"კოლხი ქალები მოდას არ ჩამორჩებოდნენ"
ნესტიანობის გამო აჭარის სამარხებში ჩონჩხის ნაშთები აღარ არსებობს. სამაგიეროდ, თიხას, ლითონის იარაღსა და სამკაულს ნესტი ვერაფერს აკლებს. ათასწლეულების წინანდელი ოქრო ისე ბრწყინავს, თითქოს გუშინდელი იყოს
იასონმა ოქროს დამზადების საიდუმლო კოლხი ქალისვე ხელით მოგვტაცა!.. არ მეგულება ქართველი, ვინც ამ ლეგენდას არ გაებრაზებინოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ბერძნები ქართული ოქროთი პატიოსნადაც ვაჭრობდნენ, კოლხები, რომლებიც ლითონის ჭედვის ხელოვნებას ძველ ბერძნებზე ადრე დაეუფლნენ, თავიანთ ნაკეთობებში ელინურ კულტურას ძალიან დიდ ადგილს უთმობდნენ. ასე იქმნებოდა კოლხური ოქროს შედევრები. სამწუხაროდ, ამ შედევრების დიდი ნაწილი დრომ სამუდამოდ გააქრო; ნაწილმა ჩვენამდე მოაღწია; მაგრამ არის ისეთებიც, რომლის შესახებ უმრავლესობას არაფერი გაგვიგია... თუ ოდესმე ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმის ოქროს ფონდში მოხვდებით, თვალწინ აქამდე უცნობი, ოქროს ათასწლოვანი სამყარო გადაგეშლებათ, იქაურობას აჭარაში აღმოჩენილი კოლხი ქალების სამკაულები ასხივებს. მუზეუმის ხელმძღვანელი, პროფესორი ამირან კახიძე კი ბევრ საოცარ ამბავს მოგიყვებათ...
- აჭარაში არქეოლოგიური გათხრები 1968 წელს დაიწყო და გარემოების შესაბამისად გრძელდებოდა. აჭარა ოქრომრავალი კოლხეთის განუყოფელი ნაწილია, - გათხრების დაწყებისთანავე აღმოვაჩინეთ ოქროს სამკაულები სოფელ მახვილაურში, ძვ. წ. VIII-VII სს-ის სამარხში ვერცხლის სამკაულებთან ერთად ოქროს მძივიც იყო. თანაც მიწის ზედაპირიდან მხოლოდ 120 სმ-ზე.
- გასაკვირია, რომ მიწის ზედაპირთან ასე ახლოს სამარხები გაუძარცვავი რჩებოდა.
- ჩვენი სამარხები ხომ პირამიდები არ იყო, ვინმეს ეჭვი მიეტანა, აქ განძი ინახებაო... ზოგადად კი ამ ეპოქის სამკაულები შედარებით სადაა, მახვილაურში აღმოჩენილი მძივიც ასეთია, მაგრამ სისადავე მის ბრწყინვალებას ვერაფერს აკლებს... შემდეგ ერთმანეთის მიყოლებით გაიხსნა ფიჭვნარის სამარხები. აქ აღმოჩენილი ჩვ.წ. VI-IV საუკუნის ნაკეთობები ხელოვნების ნიმუშებია. ეს გახლავთ ამაღლებული კლასიკის ეპოქა, როცა ქართველებს მაშინდელ ცივილიზაციაში დიდი როლი გვქონდა.
- ძვ.წ. V საუკუნეში ჰეროდოტე ამბობს, კოლხები, მიდიელებთან და სასპერებთან ერთად მსოფლიოს `აზანზარებდნენ~, ლამაზებიც იყვნენ: თმახუჭუჭები და შავგვრემანები.
- დიახ. ამ პერიოდში კოლხებს გაცხოველებული ურთიერთობა ჰქონდათ ელინებთან - ვაჭრობა, პროდუქციის გატან-გამოტანა, ფულის გაცვლა. პარალელურად, კოლხეთში, ზღვის სანაპიროზე ჩნდება ბერძნული დასახლებები, რომელთაც საბერძნეთიდან თავიანთი ოქროს სამკაულებიც შემოაქვთ, თუმცა, კოლხეთში უკვე იმდენი ოქროს სამკაული მზადდებოდა, ბერძნები მათი ყიდვის ცდუნებას ვერ უძლებდნენ. ფიჭვნარში, ბერძნულ ნეკროპოლებში, ბერძნულ ოქროს ბეჭდებთან ერთად კოლხური სამკაულებიც აღმოჩნდა.
სწორედ ფიჭვნარში აღმოჩნდა ნახევარმთვარის ფორმის ოქროს საყურე, რომლის მსგავსი არც ელინურ, არც კოლხურ კულტურაში არ იძებნება - შესაკრავში ყუნწი ისე ჩადის, რომ სხივების ფორმას იძენს.
- ფიჭვნარი ზღვის სანაპიროსთან იმდენად ახლოა, გასაკვირია იქ სამაროვნების გადარჩენა - სინესტემ როგორ დაინდო?
- ნესტიანობის გამო აჭარის სამარხებში ჩონჩხის ნაშთები მართლაც აღარ არსებობს. სამაგიეროდ, თიხას, ლითონის იარაღსა და სამკაულს ნესტი ვერაფერს აკლებს. ათასწლეულების წინანდელი ოქრო ისე ბრწყინავს, თითქოს გუშინდელი იყოს.
თამარ შალიკაძე, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი: - სულ რამდენიმე წლის წინ ხელვაჩაურის სოფელ კაპანდიდში სანადიროდ მიმავალმა გლეხმა მთის ფერდობზე რომაული ეპოქის I-II საუკუნეების ისეთი მშვენიერი ოქროს სამაჯური და ჩიტებით გამშვენებული ოქროს ბალთა იპოვა და ჩაგვაბარა, რომ მისმა სილამაზემ გაგვაოცა. ამ გლეხს საკუთარი ქვეყნის ისეთი სიყვარული აღმოაჩნდა, რომელიც ოქროს ფასზე მეტია...
ერთ სამარხში III საუკუნის კოლხი ქალის უძვირფასესი სამკაულები აღმოვაჩინეთ. ამ პერიოდის სამარხებში უკვე ოქრო აღარ არის, მაგრამ ეს ქალი ალბათ ძალიან მდიდარი უნდა ყოფილიყო, რომ ამდენი ოქრო ჩაატანეს. ეს ქალი იმდროინდელი მოდის მიმდევარიც უნდა ყოფილიყო - საყურეები, რომელიც სამარხში აღმოჩნდა, ურბნისის პიტიახშების სამაროვანშიც იპოვეს და უნგრეთშიც! არც ერთი ეს ეგზემპლარი იდენტური არ არის, რადგან იმხანად სამკაულებს სერიულად არ აწარმოებდნენ, უბრალოდ, ასეთი საყურეები მსოფლიო მოდა გახლდათ და კოლხი ქალებიც ამ მოდას არ ჩამორჩებოდნენ!
ეთერ ერაძე