"სააკაშვილიც და გვარამიაც რისკიანი მოთამაშეები არიან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანდასახევი უკვე აღარ აქვთ" - კვირის პალიტრა

"სააკაშვილიც და გვარამიაც რისკიანი მოთამაშეები არიან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანდასახევი უკვე აღარ აქვთ"

"ყარამანიშვილებმა დაადასტურეს, რომ "რუსთავი 2" არც არასდროს ყოფილა მათი, არაც არაფერი გადაუხდიათ შეძენისას, არც არაფერს ელიან (კარგს!)"

"რუსთავი -2"-ში ნაქურდალის გადანაწილების ეს ტელეშოუ რასაც ემსახურებოდა, მგონი, ყველა ხვდება"

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გარშემო მითქმა- მოთქმა არ წყდება.

(იხილეთ:"ვის რამდენი პროცენტი შეხვდება, მერე ეს პროცენტი რამდენს დაწერს, ვინ როგორ იხეირებს, ეთერში უნდა გადიოდეს?" - რა ხდება "რუსთავი 2" -ის თავს?!)

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო მოსაზრებას "ფეისბუკიდან:

ზაალ ანჯაფარიძე, ექსპერტი:

"რაღაც უჩვეულოდ ბევრი "უპრეცედენტო" რამ ხდება "რუსთავი-2"-ს ირგვლივ. ჯერ სტრასბურგის სასამართლოს "უპრეცედენტო" ვერდიქტი და ეხლა "მფლობელების" "უპრეცედენტო" გადაწყვეტილება ტელევიზიის საკონტროლო პაკეტის (51%) კოლექტივისათვის უსასყიდლოდ გადაცემაზე. ან გამორჩეული ალტრუისტი უნდა იყო ან უბრალოდ გიჟი, რომ საკუთარი შრომით და ოფლით ნაშოვნი ფულით შეძენილი მილიონებად ღირებული ქონება, ვინმეს ასე აჩუქო, თან კიდევ იმას, ვინც შეურაცხმყოფელი ულტიმატუმებით მოითხოვს შენგან მომეციო. ყარამანაშვილები კი არც ალტრუისტები არიან და არც გიჟების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მგონია, ამით უფრო ის აჩვენეს, რომ "რუსთავი-2" საკუთარი ფულით არ შეუძენიათ. ხოლო, "რ-2"-ში ნაქურდალის გადანაწილების ეს ტელეშოუ რასაც ემსახურებოდა, მგონი ყველა ხვდება".

სოციალურ ქსელში სოლომონ ტერნალელის სახელით ცნობილი, ზვიად კირტავა აქვეყნებს ჩანაწერს, სახელით: "წილობანა", რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"ვისაც საკუთარი შრომით ნაშოვნი მანეთიანის გამო ლამის ცეცხლში შევარდნილი გლეხის შვილი და მამამისის კმაყოფილი სიტყვები გახსოვთ - "აი, ახლა კი მჯერა, რომ ეგ შენი შრომით ნაშოვნიაო", ალბათ, ყველა კარგად ხვდებით, რომ ყარამანიშვილებმა თავისი წინადადებით (51%-ის თანამშრომელებისათვის გადაცემის თანხმობაზე) აშკარად დაადასტურეს, რომ "რუსთავი 2" მათზე არამია - არც არასდროს ყოფილა მათი, არაც არაფერი გადაუხდიათ შეძენისას, არც არაფერს ელიან (კარგს!) ამ ტელევიზიიდან და, და საერთოდ, "მათი განცხადებებებიც" მათი დაწერილი არაა!

ყარამანიშვილებს და "ნაცმოძრაობას" რომ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებისთვის გადაცემა სდომოდათ როდესმე, ამისთვის ძალიან ბევრი დრო ჰქონდათ ("ნაცმოძრაობას" - 12 წელი). ქველმოქმედება და სამართალი მათთვის აბსოლუტურად უცნობი ხილია. ეს ქველმოქმედება კი არა, მორიგი ხვრელმოქმედებაა!

ახლა შორიდან კი ჩანს ისე, რომ თითქოს თავისუფალი მედიის ისტორიაში მორიგი "უპრეცედენტო ამბავი" ხდება (უკვე, მინიმუმ ორგზის "გინესოსანია" რუსთავი2!), მაგრამ ვფიქრობ, ამ გადანაწილების ნამდვილი მიზანი შემდეგია:

  1. "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს გვარამიამ 2.5%-იანი წილების იმიტომ აუფრიალა, რომ ჟურნალისტების მისდამი ლოიალობა განამტკიცოს. (დარწმუნებული ვარ, რაღაც ეტაპზე ამ ახლადსაშობი სააქციო საზოგადოების წესდებაში მის მიერ დაფასებული იურისტების მიერ ისეთი მცირედ შესამჩნევი, მაგრამ ძლევამოსილი ფრაზა ჩაიწერება, რომელიც ისევე უგვირგვინო მეფედ აქცევს გვარამიას, როგორც აქამდე იყო, ლოიალობა და რწმენა კი ძალიან საჭირო იქნება მაშინ). ეს განსაკუთრებით სჭირდება იმის გათვალისწინებით, რომ ხალვაშისაგან განსხვავებით, დვალის და აქიმიძის მიმართ "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტების ნდობა და დამოკიდებულება გაცილებით უკეთესია და სწორედ დვალის და აქიმიძის შესაძლო გავლენის დასამსხვრევადაა მოფიქრებული ეს მაცდური წინადადება. მარქსის შემდეგ ხომ ცნობილია, რომ კაპიტალი სულ სხვანაირად ცვლის ადამიანის ფსიქოლოგიას... თუ ადრე გარანტირებული და მაღალხელფასიანი სამუშაო ადგილი იყო მათი ოცნების მწვერვალი, აწი, სხვა რამეც დაესიზმრებათ...
  2. საზოგადოებაში შექმნას ილუზია, რომ სწორედ "რუსთავი 2" არის არა მარტო თავისუფალი მედიის სიმბოლო, არამედ უკვე - თავისუფალი ბიზნესის სამართლიანი მართვის პიონერიც. და არ არის გამორიცხული ამ "მაგალითით" სხვა დიდ ბიზნეს-კორპორაციებშიც სცადოს თანამშრომელთა "აღფრთოვანება". ეს სცდება "რუსთავი 2"-ის საქმეს და სააკაშვილისეული რევოლუციური აღტყინების ზვავის გამოწვევის მცდელობასაც ჰგავს.
  3. კიდევ უფრო განამტკიცოს არასამთავრობო სექტორის, მედიაექსპერტების, აკადემიური წრეების თანადგომა "რუსთავი 2" -ის საქმის სტრასბურგის სასამართლოს მიერ არსებითი განხილვის წინ, გააძლიეროს რა თეზა, რომ მედიის თავისუფლება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე საკუთრების უფლება.
  4. რამდენადაც "რუსთავი 2"-ის ქონება დაყადაღებულია, რა თქმა უნდა, ვერავითარი ცვლილება რეესტრში ამჟამად ვერ შევა, რაც არ უნდა დარეგისტრირდეს და როგორი თანხმობაც არ უნდა ჰქონდეთ ახალ მოწილეებს ყარამანიშვილებისგან. სამაგიეროდ, ამ პროცესში (არასასამართლო პროცესს ვგულიხმობ) ხალვაშის მოწინააღმდეგედ დღეიდან იქნებიან არა ვირტუალურ-ინერტული ყარამანიშვილები, რომლებთაც გვარამია დასანახად ვერ იტანს, და სააკაშვილიც, ალბათ, აღარ ენდობა, არამედ უეცრად ბედისკალთადაბერტყილი 40 ჟურნალისტი (და მათ უკანმდგომი სხვა თანამშრომლებიც, მათი ოჯახებიც) ასევე საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც "რუსთავ 2" - ის ოპოზიციურობას ნამდვილად საზოგადოებრივ სარგებლად მიიჩნევს და აქამდე თუ სააკაშვილის და გვარამიას ფაქტორი, ცოტა აეჭვებდათ, ახლა მყისიერად დაიჯერებენ, რომ "რუსთავი 2" უკვე ჭეშმარიტად დამოუკიდებელ და არაპარტიულ (!) ტელევიზიად იქცა - ასე რომ, ახლო მომავალში საპროტესტო აქციებზე ხალხთა რაოდენობა და გამომსვლელთა ჟინი მოიმატებს.

დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ეს სცენარი ნამდვილად არაორდინალურია, და ვნახოთ, როგორ განვითარდება იგი. აშკარაა, რომ ასეთ გამბედავი სცენარები და "მსხვერპლშეწირვები" რამდენადაც ეფექტურია, იმდენადვე - საკმაოდ რისკიანიც (მე სპეციალურად არ შევჩერდები რისკების ანალიზზე - თავად იფიქრონ, თანაც არ მინდა რუსთავი2-ის ჟურნალისტებმა შურიან მტრად ჩამთვალონ და თქვან - დაგვაძახაო!). თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილიც და გვარამიაც რისკიანი მოთამაშეებია და თან ისიც გასათვალისწინებელია, რომ უკანდასახევი (სააკაშვილს მაინც) უკვე აღარაფერი აქვს!

P.S. ჰო, მართლა, თუ ეს პროცესი წარმატებული იქნება, თანამშრომლებზე გაცილებით მეტად მოგებული გვარამია რომ იქნება, ეჭვი არ შეგეპაროთ! ხოლო, თუ ეს პროცესი კრახით დამთავრდა, გვარამია ნამდვილად 2020 წლამდე დატოვებს თავის პოსტს და დიდი შანსია, რომ საიდუმლო კონტრაქტით გარანტირებული ის 5 მილიონი დოლარი მიიღოს! ჰოდა, მაშინაც არ იქნება წაგებული, გამოდის! როგორც პუშკინი ამბობდა - ""Ай да Пушкин!"

რაც შეეხება "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებს, წარმატებებს ვუსურვებ! იმედია, იმის იმედზე არ დარჩებიან, რომ სააკაშვილი, გვარამია და სხვა ასეთი ფანტასტიურად "ქველმოქმედი" ადამიანები ყოველთვის მათზე ზრუნავენ და მათი ბედნიეებისათვის იღწვიან... რადგან პროცესის მონაწილეები გახდით, მეტი იურიდიული განსწავლულობა ნამდვილად არ გაწყენთ!"