"უკან საბჭოთა კავშირისკენ" - რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების შემცირება? - კვირის პალიტრა

"უკან საბჭოთა კავშირისკენ" - რატომ გადაწყვიტა ხელისუფლებამ მუნიციპალიტეტების შემცირება?

სულ მალე შესაძლოა საქართველოს რამდენიმე თვითმმართველ ქალაქს ეს სტატუსი გაუუქმდეს. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის განცხადებით, "ჩვენი ქვეყანა პატარაა და არ გვაქვს ფუფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ".

მისი თქმით, თვითმმართველი ერთეულების შემცირებასთან დაკავშირებით ჯერჯერობით საუბარი მიმდინარეობს და გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შეიძლება.

„საუბარი არ არის იმაზე, რომ ჩვენ რაიმე დეცენტრალიზაციას ვასუსტებთ ან უკან ვდგამთ ნაბიჯებს - ეს არასწორია. ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ადრე იყო შვიდი თვითმმართველი მუნიციპალიტეტი, რომელიც გაიყო და მივიღეთ ზუგდიდის, გორის, ახალციხის, ამბროლაურის, თელავის და მცხეთის თვითმმართველი ერთეულები. ამ ქალაქებზეა აქ ლაპარაკი.

თვითმმართველობის რეფორმა, რომელიც განხორციელდა, ძალიან წარმატებულია. ჩვენ მივიღეთ არჩეული გამგებლები და მერები. თვითმმართველობა გახდა დამოუკიდებელი. მათ რესურსებზე მეტი წვდომა აქვთ. დეცენტრალიზაცია სწორედ ამას ნიშნავს. საპილოტე ნაწილი იყო ისიც, რომ გაიყო შვიდი თვითმმართველი ერთეული და გახდა 14. ამის მიზანი იყო ის, რომ მოსახლეობას ჰქონოდა უკეთესი ხელმისაწვდომობა თვითმართველობასთან. გაუმჯობესებულიყო ხარისხი თვითმართველობაში. ჩვენ რასაც ვაკვირდებით, არც ერთ ამ მიმართულებაში წინსვლა არ გვაქვს. საკითხიც სწორედ აქედან გამომდინარე დაისვა. მსჯელობის საგანია, რომ გადავხედოთ ამ გადადგმულ ნაბიჯებს. დეცენტრალიზაცია ნიშნავს მეტი სერვისების გადაცემას მუნიციპალიტეტებისთვის, მეტ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

თვითთმართველობაში განხორციელებული ცვლილებებით, ხარჯები გაიზარდა 40 მილიონით. აქედან 60 პროცენტზე მეტი არის ადმინისტრაციულ ხარჯებში, მცირე ნაწილი არის კაპიტალურ ხარჯებში წასული. ადმინისტრაციული ხარჯების ზრდის პროპორციულად არ მოხდა კაპიტალური ხარჯების ზრდაც. ჩვენი ქვეყანა პატარაა და არ გვაქვს ფუფუნება დიდი ბიუროკრატია შევინახოთ. აუცილებეულია ბიუროკრატიაში ხარჯების ოპტიმიზაცია გავაკეთოთ, რომ სოფლებში გზები ვაშენოთ, წყალი გავიყვანოთ, მოსახლეობას მეტი დოვლათი შევუქმნათ და შესაძლებლობა მივცეთ განვითარების. თუ რეგიონებში ინფრასტრუქტურა არ განვითარდა სწრაფად, რეგიონები თავისთავად და თვისობრივად ვერ განვითარდებიან. ეს არის ის ზოგადი საკითხები, რის გამოც ეს მსჯელობებიც დაიწყო. გადაწყვეტით არაფრის თქმა არ შემიძლია," - განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

ოპოზიცია თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირებას სკეპტიკურად აფასებს.

გიორგი ტუღუში, "ევროპული საქართველოს" წევრი:

"ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განვითარება და ჩვენი ხედვა არის, რომ რაც შეიძლება მეტი პირი უნდა იყოს პირდაპირ არჩევითი თვითმმართველობის რგოლებში. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ქალაქისთვის თვითმმართველობის სტატუსის შეზღუდვა ჩვენთვის მიუღებელია. ალბათ, უმრავლესობა უნდა დაფიქრდეს, რომ არ გადადგას ეს ნაბიჯი, რომელიც ცალსახად იქნება უკანდახევა იმ სტანდარტიდან, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც უკავშირდება ადგილობრივ დონეზე დემოკრატიის განვითარებას და ქალაქების გაძლიერებას".

ლევან ბერძენიშვილი, "რესპუბლიკური პარტიის" წევრი:

"ის ნაბიჯები, რომლის გადადგმასაც აპირებს ხელისუფლება, არის უკან გადადგმული ნაბიჯები საბჭოთა კავშირისკენ. ჩვენ ველოდებოდით, რომ მეტი თვითმმართველი ქალაქი გვექნებოდა და მეტ ადგილას შევძლებდით მერების და გამგებლების არჩევას, ხელისუფლება კი გვეუბნება, რომ ნაკლები უნდა იყოს. ყველა განმარტება, რომელიც მოვისმინეთ, არის ყალბი. როგორ შეიძლება ფინანსური არგუმენტებით დემოკრატიული წესების შეცვლა? - ეს წარმოუდგენელი სისულელეა. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგა, მიმართულია დეცენტრალიზაციის წინააღმდეგ. ყველა ნაბიჯს ხელისუფლება დგას ცენტრალიზაციისკენ. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს რაიმე გავლენას მაინც მოახდენს ხელისუფლების პოზიციაზე, რომელიც ჯერ მთლიანობაში არ გამოუხატავთ. ისინი ზონდირებას აკეთებენ - ასე ვიტყვით და ვნახოთ რა იქნებაო. თუ თვითმმართველ ქალაქებში 7 ქალაქი დარჩება, ეს იქნება ნაბიჯი უკან, თუ მოემატება ეს იქნება ნაბიჯი წინ. ყველამ იცის თვითმმართველობა რა არის, ჩვენ შევთავაზეთ ჩვენი წინადადებები 2-დონიანი, 3-დონიანი თვითმმართველობების შესახებ და ისინი დგამენ ნაბიჯებს უკან. არანაირი განხილვა ამას არ სჭირდება. თვითმმართველობა სჯობს თუ ცენტრალიზაცია? - მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება არის დემოკრატიის ღვიძლი შემადგენელი ნაწილი".

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივმა და მედია ორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძესა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართეს. 120 ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ მიმართვაში აღნიშნულია, რომ თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირება ცალსახად უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც თვითმმართველობის რეფორმის, ისე, ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის. მათივე შეფასებით, ყოვლად დაუშვებელია 2014 წლის შემდეგ შექმნილი თვითმმართველი ერთეულების გაუქმება. მიმართვის ავტორები მოუწოდებენ ხელისუფლებას, მკაფიოდ ჩამოაყალიბოს პოზიცია და არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ”განვითარების დაწყებულ პროცესს შეაჩერებს”. მათივე განმარტებით, საუბარია ზუგდიდისთვის, ოზურგეთისთვის, გორისთვის, თელავისთვის, ახალციხისთვის, მცხეთისა და ამბროლაურისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის ჩამორთმევაზე.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით