"ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია" - კერვალიშვილის ოჯახი თანახმაა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს - კვირის პალიტრა

"ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია" - კერვალიშვილის ოჯახი თანახმაა, პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ, "ცენტრ პოინტის" დამფუძნებლები მაია რჩეულიშვილი და რუსუდან კერვალიშვილი, 31 მარტს, თაღლითობისა და მენაშენეთა კუთვნილი თანხების მითვისებაში დამნაშავედ სცნო და 4-4 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. საქმე რამდენიმე ობიექტს, მათ შორის სააკაძის მოედანზე, კრწანისში და წყნეთის ობიექტებს ეხება.

იმავე დღეს პროკურატურამ ყველა დაზარალებულისთვის ზარალის ანაზღაურების პირობით, მაია რჩეულიშვილსა და რუსუდან კერვალიშვილს საპროცესო შეთანხმების გაფორმება შესთავაზა.

როგორც დღეს გახდა ცნობილი, რუსუდან კერვალიშვილის ოჯახი თანახმაა, ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" კერვალიშვილის შვილმა, ნინო დარასელმა განუცხადა, საპროცესო შეთანხმება ერთადერთი სწორი გამოსავალია ამ საქმიდან, თუმცა ამასთან დარასელი მიიჩნევს, რომ პროკურატურის შეთავაზება ცოტა დაგვიანებულიცაა.

"რა თქმა უნდა, თანახმა ვართ საპროცესო შეთანხმებაზე. მიმაჩნია, რომ ეს ერთადერთი სწორი გამოსავალია, რომელიც დიდი ხნის წინ შეიძლებოდა დამდგარიყო, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. შესაბამისად, ყველა გონიერ შეთავაზებაზე მოლაპარაკებების წარმოებაზე თანახმა ვართ. პირობების შეთანხმება მოლაპარაკებების საფუძველზე უნდა მოხდეს და უნდა იყოს ისეთი, რომ ყველა იყოს კმაყოფილი, როგორც დაზარალებულები ისე ჩვენ. ამ შემთხვევაში ჩვენთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი იქნება თავისუფლებაზე ყოფნა", - განაცხადა ნინო დარასელმა.

რუსუდან კერვალიშვილის შვილის განმარტებით, აქამდე პროკურატურის მხრიდან საპროცესო შეთანხმების ისეთი პირობები იქნა შეთავაზებული, რომელიც პრაქტიკულად შეუსრულებელი იყო.

"შემოთავაზება იყო ასეთი პირობა: თქვენ დაასრულეთ ობიექტები და ჩვენ მერე მოვხსნით ყადაღასო. როგორ უნდა დაგვესრულებინა ან რის ხარჯზე, თუკი ყადაღა არ იქნებოდა მოხსნილი?!", - განაცხადა დარასელმა.

"ინტერპრესნიუსი"