"საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ" - თავდასხმა პოლიციელზე და სამხედროებზე - კვირის პალიტრა

"საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ" - თავდასხმა პოლიციელზე და სამხედროებზე

დღეს, პარიზის ჩრდილოეთ ნაწილში, პოლიციის თანამშრომელმა საბუთების შემოწმების მიზნით მანქანა გააჩერა. მძღოლმა, პოლიციის თანამშრომელს საბუთები წარუდგინა, რის შემდეგაც მან სამართალდამცავს ცეცხლი გაუხსნა. ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 07.00 საათზე მოხდა. ამ შემთხვევის შემდეგ, 08:30 საათზე, „ორლის“ აეროპორტში სამხედროებზე თავდასხმა მოხდა. სამხედროებმა ცეცხლი გახსნეს და თავდამსხმელის ნეიტრალიზება მოახდინეს.

საფრანგეთის შს მინისტრმა უკვე დაადასტურა, რომ პარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდასხმა ერთი და იგივე პირმა ჩაიდინა.

როგორც ცნობილია, პარიზში პოლიციელზე და „ორლის“ აეროპორტში სამხედროზე თავდამსხმელის ოჯახის 2 წევრი - მამა და ძმა საფრანგეთის პოლიციამ ჩვენების მიცემის მიზნით დააკავა.

"საფრანგეთი განაგრძობს დაუნდობელ ბრძოლას ტერორისტების წინააღმდეგ და საკუთარი მოქალაქეების მაქსიმალურ უსაფრთხოებას უზრუნველყოფს", - ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი, ფრანსუა ოლანდი დღეს მომხდარს.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიესალმება პოლიციელებისა და სამხედროების მიერ გამოჩენილ მამაცობასა და ეფექტურობას. პარიზის პროკურატურამ უკვე დაიწყო გამოძიება, რათა გაირკვეს აღნიშნული ინციდენტის მოტივები და გარემოებები“, - ნათქვამია საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"