუმცა ჩემი ღირსება არასდროს იქნება ვაჭრობის საგანი. დედა, არ შეგეშინდეს!", - დაწერა ხატია დეკანოიძემ "ფეისბუკში".

პროკურატურის ინფორმაციით, დეკანოიძის შვილს, თორნიკე კოპალეიშვილს საპროცესო შეთანხმება უფორმდება.

”ვინაიდან ბრალდებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს, არის ნასამართლობის არმქონე, ასევე არის 18 წლის და მასზე ვრცელდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება მასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების შესახებ პირობით მსჯავრზე. შესაბამისი შუამდგომლობით პროკურატურამ სასამართლოს უკვე მიმართა”, - განაცხადეს მთავარ პროკურატურაში.

"ინტერპრესნიუსი"