"სააკაშვილს აყვედრიდით პარლამენტის შენობაში 360 მილიონი დახარჯაო და ახალი სამთავრობო ქალაქის აშენება რამდენი დაჯდება ?" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილს აყვედრიდით პარლამენტის შენობაში 360 მილიონი დახარჯაო და ახალი სამთავრობო ქალაქის აშენება რამდენი დაჯდება ?"

სამთავრობო ქალაქი - აუცილებლობა თუ არამიზნობრივი ხარჯი?!

ჩვენი საზოგადოება გვარიანად დააბნია მთავრობის ინიციატივამ, რომლის მიხედვითაც ორთაჭალაში, ბიზნესსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამთავრობო ქალაქის აშენება იგეგმება, ხელისუფლების განმარტებით, ეს იქნება ერთიანი სამთავრობო სივრცე, რომელშიც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, უკვე შენდება ერთიანი მომსახურების ოფისი - ბიზნესსახლი, თუმცა, მომსახურების კიდევ უფრო გაიოლების მიზნით, მთავრობის გადაწყვეტილებით, სამთავრობო ქალაქის მოცულობითი პროექტი განხორციელდება.

"გამოიყო ძალიან დიდი ტერიტორია, სადაც სამინისტროები იქნება გადატანილი. ეს ერთის მხრივ იქნება ძალიან კარგი, რადგან ქალაქის ცენტრში გამოთავისუფლდება ბევრი საოფისე სივრცე თუ ადგილი სასტუმროსთვის, ხოლო, მეორეს მხრივ, წახალისდება მშენებლობის სექტორი. მოცულობითი სივრცის აშენება იგეგმება. ორთაჭალის იმ უბანში თავს მოიყრის პრაქტიკულად ყველა სამინისტრო, ერთეული გამონაკლისების გარდა, რაც უზრუნველყოფს როგორც იურიდიული, ისე ფიზიკური პირებისთვის მომსახურების თვისობრივად სხვა ეტაპზე გადასვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი და მის დაწყებას მივესალმები", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა პროექტის ერთ-ერთ დადებით ნიშნად სამშენებლო სექტორის წახალისება დაასახელა.

ამა თუ იმ გეგმის ავ-კარგზე სასაუბროდ საჭიროა მეტი ინფორმაცია და პასუხი კითხვებზე, რაც ჩნდება:

რა თანხა დასჭირდება ახალი სამთავრობო ქალაქის აშენებას?

ამგვარი ერთიანი სამთავრობი სივრცის შექმის შედეგად რა ოდენობის ფინანსების ოპტიმიზაციაზეა შეიძლება მოხერხდეს? და ა.შ.

ჯერჯერობით ამ ყველაფერზე კონკრეტული პასუხები არ ჩანს, თუმცა მოვისმინეთ ზოგადი განმარტებები. მაგალითად, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა მხოლოდ ხარჯების ხარჯთეფექტურობის დათვლის შემდეგ დაიწყება.

"ეს არის გარკვეული ტერიტორია, სადაც იმ შემთხვევაში, თუ სივრცითი მოწყობის და ეკონომიკური დასაბუთების ნაწილში, რაც პირველ რიგში არის ხარჯთეფექტურობის და ხარჯების ოპტიმიზაციის კრიტერიუმი იქნება პირველი. ეს ყველაფერი დადასტურდება ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების საშუალებით და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება ეს ყველაფერი აშენებული," - განაცხადა მან.

ინიციატივას საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა, ძირითადად ისმის კითხვა:

როდესაც ქვეყნაში სოციალურ-ეკონომიკური ფონი კვლავაც ასეთი მძიმეა, რამდენად სწორია ამგვარი პროექტების განხორციელება?

ექსპერტი გია ხუხაშვილი "ბიზნესპრესნიუსთან" აცხადებს:  "არ ვამბობ რომ პროექტი ცუდია, მაგრამ კითხვის ნიშნები მაქვს თუ რამდენად დროულია". მისივე შეფასებით, პროექტს პოზიტიური მომენტები ნამდვილად აქვს, მაგრამ ქვეყანაში, სადაც სოციალური რისკები ყოველდღიურად იზრდება, ასეთ პროექტებზე საუბარი არ შეიძლება.

"ასეთი ქალაქის არსებობა თეორიაში ცუდი არ არის, მაგრამ შესასწავლია მისი ეკონომიკური ნაწილი. ცოტა ბუნდოვანია მშენებლობის წყარო, თუმცა, ფაქტია რომ ბიუჯეტს დააწვება და მის დეფიციტს კიდევ უფრო გაზრდის. მეტიც, ეჭვი მაქვს არც ხელისუფლებას აქვს ზუსტი წარმოდგენა, თუ როგორი იქნება მთელი ამ სპეცოპერაციის შესახებ საბოლოო ფინანსური ბალანსი,"- ამბობს ხუხაშვილი.

მისივე თქმით, ეს არის ერთჯერადი ოპერაცია და არანაირი კავშირი ეკონომიკურ განვითარებასთან არ აქვს.

"ბიზნესის ხელშეწყობა - არის კატასტროფული არგუმენტი, რაც ყველა ხელისუფლებას მიყვება. ეს არის პირდაპირი აღიარება, რომ ქვეყანაში კერძო სექტორი ვერ ვითარდება და აუცილებლად სახელმწიფომ უნდა მოიგონოს ისეთი პროექტები, რაც სამშენებლო ბიზნესისთვის სტიმული გახდება. ხომ არ შეიძლება, სულ სახელმწიფო შეკვეთების პრიზმაში უყურებდნენ ეკონომიკის განვითარებას,"- ამბობს ხუხაშვილი.

თბილისის საკრებულოს დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ახალ ინიციატივას "ფეისბუკის" პირად გვერდზე გამოეხმაურა:

"თბილისი არის თვითმმართველი ქალაქი, რომელსაც ჰყავს პირდაპირი წესით არჩეული მერი. შესაბამისად, მის ტერიტორიაზე "მთავრობის ქალაქი" უნდა აშენდეს თუ სამთავრობო "დისნეილენდი" ეს უნდა გადაწყვიტონ თბილისის მერმა და საკრებულომ. მერიას და საკრებულოს კი არავინ არაფერი ჰკითხა, მთავრობის სხდომიდან გავიგეთ ეს "გენიალური" პროექტი. ასევე, დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ქალაქის გენერალური გეგმის შემუშავება და დამტკიცება არავის აინტერესებს და ყველა თავის ნებაზე უბერავს. ჰკითხა ვინმემ გენ. გეგმის ჯგუფს ასეთი სამთავრობო ქალაქი მაინცდამაინც ორთაჭალაში რომ უნდა განლაგდეს? კვირიკაშვილია ურბანისტი, თუ გახარია?!"

უფრო კრიტიკულია საკუთარ შეფასებაში ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია, რომელმაც ასევე სოციალურ ქსელში დაწერა:

"ორთაჭალაში სამთავრობო ქალაქის მშენებლობა იწყება, სადაც პრაქტიკულად ყველა სამინისტრო განთავსდება, ერთეული გამონაკლისის გარდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის  სხდომაზე განაცხადა.

თქვენ ნორმალურები ხართ საერთოდ? დღევანდელ პირობებში ასეთი მნიშვნელოვანი ხარჯების დროა? სადაც მუშაობთ, იქიდანაც კი უნდა გამოგყაროთ წესით ხალხმა, ახლა კიდევ ეს უზარმაზარი ხარჯები?

"ნაცების" კაბინეტებზე რომ ლაპარაკობდით და არამიზნობრივ ხარჯებზე, ახლა თქვენ მადა მოგემატათ, ხომ?"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი კი წერს:

"ზოგადად დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ სააკაშვილს სულ იმას აყვედრიდით პარლამენტის შენობაში 360 მილიონი დახარჯაო და ახალი სამთავრობო ქალაქის აშენება რამდენი დაჯდება და რაც მთავარია, რამდენად საჭიროა?"

 

ფოტოზე: ბიზნესსახლის ვირტუალური მაკეტი. სწორედ მის გვერდით იგეგმება სამთავრობო ქალაქის აშენება.

მოამზადა ანა გიორგაძემ