"მეტროს ბაქანზე დაშავებულები იწვნენ, ირგვლივ კი კვამლი იყო" - 10 დაღუპული და 50-მდე დაშავებული - კვირის პალიტრა

"მეტროს ბაქანზე დაშავებულები იწვნენ, ირგვლივ კი კვამლი იყო" - 10 დაღუპული და 50-მდე დაშავებული

სანკტ-პეტერბურგის ორ მეტროსადგურს "ტექნოლოგიურ ინსტიტუტსა" და "სენაია პლოშადს" შორის აფეთქება მოხდა, რომლის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, 10 ადამიანი კი დაიღუპა.

პროკურატურის ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს გამოძიება მეტროსადგურ "ტექნოლოგიურ ინსტიტუტზე" მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებით, ვაგონში დაუმონტაჟებელი ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

აფეთქების ადგლზე მივიდა ქალაქის გენპროკურორი სერგეი ლიტვინენკოც. სამართალდამცავთა ცნობით, მგზავრები ვაგონის აფეთქებისას დაიღუპნენ.

სანკტ-პეტერბურგის მეტროპოლიტენის ყველა - 63-ვე სადგური დაიხურა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის ტერაქტი.

„ქალაქის მთავრობა, თუ საჭირო გახდება ფედერალური მთავრობაც, ყველაფერს მოიმოქმედებენ, რომ მხარი დაუჭირონ დაშავებულთა და დაღუპულთა ოჯახებს“ - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.

„ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეტროსადგურთან უნდა გამევლო, მეტროს ბაქანზე დაშავებულები იწვნენ, ირგვლივ კი კვამლი იყო. როცა მატარებელი გაჩერდა, ხალხი სწრაფად გამოვიდა, მაგრამ კარები მალევე დაიხურა და მატარებელი შემდეგი სადგურისკენ წავიდა“ - განაცხადა თვითმხილველმა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც სანკტ-პეტერბურგში იმყოფებიან, მოუწოდებს, მაქსიმალურ კოორდინაციაში იყვნენ საქართველოს ინტერესების სექციის საკონსულო განყოფილებასთან და გაითვალისწინონ ადგილობრივი პოლიციის რეკომენდაციები.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, სანკტ- პეტერბურგის მეტროს სადგურებს Сенная площадь-სა და Технологический институт-ს შორის მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციაში მოქმედებს „ცხელი ხაზი“: +7 926 926 2740.

ასევე 24 საათიანი ცხელი ხაზი მოქმედებს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში: (+995 32) 294 50 50. ”ამ ეტაპზე რუსეთის მხარე არ ფლობს ინფორმაციას დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეების არსებობის შესახებ.

იხილეთ ასევე: თვითმკვლელი ტერორისტი თუ აფეთქებაში მონაწილე რამდენიმე პირი? - ვინ მოაწყო ტერაქტი რუსეთში?

მოამზადა ეკა გადახაბაძემ