"ჩაუდეს ნარკოტიკი, თითქოს მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს..." - პოლიციელებს 26 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ - კვირის პალიტრა

"ჩაუდეს ნარკოტიკი, თითქოს მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს..." - პოლიციელებს 26 წლის ბიჭის ცემაში ადანაშაულებენ

პაკელიანების ოჯახი სამართალდამცავებს 26 წლის შოთა პაკელიანის ცემაში ადანაშაულებს. მათი ინფორმაციით, შოთა პაკელიანი ისანი-სამგორის მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა სასტიკად სცემეს და აწამეს.

ოჯახი მოგვიანებით რეანიმაციულ განყოფილებაში გადაღებულ ფოტოებსაც აქვეყნებს, რომელშიც 26 წლის ახალგაზრდას ძალადობის კვალი ატყვია.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დააკავეს 23 მარტს, რომელსაც თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება. პოლიციელები რომ დაინახა, გადაყლაპა ნარკოტიკული საშუალება იმიტომ, რომ პირობითი მსჯავრის ქვეშ არის და შეეშინდა სასჯელის. ამას ჩვენებაშიც აფიქსირებს.  ის პოლიციელებმა დააკავეს, გადაიყვანეს განყოფილებაში, სადაც მის მიმართ ღირსების შემლახავ მოპყრობას ჰქონდა ადგილი, იმიტომ, რომ გააშიშვლეს უცხო პირების თანდასწრებით და ისე გაჩხრიკეს. ამის შემდეგ, ჩაუდეს ნარკოტიკი, თითქოს მისი შარვლის მარჯვენა ჯიბიდან ამოიღეს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება. აწამეს, ცემით უნდოდათ აღიარებითი ჩვენების მიღება. ამის შემდეგ, ვინაიდან მას ჰქონდა მიღებული ნარკოტიკული საშუალება და შეატყო, რომ ის იწყებდა მოქმედებას, პოლიციას სთხოვა სამედიცინო ბრიგადის გამოძახება. სასწრაფომ მხოლოდ ჭრილობები გადაუხვია, ღამით კი ძალიან ცუდად რომ იგრძნო თავი, პოლიციელებს ისევ სთხოვა სამედიცინო დახმარების გაწევა, რაზეც პოლიცია ცემით პასუხობდა. ის გახდა ცუდად, 4 დღე იყო კომატოზურ მდგომარეობაში, 4 დღის შემდეგ ის გამოვიდა მდგომარეობიდან, მისცა ჩვენება თუ რა მოხდა სინამდვილეში, გაიმართა აღკვეთის ღონისძიების სხდომა და მას შეეფარდა პატიმრობა“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ოჯახის იურისტმა გიორგი მახარაძემ.

აღსანიშნავია, რომ პაკელიანების ოჯახი დღეს 16:00 საათზე პრესკონფერენციის გამართვას გეგმავს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო სამართალდამცავების მიერ შოთა პაკელიანის ცემას უარყოფს და აცხადებს, რომ მან სხეულზე დაზიანებები გაქცევის დროს წაქცევის შედეგად მიიღო.

„თბილისში, ისანი-სამგორის რაიონში, მიმდინარე წლის 23 მარტს, პოლიციელებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გადამოწმების მიზნით შეაჩერეს 1990 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი შოთა პ. შოთა პ. არ დაემორჩილა სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნას და მიმალვა სცადა, რა დროსაც წაიქცა და სხეულზე - სახის, ხელის და მუხლის არეში მიიღო დაზიანებები.

პოლიციამ, შოთა პ.-ს პირადი ჩხრეკისას, 0,0664 გრამი ნარკოტიკული საშუალება - ე.წ. „ბიო“ ამოიღო.

პოლიციის განყოფილებაში მიყვანის შემდეგ დაკავებული შეუძლოდ გახდა, გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და იგი თბილისის N1 კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფოში შოთა პ.-მ მორიგე ექიმს განუცხადა, რომ მას ე.წ. „ბიო“ ჰქონდა გადაყლაპული.

ბრალდებულის სახით დაკითხვისას შოთა პ.-მ განაცხადა, რომ ნარკოტიკული საშუალება იპოვა და როდესაც პოლიციელები მის შეჩერებას ცდილობდნენ, აღნიშნული ნარკოტიკის ნაწილი მიმალვის მცდელობის დროს გადაყლაპა, რის გამოც შემდგომში შეუძლოდ გახდა.

რაც შეეხება სხეულზე არსებულ დაზიანებებს, ბრალდებულის განმარტებით, მან ეს დაზიანებები მიმალვის დროს, წაქცევის შედეგად მიიღო. იგი აცხადებს, რომ პოლიციის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

მიმდინარე წლის 29 მარტს შოთა პ.-ს ბრალი წარედგინა საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით. თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით მას პატიმრობა შეეფარდა.

შოთა პ. ანალოგიური დანაშაულისთვის 2016 წელსაც იყო დაკავებული.

პოლიციის მიმართ მისი მხრიდან რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, საქმის მასალები გამოსაძიებლად პროკურატურას გადაეცემა“, - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იხილეთ ასევე: "მეუბნებოდნენ, თუ არ აღიარებ, მაშინ წამალს ჩაგიდებთ და 6 წლამდე პატიმრობას მოგისჯიანო"

"ინტერპრესნიუსი"