"ვეხვეწებოდი, რაც მაქვს წაიღეთ, ოღონდ შვილს ნუ მიკლავთ-მეთქი" - კვირის პალიტრა

"ვეხვეწებოდი, რაც მაქვს წაიღეთ, ოღონდ შვილს ნუ მიკლავთ-მეთქი"

"ეტყობა ვიღაცამ უთხრა, რომ დიდი ფულის პატრონები ვიყავით, რომ გადიოდნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - ვაი, იმ "ნაკოლჩიკს" რას ვუზამ, როგორ მომატყუა, ეს სად შემოგვიყვანა, არაფერი ჰქონიათო"

მართალია სამართალდამცავები ირწმუნებიან, რომ ქვეყანაში ყაჩაღობის რიცხვი შემცირებულია, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო ხანს ხშირად ვისმენთ ამბებს ყაჩაღური თავდასხმების თაობაზე. მორიგი ასეთი დანაშაული გასულ კვირას თერჯოლის რაიონის სოფელ ჭოგნარში მოხდა. სამი ნიღბიანი შეიარაღებული პირი ადვოკატ მზია დოღონაძის სახლში საღამოს საათებში შეიჭრა და ბინიდან ოქროულობა და ფული წაიღეს, ქალბატონი მზიას 18 წლის შვილი კი სცემეს.

მზია დოღონაძე, დაზარალებული:

- საღამოს 10 საათი სრულდებოდა, მე და ჩემი ბიჭი მისაღებ ოთახში ვიყავით. უცებ ხმაური მომესმა, მაშინვე წამოვდექი და შემოსასვლელ კარს მივაჩერდი, დავინახე, კარის სახელური, რომ დაარწია ვიღაცამ. მივხვდი კართან ვიღაც იყო და დავიძახე, რომელი ხარ-მეთქი. ამ დროს უცებ კარზე ფეხის ძლიერად მირტყმის ხმა გავიგე და ოთახში ნიღბიანი შემოვარდა, ფეხზე სამხედრო ჩექმა ეცვა, მას სხვებიც მოჰყვნენ.

ერთმა მაშინვე გამაკავა და პირზე "სკოჩი " ამაკრა, - ხმა არ ამოიღოოო, - ხელებიც შემიკრეს და სკამზე მიმაბეს, მეორე შემოსვლისთანავე ჩემს ბიჭს მივარდა და უთხრა, - სად გაქვთ თოფი, ახლავე მომეციო! მეუღლე 6 თვეა გარდაიცვალა, დიაბეტი ჰქონდა, ფეხი მოჰკვეთეს და წლების განმავლობაში ავადმყოფობდა. ჩემს მეუღლეს ჰქონდა რეგისტრირებული სანადირო თოფი და იმას ითხოვდნენ.

- მიეცით იარღი?

- ჩემმა შვილმა მისცა. ბავშვი, ფაქტობრივად, მამამ გაზარდა, რადგან მე ვმუშაობდი და საღამომდე სახლიდან ვიყავი გასული. ბავშვმა ძალიან განიცადა მამის სიკვდილი, ამ ტკივილით ვცხოვრობდით, გაუბედურებული ოჯახი ვართ და უცებ ამხელა შიშის და საფრთხის ქვეშ აღმოვჩნდით. იარაღი ისევ ჩემი მეუღლის სახელზეა გაფორმებული, ახლა 6 თვე გავიდა მისი გარდაცვალებიდან და მემკვიდრეობის საბუთებს ვამზადებდი, მინდოდა ეს იარაღიც გადამეფორმებინა. იარაღი იმ გარეწრებმა წაიღეს.

- თქვენი შვილიც შეკოჭეს?

- ძირს დააგდეს და თავზე იარაღი დაადეს, ეუბნებოდნენ, - იცოდე, მოგკლავთ, ტყვიით შუბლს გაგიხვრეტთო. ერთს "კალაშნიკოვი" ეჭირა, მეორეს პისტოლეტი. იარაღის კონდახს და წიხლებს უმოწყალოდ ურტყამდნენ. რამდენიმე მეტრის მოშორებით ვიყავი და ვუყურებდი შვილს როგორ მიკლავდნენ. ძნელია ეს ემოცია გადმოგცეთ, სიკვდილს ვუყურებდით თვალებში. მერე კედელთან მიაყენეს, ფულს და ოქროულს ითხოვდნენ, დიდი ფული და ოქრო გაქვთ ვიცით და სეიფის გასაღები მოგვეცითო.

უცებ ერთ-ერთ თავდამსხმელს პისტოლეტიდან ტყვია შემთხვევით გაუვარდა და კედელთან გაიჭედა, რიკოშეტით უკან რომ მობრუნებულიყო, ერთ-ერთ ყაჩაღს უეჭველად იმსხვერპლებდა.

ვეუბნებოდი ფული არ მაქვს, ავადმყოფი მეუღლე მყავდა და ოქრო რაც გვქონდა, ისიც წამლისთვის გავყიდეთ - მეთქი, მაგრამ არ მიჯერებდნენ, არ მეშვებოდნენ. ერთი ჩემს ბიჭთან იდგა, მეორე ჩემთან, მესამე კი ოთახებში შევიდა და იქ დაიწყო ძებნა. სამი საძინებელი მაქვს და ყველა ნივთი იატაკზე ეყარა. ყველაფერი გადააბრუნეს. მოვახერხე რომ სკოჩი მოეხსნათ ჩემთვის, - ვეუბნებოდი ყველაფერს მოგცემთ რაც გამაჩნია, ოღონდ ჩემს შვილს თავი დაანებეთ, რაც მაქვს წაიღეთ, ოღონდ შვილს ნუ მიკლავთ-მეთქი. ვუთხარი, - ჩემი დის ნაყიდი ოქროს საყურეები მაქვს, კიდევ 15-გრამიანი ბეჭედი, ახალი თეთრეული, ტელევიზორები, წაიღეთ ყველაფერი და წადით-მეთქი. გინდა თუ არა, დიდი ფული გაქვთ, ჩვენ ასე ვიცითო. 10 წელი ვუვლიდი ავადყოფ ქმარს, მარტო მე ვმუშაობდი ოჯახში, შვილი სტუდენტია, რა ქონება უნდა დამეგროვებინა, 500 ლარი დევს ჩემს ხელჩანთაში ისიც წაიღეთ - მეთქი. რას გქვია არ გაქვთო და ისევ გამეტებით ურტყამდნენ ჩემს შვილს. ახლა ჩანთაში იმ 500 ლარის ძებნა დაიწყო ერთმა…

- თავდამსხმელები ახალგაზრდები იყვნენ?

- 25 დან 30 წლამდე იქნებოდნენ, სახეზე ნიღაბი და ხელზე ხელთათმანები ეკეთათ, პატარა ჩანთა ჰქონდათ და იქ ეყარათ სკოჩები და რაღაცეები. ხელში ერთს ავტომატი ეჭირა, მეორეს პისტოლეტი. 500 ლარი, საყურეები, ბეჭედი, ჩემი შვილის "ფლეისტეიშენი" წაიღეს. ჩემი ქმარი ერთი პერიოდი დუბაიში დადიოდა და ჩამოიტანა ორღანი, ვიღაცამ დაავალა, იმ ვიღაცამ მერე აღარ წაიღო და ეს ნივთი დავიტოვეთ. ისიც ჩამოიტანეს კარადიდან, ჩემმა შვილმა უთხრა ღირებულია, ესეც გაიტანეთ 1000 ლარამდე ღირსო. ჩვენთვის მთავარი იყო დროზე გასულიყვნენ სახლიდან და არ მოვეკალით. ერთმა ყაჩაღმა თქვა, წავიღოთო, მაგრამ მეორემ. - შენ სულელი ხომ არ ხარ, ამას სად ვათრევთო. ჩემი დის ნაყიდი სამურაის ხმლები სუვენირად გვქონდა, პატარები წაიღეს, დიდები დატოვეს. ჩემი მობილური გათიშეს და ისე წაიღეს. ეტყობა ვიღაცამ უთხრა, რომ დიდი ფულის პატრონები ვიყავით, რომ გადიოდნენ ერთმანეთს ეუბნებოდნენ, - ვაი, იმ "ნაკოლჩიკს" რას ვუზამ, როგორ მომატყუა, ეს სად შემოგვიყვანა, არაფერი ჰქონიათო. შეიძლება ეს ტყუილად თქვეს ჩვენს დასაბნევად. ჩემი მეუღლის იარაღიც წაიღეს და წავიდნენ.

- დაბმული დაგტოვეს?

- ჩანთაში ფულს რომ ეძებდნენ ხელები მაშინ გამიხსნეს, მერე ლურჯი ნაჭრით ისევ გამიკრა ფეხები ერთმა, მაგრამ ძალიან მოჭერილი არ იყო.  ჩემს შვილსაც გაუხსნეს ხელები გასვლის წინ და უთხრეს, ისე დაგტოვებთ რომ შეძლო დედაშენის გახსნაო. ჩვენ მათი წასვლის მერე გავითავისუფლეთ ხელფეხი. გასვლის წინ ერთმა მითხრა, ახლა რომ გავალთ, ხუთ წუთში დაუძახეთ მეზობლებს და სასწრაფოც გამოიძახეთ შენი შვილისთვისო, - ჭკუაც დამარიგეს.

მაშინ ვუთხარი, ჭკვიანი ბიჭები ჩანხართ და მირჩიეთ, პოლიციაც ხომ არ უნდა გამოვიძახო - მეთქი, - გამოიძახეთო - და წავიდნენ. ერთი სულ მელაპარაკებოდა, ტლიკინებდა, შეიძლება მისი ხმის ამოცნობა შევძლო. მან მითხრა, შენ მე შვილოს რომ მეუბნები, ხომ არ გგონია ჩემზე უფროსი ხარ, ყველაზე დიდი ერთი წლით იყო დიდიო. მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ ახალგაზრდა იყო, მატყუებდა.

- თქვენი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორია?

- მადლობა ღმერთს, რომ გადავრჩით. ძალიან მაინტერესებს ვინ იყო "ნაკოლის" მიმცემი და ვინ გაგვწირა ასე დედა-შვილი. ჩემი შვილის წამებას მაყურებინეს, დასისხლიანებული ბავშვი ძირს ეგდო და ვერაფერს ვშველოდი. უკვე შიშის თვალით ვუყურებ ყველას და ყველაფერს. გზაში მივდიოდი და ვიღაც ბიჭმა შემომხედა და გავიფიქრე ეს ხომ არ იყო მეთქი, ამ შიშით როგორ ვიცხოვრო?!

პოლიცია ოპერატიულად მოვიდა, მთელი სამხარეო ჩემს სახლში იყო. დაიწყო გამოძიება და მინდა დამნაშავეები დააკავონ. არ შემიძლია შიშით ცხოვრება, არ მინდა ასეთ გაურკვევლობაში ყოფნა, მეშინია კიდევ არ შემომივარდნენ...

თეა ხურცილავა (სპეციალურად საიტისთვის)