"განრისხებული" ტრამპი, "კერკეტი კაკალი" პუტინი და სნუპ დოგი - ვარსკვლავთა მოსალოდნელი მიგრაცია აშშ-დან - კვირის პალიტრა

"განრისხებული" ტრამპი, "კერკეტი კაკალი" პუტინი და სნუპ დოგი - ვარსკვლავთა მოსალოდნელი მიგრაცია აშშ-დან

გამოცემა "The Hill"-ის მტკიცებით, ამერიკულმა სპეცსამსახურებმა ბატონი დონალდის მოსკოვთან არსებული "უჩინარი კავშირების" გამოძიება ოფიციალურად დაიწყეს. საქმე ეხება საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდს. აშშ-ში კვლავინდებურად მიაჩნიათ, რომ ოფიციალურმა მოსკოვმა ტრამპის პრეზიდენტად არჩევაში "დიდი და განსაკუთრებული წვლილი" შეიტანა.

გაზეთის კორესპონდენტს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ამჟამინდელი ხელმძღვანელი ჯეიმს კომი ესაუბრა.

"ჩემი უწყების თანამშრომლებმა საჭირო ინფორმაციების შეგროვება უკვე დაიწყეს. გამოძიება ადგილიდან დაიძრა და მის პირველ შედეგებს უახლოეს მომავალში ოფიციალურად გაცნობებთ", - განაცხადა ჯეიმს კომიმ.

ყოველივე ამას წინ უძღოდა გამოცემა "The New York Times"-ში გამოქვეყნებული წერილი, სადაც პირდაპირ მითითებული გახლდათ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების დღეებში დონალდ ტრამპის საარჩევნო მარათონს რუსეთის დაზვერვის მაღალჩინოსნები აკონტროლებდნენ. სტატიის ავტორის მტკიცებით, რუსული დაზვერვის წარმომადგენლებთან უშუალო კონტაქტს ვინმე პოლ მანაფორტი ახორციელებდა. ეს უკანასკნელი ტრამპის საარჩევნო კამპანიას ხელმძღვანელობდა, უფრო ადრე კი უკრაინაში საქმიანობდა და ამ ქვეყნის ყოფილი პირველი პირის, ვიქტორ იანუკოვიჩის "მარჯვენა ხელი" გახლდათ.

ალბათ, ამ პოლიტიკური სკანდალის ბრალი გახლდათ და ბოლო კვირაში, აშშ-ში დონალდ ტრამპის რეიტინგმა შესამჩნევად დაიწია. კომპანია "Gallup"-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ამ დროისთვის საკუთარ პრეზიდენტს მხარს მხოლოდ ამერიკელთა 37% უჭერს. საინტერესოა, რომ ერთი თვის წინ ეს ციფრი 45%-ს აღწევდა.

მძიმე რეჟიმის მიუხედავად დონალდ ტრამპმა ამ ცოტა ხნის წინ, თავისუფალი დრო მაინც გამონახა და ამერიკულ ტელეარხ "Fox News"-ს ინტერვიუ მისცა. გადაცემაში სხვადასხვა პოლიტიკურ საკითხს შეეხო, მათ შორის ვლადიმირ პუტინთან მის ამჟამინდელ ურთიერთობასაც. ჩვენი ჩრდილო მეზობელი ქვეყნის ლიდერს ტრამპმა არც მეტი არც ნაკლები "კერკეტი კაკალი" უწოდა.

"ვლადიმირ პუტინს პირადად არ ვიცნობ, მხოლოდ ორი სატელეფონო საუბარი მქონდა. ამის მიუხედავად მას "კერკეტი კაკლის" ეპითეტით მოვიხსენიებდი. არ ვიცი საკუთარი ქვეყნისთვის როგორი პრეზიდენტი ბრძანდება, მაგრამ ერთი ცხადია, მასთან ურთიერთობა იოლი არ გახლავთ, რადგან ნებისმიერ თავის მოსაზრებას ბოლომდე კბილებით იცავს. ამავდროულად დათმობებზე წასვლა არ უყვარს და მოსაუბრის საკუთარ აზრზე გადმოყვანა სურს", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

საუბრის წამყვანის კითხვაზე, "ვის სთვლის აშშ-ის ბოლოდროინდელ ყველაზე დიდ წარუმატებელ პოლიტიკურ ფიგურას", ტრამპმა დაუფიქრებლად ჰილარი კლინტონი დაასახელა.

"ჰილარის ადრე გარკვეულ პატივს ვცემდი, მაგრამ ბოლო თვეებში მან მოლოდინი არ გამიმართლა. ეს ქალბატონი თანამედროვე ამერიკული პოლიტიკის უდიდესი სირცხვილი, შეცდომა და იმედგაცრუებაა. საწყენია ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკურ ამინდს ჰილარისნაირი ადამიანები ქმნიან", - ასე შეაფასა ტრამპმა ყოფილი კონკურენტი.

პოლიტიკის გარდა დონალდ ტრამპი სხვა თემებისთვისაც "იცლის". ცოტა ხნის წინ მას კონფლიქტი რეპერ სნუპ დოგთან მოუვიდა.

მიმდინარე თვეში დღის სინათლე პოპულარული რეპერის ახალმა ვიდეოკლიპმა იხილა, სადაც სნუპ დოგი "ცეცხლსასროლი" იარაღიდან აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის სიმბოლოებში გამოწყობილ ჯამბაზს ესვრის.

"ხომ წარმოგიდგენიათ სნუპ დოგის ეს რევოლვერი ბარაკ ობამასთვის რომ დაემიზნებინა, აშშ-ში როგორი პოლიტიკური სკანდალი ატყდებოდა. დღეს სხვა დროა, ხელისუფლებაში ახალი მთავრობაა და სნუპ დოგს ეს თავხედობა ხახვივით შერჩა. წესითა და რიგით სნუპ დოგი დაპატიმრებული უნდა იყოს და რამდენიმე წლის განმავლობაში ციხის კედლები ხეხოს. იმედია ამ შემთხვევაში ჭკუას ისწავლის და მოგვიანებით მსგავს შეცდომებს აღარ დაუშვებს", - განაცხადა ტრამპმა.

დაინტერესებულ მკითხველს ვაცნობებ, რომ ამ კომპოზიციის სახელია "Lavender" და სნუპ დოგი მას კანადურ ჯგუფთან "BadBadNotGood" ერთად ასრულებს.

საინტერესოა, რომ სნუპ დოგმა დონალ ტრამპის "განრისხებასთან" შორს გაცლა ამჯობინა და საცხოვრებლად კანადაში გადასვლა გადაწყვიტა. ის ამერიკული შოუ-ბიზნესის ერთადერთი წარმომადგენელი არ არის, რომელმაც ქვეყანაში ახალი პოლიტიკური კლიმატის დადგომასთან დაკავშირებით დროებითი ემიგრაცია გადაწყვიტა. ამერიკული მასმედიის მტკიცებით, სნუპ დოგის გზას შესაძლოა უახლოეს მომავალში შერი, ბარბარა სტრეიზანდი, მაილი საირუსი, ლენა დანემი და ემი შუმერიც დაადგნენ.

მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ