"ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი ჩვენებაში მხოლოდ ბერლინში ყოფნის კონტექსტში ვახსენე და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დანაშაულში იყვნენ ჩართული?" - კვირის პალიტრა

"ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი ჩვენებაში მხოლოდ ბერლინში ყოფნის კონტექსტში ვახსენე და ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი დანაშაულში იყვნენ ჩართული?"

"სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი არსად ფიგურირებდა და ახლა გამოჩნდა ირაკლი მამალაძის ჩვენებაში", - ამის შესახებ ე.წ. ციანიდის საქმეზე ბრალდებულის, დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ფანცულაიამ აღნიშნა, პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი აქამდე საქმეში არსად არ იყო ნახსენები, თუმცა პროკურატურამ, მთავარი მოწმე მეორედ დაკითხა და მის მეორე ჩვენებაში უკვე გამოჩნდა როგორც ოხანაშვილი, ასევე მეუფე დიმიტრი.

ადვოკატის განცხადებას ირაკლი მამალაძე გამოეხმაურა.

როგორც მან „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, მამა გიორგის ჰქონდა ოხანაშვილსა და მეუფე დიმიტრისთან კონტაქტი და „იკითხონ, რა თემაზე ეკონტაქტებოდა მათ“.

მოწმის განცხადებით, მან განმეორებითი, სრულყოფილი ჩვენება გამოძიებას დაახლოებით, ორი კვირის წინ მისცა.

„მე მეუფე დიმიტრისა და სოსო ოხანაშვილთან დაკავშირებით ჩვენება მივეცი. უფრო სწორად აღვადგინე ჩანაწერების მთელი პროცესი. მთელმა საქართველომ იცის, რომ ბერლინში იმყოფებოდნენ სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი. თუ მე ეს გვარები ვახსენე ამ კონტექსტში, ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი აპრიორი ჩართული იყვნენ ამ დანაშაულში? - აბსურდია“, - განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

მისივე განმარტებით, ასევე აბსურდია ინფორმაცია, რომ თითქოს მეუფე დიმიტრი და სოსო ოხანაშვილი „რაღაცა ჯგუფის წევრებად“ დაასახელა.

იხილეთ ასევე: "თითქოს ოხანაშვილთან ერთად მოქმედებდა და ამის უკან მეუფე დიმიტრი იდგა..."

"ინტერპრესნიუსი"