ძლიერი ქარი საქართველოში - როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი? - კვირის პალიტრა

ძლიერი ქარი საქართველოში - როგორია სინოპტიკოსების პროგნოზი?

ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა როგორც დედაქალაქში, ისე ქვეყნის სხვა რეგიონებშიც. 20 მარტს საქართველოში ქარის სიმძლავრემ გრიგალის ნიშნულს მიაღწია. გუშინ საღამოს ქარის სიჩქარემ 32 მეტრი წამში შეადგინა.

ძლიერი ქარის გამო, საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში წუხელ 200-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, დაშავებულები არ არიან.

ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ადგილზე სარეკლამო ბანერები და ხეები მოგლიჯა, ასევე საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა.

რამდენიმე შენობა დააზიანა ქარმა გორშიც. დავით აღმაშენებლის ქუჩაზე კვერნაძეების საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. ოჯახის ერთ-ერთი წევრის, ტატიანა კვერნაძის განცხადებით, ოჯახს არ გააჩნია სახსრები, რომ თავად შეაკეთოს დაზიანებული სახურავი. ნალექის შემთხვევაში კი საცხოვრებელი სახლის ინტერიერი კიდევ უფრო მეტად დაზიანდება.

საცხოვრებელი სახლების სახურავები დააზიანა ქარმა რუსთავშიც. ელექტროენერგიის გარეშე იყო დარჩენილი მე-11, მე-12, მე-17, მე-16, მე-17 მიკრო რაიონებისა და მე-11 მიკრო რაიონების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული კერძო დასახლებების რამდენიმე ათასი აბონენტი.

ძლიერმა ქარმა დააზიანა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები რუსთავში ქაშაკაშვილის ქუჩაზე, ტურგენევისა და ქუჩიშვილის ქუჩების კვეთაზე კი ელექტროგადამცემი ბოძი წააქცია.

სინოპტიკოსების ინფორმაციით, დღეს, ქარის სიჩქარე შესუსტდება და დროგამოშვებით 17 – 22 მ/წმ-ში იქნება. მათი ცნობით, 22 მარტს იქროლებს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, ნალექი მოსალოდნელია მხოლოდ ცალკეულ რაიონში.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით