"მთლიანად ქართველად ვიქეცი" - გმირად ქცეული ექიმის, იოსებ ჟორდანიას უცხოეთში გაზრდილი შვილიშვილის ფესვებთან დაბრუნება - კვირის პალიტრა

"მთლიანად ქართველად ვიქეცი" - გმირად ქცეული ექიმის, იოსებ ჟორდანიას უცხოეთში გაზრდილი შვილიშვილის ფესვებთან დაბრუნება

"თუ ადამიანი საკუთარ წარსულს არ იცნობს, მას მომავალიც ვერ ექნება"

"გაუმარჯოს ჩვენს დიდ ოჯახს, რომელიც გიორგის შემოერთებით დღეს საგრძნობლად გაიზარდა - შენ გაგიმარჯოს, ქართველო კაცოო, - წარმოთქვა მაგიდის თავში მდგომმა თამადამ - ოჯახის უფროსმა დავით ბოლქვაძემ. გიორგიმ, თითქოს ქართულად ნათქვამი გაიგოო, სუფრის ბოლოდან ღვინით სავსე ჭიქით სასწრაფოდ მისკენ გასწია, ჭიქა მიუჭახუნა და ქართულად, უცხოური აქცენტით დააყოლა: - გაგვიმარჯოსო!"

დავით ბოლქვაძისა და ლენა ჟორდანიას ოჯახში განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო - ლენასა და მის დას, ადას ესტონეთიდან, ტალინიდან უძვირფასესი ადამიანი, მათთან ერთად გაზრდილი ბიძაშვილის მანამდე უცნობი ვაჟი ეწვიათ - ესტონეთში გაზრდილი 33 წლის გიორგი ჟორდანია საგანგებოდ, სამშობლოსა და ნათესავების გასაცნობად და გმირი ბაბუის ხსოვნის პატივსაცემად ჩამოვიდა. მე კი გამიმართლა და მათი განსაკუთრებული ლხინის თანაზიარი გავხდი - იმ დღეს გიორგის მამისა და მსოფლიოში ლეგენდად ქცეული ექიმის, იოსებ ჟორდანიას ვაჟის - მოსკოვში მოღვაწე ონკოგინეკოლოგის, რეპროდუქტოლოგისა და ქირურგის, პროფესორ კირილე ჟორდანიას დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ალბათ ბევრს გახსოვთ ცნობილი გინეკოლოგისა და რეპროდუქტოლოგის, იოსებ ჟორდანიას თავგანწირვის ამბავი: ბრაზილიაში, კერძოდ, რიო-დე-ჟანეიროში სამედიცინო კონფერენციაზე მყოფი იოსებ ჟორდანია სამშობლოში ევროპის გავლით უნდა ჩამოფრენილიყო, მაგრამ... 1962 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავი DouglasDC-8-33, სადაც იგი იჯდა, გაუმართაობის გამო ვერ აფრინდა და ქალაქთან ახლოს, ოკეანეში ჩავარდა. მიუხედავად იმისა, რომ ცურვა არ იცოდა, 67 წლის იოსებ ჟორდანიამ თავისი მაშველი რგოლი უყოყმანოდ დაუთმო უბილეთოდ და მშობლების გარეშე მყოფ შეშინებულ პატარა ბრაზილიელ გოგონას, თავად კი ვერ გამოსცურა, ვერც მაშველებმა მიუსწრეს და დაიღუპა. იგი დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.

გიორგი ჟორდანია:

- თბილისში პირველად ვარ, მაგრამ საქართველოში, ფაქტობრივად, მეორედ - 6 წლის ვიყავი, ბებიასთან ერთად ბიჭვინთასთან ახლოს, ლიძავაში რომ ვისვენებდი. მაგრამ მაშინდელი თითქმის აღარაფერი მახსოვს.

- ესტონეთში გაიზარდეთ, ამდენი წლის შემდეგ საქართველოში ჩამოსვლისა და ქართველი ნათესავების გაცნობის სურვილი რატომ გაგიჩნდათ?

- ყოველთვის მწამდა: თუ ადამიანი საკუთარ წარსულს არ იცნობს, მას მომავალიც ვერ ექნება. მოკლედ რომ ვთქვა - სისხლმა იყივლა!

რასაკვირველია, ვიცოდი, ვინ იყო იოსებ ჟორდანია; რა საქმეს ემსახურებოდა; როგორ დაიღუპა; რომ მისი სახელი ლეგენდად იქცა და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ და დიდი ხანია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მამაც მიყვებოდა მის შესახებ და დედაც. იმის თქმა მინდა, რომ შორიდან ყველაფერი ვიცოდი, მაგრამ ამ დღეების განმავლობაში იმდენი რამ მოხდა და ისეთი ემოცია დამიგროვდა, ჯერ ვერ გამიცნობიერებია.

- მამის დაბადების დღეს გილოცავთ, რა ბედნიერი იყო, აქედან რომ მიულოცეთ და ყველანი ცალ-ცალკე ესაუბრეთ. როგორც მითხრეს, რუსეთში ძალიან სახელიანი ქირურგია, ფაქტობრივად - პირველიო. ეგ კი არა, დედისა და მამის მხრიდან თითქმის ყველა ექიმი გყოლიათ. თქვენ კი დიდ ოჯახს "რევოლუცია" მოუწყეთ - მათ კვალს გადაუხვიეთ. რას საქმიანობთ?

- რევოლუცია? - კი, ასეც შეიძლება ვთქვათ (იღიმის). ჟურნალისტიკის სფეროში ვმუშაობ, თუმცა ჟურნალისტი არ ვარ. ჩემი საქმე რეკლამაა, პარალელურად კი, ვსწავლობ კიდეც.

- საუბრის დასაწყისში მითხარით, მიძნელდება აქ განცდილის გადმოცემა, ალბათ, დრო უნდა გავიდეს, ყველაფერი რომ გავიაზროო. მაგრამ ფაქტები მაინც მიამბეთ: როგორ შეგხვდნენ, რომ გეცნოთ - დაფა ხომ არ ეკავათ ხელში, წარწერით "გიორგი"? როგორ მიგიღეს ან თქვენ როგორ მიიღეთ ისინი?

- პრობლემა ისაა, რომ რუსულად მიძნელდება ამის გადმოცემა, სიტყვები არ მყოფნის. თქვენ რომ ესტონური გესმოდეთ, ესტონურად მართლაც გიამბობდით ყველაფერს... თუმცა მაინც ვცდი... რომ ჩამოვფრინდი, აეროპორტში ადა, ლენა, დათო იყვნენ... მე ისინი ვერც დავინახე...

ადა ჟორდანია:

- მე მაშინვე გიცანი.

გიორგი:

- როგორ მიცანი, სახით მიმამსგავსე ვინმეს?

გიორგი მამიდებთან - ლენასა და ადასთან ერთად

ადა:

- არ ვიცი... ალბათ, სისხლმა იგრძნო, და გულმაც. ისე, მამასაც ძალიან ჰგავხარ. უკვე თვალს ეფარებოდი, სახელი რომ დაგიძახე.

გიორგი:

- და მეც იმწამს გავიგონე. თითქოს, ყველაფერი მარტივი იყო: გაცნობა, მოკითხვა, საუბარი... სხვა შემთხვევაში ურთიერთობას იოლად ვერ ააწყობ, ჩვენ კი, გეგონებოდა, დაბადებიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ნაწილობრივ ქართველი ვარ, ნაწილობრივ - ესტონელი, თუმცა ესტონელებისგან ნამდვილად განვსხვავდები. თვითონ ვგრძნობ ამას - საკმაოდ ხმამაღლა ვლაპარაკობ და ჟესტიკულაციასაც ხშირად ვიშველიებ. აქ კი, მგონი, მთლიანად ქართველად ვიქეცი - მცირე ბარიერიც არ გამჩენია ურთიერთობისას.

ადა:

- სიახლოვე პირველი წუთიდან ვიგრძენით. შევხვდით და მაშინვე ჩავეხუტეთ ერთმანეთს, მაგრამ ესეც გიორგის დამსახურებაა - ჩვენ ვიცით, როგორებიც ვართ, მაგრამ ის რომ სხვანაირი ყოფილიყო? თუმცა... ბოლოს და ბოლოს, გიორგი კირუშას შვილია და მორჩა, რაზეა ლაპარაკი!

გიორგი

- რამდენ ხანს ვიყავი გზაში, როგორ დავიღალე, თვალები მეხუჭებოდა, მაგრამ თითქოს, დავხარბდი ღამის თბილისს - საჭესთან დათო იჯდა და არ ვიცი, რამდენი წრე დავარტყით მანქანით. რაც აქ ვარ, თბილისი კარგად დავათვალიერეთ, მცხეთაც. ბაბუის საფლავზეც ვიყავით. ბევრი რამაა საქართველოში სანახავი, მაგრამ 5 დღეში ნათესავებთან ჩახუტება-მოფერებასაც და - სამშობლოსთანაც, სრულყოფილად ვერაფრით მოასწრებ! მთებით ვტკბები. მთებზე ვგიჟდები, არადა, ესტონეთში მსგავსს ვერ ნახავ, სამაგიეროდ, აქ ხომ მთებში ვარ! და ეს მთებიც ხომ ჩემია!

- აფხაზეთშიც ულამაზეს მთებს ნახავდით. იცით, იქ ორი ესტონური სოფელი იყო. ერთ-ერთის - ესტონკას ესტონელებზე ქართულ-ესტონური ფილმი "მანდარინებიც" მოგვითხრობს...

- "მანდარინები"? როგორ მიყვარს ეს ფილმი! ჩვენთან ძალიან პოპულარულია. სამჯერ ვნახე... რაც შეეხება საქართველოს - ვერ წარმოიდგენთ, რამდენი ხანია, მინდა აქ ჩამოსვლა, თუმცა მხოლოდ ახლა შევძელი. ესტონეთში იციან, რომ ქართველი ვარ, სახელითა და გვარით მაშინვე ხვდებიან, ქართველებზე რაღაცებს მეკითხებიან, მაგრამ ძნელია, ქართველებზე ილაპარაკო, თუკი თავად არ იცნობ მათ. ამიტომაც მოვინდომე, რადაც უნდა დამჯდომოდა, ჩემი ქვეყანა და ხალხი გამეცნო.

იოსებ ჟორდანია ვაჟთან - კირილესთან ერთად

- ადა, როგორი იყო იოსებ ჟორდანია, გახსოვთ?

- შესანიშნავი ადამიანი იყო, განსაკუთრებულად ყურადღებიანი. 11 წლის ვიყავი, როცა დაიღუპა, ამიტომ ძალიან კარგად მახსოვს. მახსოვს, მისი ლაპარაკის სტილი, ქცევა, ბავშვებთან დამოკიდებულება... არაჩვეულებრივ ოჯახში გაიზარდა - გამოჩენილი მეცნიერის, ისტორიკოს თედო ჟორდანიას შვილი იყო. რუსეთში სწავლობდა, წლების განმავლობაში იქვე მუშაობდა, 5 ენა იცოდა, საბჭოთა კავშირის არმიის მთავარი გინეკოლოგი იყო, მაგრამ... წარმოგიდგენიათ? ყველაფერი მიატოვა, მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნდა და სწორედ აქ შექმნა მსოფლიოში პირველი - ქალის ფიზიოლოგიური და პათოლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი. მხოლოდ მას შემდეგ შეიქმნა ანალოგიური ინსტიტუტი სან ფრანცისკოში (ბაბუაზე საუბრისას გიორგიმ აშკარად ვეღარ შეაკავა ემოცია და რამდენჯერმე ჩუმად შეიმშრალა ცრემლი. - ავტ.).  გიორგი ამ ყველაფერს დღეს იგრძნობს, იმიტომ, რომ უკვე საკმაოდ დიდია და იმიტომ, რომ ჟორდანიების უძლიერესი გენის გამგრძელებელია. როცა უნდა, რამდენი ხნით და ვისთან ერთადაც უნდა ჩამოვა აქ და იცხოვრებს. მას საქართველოში ჩვენ ვყავართ და აქ მისი სახლია!

გიორგი:

- ვიცი და მადლობელი ვარ... ნამდვილად მიფიქრია, საქართველოში მქონოდა სახლი... ბევრჯერ მიფიქრია... დღეს აქ ვზივარ, ამ მაგიდასთან და ვსაუბრობ ადასთან, ლენასთან და, თითქოს, ერთმანეთისგან შორს ყოფნის 33 წელიწადი არც არსებულა. და ასე იქნება ყოველთვის, მუდამ...

ირმა ხარშილაძე (სპეციალურად საიტისთვის)