"წმინდა ნინომაც ბევრი იწვალა" - რატომ ვერ ხერხდება წმინდანის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება?! - კვირის პალიტრა

"წმინდა ნინომაც ბევრი იწვალა" - რატომ ვერ ხერხდება წმინდანის ცხოვრებაზე ფილმის გადაღება?!

"ფარ-ხმალი არ დაგვიყრია! ძალიან უნდოდა საქართველოს პატრიარქს "წმინდა ნინო" გადაგვეღო და ხომ გესმით, ეს რამდენს ნიშნავს"

"ამ ცოტა ხნის წინ ავიღე პრიზი ჰოლივუდის კინოს საერთაშორისო ფესტივალზე... ახლა კიდევ ახალი ფილმის გადაღებას ვიწყებ, მაგრამ ჩემი სული და გული მაინც "წმინდა ნინოსკენ" არის. ეს ფილმი უნდა გადავიღოთ!" - ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორი, გიორგი კერესელიძე... რა მდგომარეობაშია "წმინდა ნინოს" გადაღების პროცესი, რომელსაც საქართველოში განსაკუთრებული ინტერესით ელოდნენ?

გიორგი კერესელიძე:

- სამწუხაროდ, ფილმის "წმინდა ნინო" გადაღება შეჩერებულია, რადგან დღესაც თანხებს ვეძებთ. ამიტომაც პარალელურად სხვა ფილმებზე ვმუშაობდი... გადავიღე 16-წუთიანი ფილმი "სოლო", რომელიც იმდენად წარმატებული გამოვიდა, რომ უკვე 12 პრიზი ავიღეთ... კვიპროსის საერთაშორისო ფესტივალზე იყო ფილმი წარდგენილი, სადაც გადმომცეს პრიზი საუკეთესო რეჟისურისთვის. ასევე ავიღე პრიზი ჰოლივუდის კინოს საერთაშორისო ფესტივალზე და ა.შ. ახლა კიდევ ახალი ფილმის გადაღებას ვიწყებ, მაგრამ ჩემი სული და გული მაინც "წმინდა ნინოსკენაა". სხვა ფილმებს იმიტომ ვიღებ, რომ ამხელა ფესტივალებზე გამარჯვების შემდეგ რეჟისორი უფრო ცნობილი ხდება და ინვესტორებიც უფრო სერიოზულად უყურებენ. ვიმედოვნებ, აუცილებლად გამოჩნდება ვინმე და ამ ისტორიული ფილმის შექმნას დაუდგება გვერდით.

- გვიამბეთ ფილმზე, რომელმაც წარმატება მოგიტანათ...

- ფილმი ჯერ კიდევ ფესტივალებზე დამოგზაურობს. მასში ფრანგი და ამერიკელი მსახიობები თამაშობენ. ინტერნაციონალური ფილმია, ვფიქრობ, ყველა ეროვნების ადამიანისთვის გასაგები...

- "წმინდა ნინოს" გადაღება როდის განახლდება?

- იმედიანად ვარ, რომ მალე... ფარ-ხმალი არ დაგვიყრია! ძალიან უნდოდა საქართველოს პატრიარქს "წმინდა ნინო" გადაგვეღო და ხომ გესმით, ეს რამდენს ნიშნავს. ჯერჯერობით შეჩერებულია, მაგრამ ყველაფერი უფლის ნებაა და აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება... სამწუხაროდ, გარდაიცვალა ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი -ზურაბ ბეგალიშვილი. მისი შემცვლელის პოვნა ალბათ ძალიან გართულდება. ასევე გარდაიცვალა ოთარ კობერიძეც, რომელსაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი უნდა ეთამაშა.

წმინდა ნინოს როლზე სამი წლის წინ, მოგეხსენებათ, გადასარევი გოგო ვიპოვე - ნიცა კაპანაძე, რომელიც გაიზარდა, გათხოვდა და ახლახან შვილიც შეეძინა... არადა, ნინოს როლზე მჭირდება 16 წლის გოგონა, ბავშვური სახით. ამიტომ თავიდან უნდა ვეძებო ამ როლისთვის შესაფერისი ქალიშვილი. არ ვიცი, შეიძლება კაბადოკიაშიც ჩავიდე და იქ ავარჩიო შესაფერისი პერსონაჟი...

მოკლედ, ისე გამოდის, რომ ფილმისთვის კასტინგი თავიდან უნდა ჩავატარო. მთელი გუნდი არაჩვეულებრივად იყო შერჩეული, მაგრამ რადგან წლების განმავლობაში თანხები არ გამოჩნდა, დრო არ ჩერდება - ადამიანები იზრდებიან, იცვლებიან, ბერდებიან და სამწუხაროდ, გვტოვებენ კიდეც... ბევრს ვლოცულობ, გულს არ ვიტეხ და ვიცი, რომ ასეთი კეთილი და დიდი საქმეები ადვილად არ გამოდის.

წმინდა ნინო რომ შემოვიდა საქართველოში, მანაც ძალიან ბევრი იწვალა, ვიდრე ხალხს გააქრისტიანებდა...

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)