თვითმკვლელი ტერორისტი თუ აფეთქებაში მონაწილე რამდენიმე პირი? - ვინ მოაწყო ტერაქტი რუსეთში? - კვირის პალიტრა

თვითმკვლელი ტერორისტი თუ აფეთქებაში მონაწილე რამდენიმე პირი? - ვინ მოაწყო ტერაქტი რუსეთში?

ბოლო მონაცემებით, სანკტ-პეტერბურგში მეტროში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 47 ადამიანი.

სანკტ-პეტერბურგის მეტროში დღეს მომხდარი აფეთქების სავარაუდო ორგანიზატორი მეტროპოლიტენის კამერებმა დააფიქსირა. ამის შესახებ „ინტერფაქსს“ წყარომ აცნობა. ზოგიერთი მონაცემით, ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვებულ პორტფელში იყო მოთავსებული.

"ინტერფაქსის" ცნობითვე, მომხდარი აფეთქების ფაქტზე ძებნა ორ ადამიანზე გამოცხადდა.

„აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილ ორ ადამიანზე ძებნა გამოცხადდა. ერთი მათგანია, ვინც ასაფეთქებელი მოწყობილობა მეტროს ვაგონში დატოვა, მეორე კი - ვინც ბომბი სადგურ „Площадь восстания“-ზე დატოვა. წყაროს ინფორმაციით, მეორე ბომბი ცეცხლმაქრით იყო შენიღბული, რომლის გაუვნებელყოფაც მოხერხდა"

ამავე დროს, განიხილება თვითმკვლელი ტერორისტის ვერსიაც. ამის შესახებ გამოცემა „გაზეტა.რუ“ სამართალდამცავ უწყებაში წყაროზე დაყრდნობით წერს.

მანამდე, ერთ-ერთ ინტერნეტგვერდზე, სადაც რუსი ძალოვანების კონტრტერორისტული ოპერაცია გაშუქდა, გამოჩნდა ფოტო, რომელზეც ადამიანის მოგლეჯილი თავი იყო გამოსახული, სადაც მინიშნებული იყო, რომ ეს იყო კადრი შემთხვევის ადგილიდან. მოგვიანებით გამოსახულება საიტის ადმინისტრაციამ აიღო, მაგრამ შემდეგ ისევ განათავსა.

გამოცემის წყარო აღნშნავს, რომ როგორც წესი, თვითმკვლელის მიერ მოწყობილი ტერაქტის დროს აფეთქება თავს გლეჯს სწორედ თვითმკვლელს, რადგან ეპიცენტრში იმყოფება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის სავარაუდო თვითმკვლელის იდენტიფიცირება მიმდინარეობს და არ გამორიცხავენ, რომ ის კავკასიელია.

მომხდარი აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა გამო ხვალიდან სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, შესაბამისი განკარგულება ქალაქის გუბერნატორმა გიორგი პოლტავჩენკომ გამოსცა.

"ინტერპრესნიუსის" მასალების მიხედვით