მანქანა იარაღის მუქარით წაართვეს და გაიტაცეს - კვირის პალიტრა

მანქანა იარაღის მუქარით წაართვეს და გაიტაცეს

საბურთალოზე ავტომობილის გატაცების მცდელობისთვის სამართალდამცველებმა ორი პირი დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ნაპოვნია გატაცებული ავტომობილი. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნულმა პირებმა საბურთალოზე იარაღის მუქარით მამაკაცს "ბე-ემ-ვეს" მარკის ავტომობილი წაართვეს და გაიტაცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საბურთალოზე მომხდარი ყაჩაღობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ორი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1995 წელს დაბადებული გ.რ. დააკავეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შს სამინისტროდან აცნობეს, გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე,

მოქალაქე ლ.შ.-ს, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით, ოქროს ნივთები, ძვირადღირებული სათვალე, მაჯის საათი და ავტომობილი გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულები თბილისში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული ნივთები და ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღო. უწყების ინფორმაციით, დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიული ღონისძიებები გრძელდება.

გამოძიება ყაჩაღობის, გამოძალვისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე საქართველოს სსკ-ს 179-ე, 236-ე და 181-ე მუხლებით მიმდინარეობს.