"მინისტრმა ავაკოვმა მითხრა, რომ წავთრეულიყავი უკრაინიდან" - სააკაშვილის დებიუტი - პრეზიდენტობიდან ტელეწამყვანობამდე - კვირის პალიტრა

"მინისტრმა ავაკოვმა მითხრა, რომ წავთრეულიყავი უკრაინიდან" - სააკაშვილის დებიუტი - პრეზიდენტობიდან ტელეწამყვანობამდე

"გამარჯობა უკრაინა, მე ვარ ტელეწამყვანი მიხეილ სააკაშვილი. ერთი წლის წინ, მინისტრმა ავაკოვმა მთავრობის სხდომაზე, პრეზიდენტის თანდასწრებით მითხრა, რომ წავთრეულიყავი უკრაინიდან. მე მართლაც წავედი იმ უკრაინიდან, წამოვედი სხვა უკრაინაში იმიტომ, რომ უკრაინელი ვარ და წამოვედი უბრალო ხალხთან! ვნახე რით და როგორ ცხოვრობს ნორმალური ხალხი, რასაც, პრაქტიკულად, არავინ აშუქებს. გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი თქვენ გაგაცნოთ“,  - ასე დაიწყო ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა და საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშილმა გადაცემა „სხვა უკრაინა“, რომელიც ტელეარხ „Zik"-ზე პირველად 5 აპრილს გავიდა. როგორც თავად სააკაშვილი წერს, მისმა გადაცემამ ტელეარხს საკმაოდ მაღალი რეიტინგი მოუტანა:

"ჩემი გადაცემის შედეგად, მეათე ადგილზე მყოფი არხი, მეორე პოზიციაზე გადავიდა, რამდენიმე მილიონი უკრაინელი 2 საათის განმავლობაში გვიყურებდა. ჩვენ გავუსწარით პოროშენკოს, პინჩუკის, კოლომოისკის და სხვა ოლიგარქების არხებს და თითქმის დავეწიეთ ახმეტოვის არხს. დღეს ტელეკომპანიამ ხელახლა გაიმეორა გადაცემის ჩანაწერი. ჩვენ მივაღწიეთ მთავარს, გავარღვიეთ პოროშენკოს ინიცირებული საინფორმაციო ბლოკადა. ეს გადაცემა საშუალებას გვაძლევს, წინა პლანზე წამოვწიოთ ახალი პოლიტიკოსები და სწორად და ფართოდ გავაშუქოთ ჩემი პირადი პოლიტიკური საქმიანობა...

ჩემი გადაცემის მიზანია დაგანახოთ ცხოვრების ის მხარე, რომელსაც არ აშუქებს ოლიგარქების მედია. ასევე აღმოვაჩინო ახალი პოლიტიკოსები და დავუთმო მათ ტრიბუნა",  - განაცხადა სააკაშვილმა, რომელიც გადაცემის ეთერში გასვლამდე წერდა, რომ ის ვერ იქნება ჟურნალისტი, ის არის პოლიტიკოსი და შესაძლოა მიკერძოებულიც:

"არ ვაპირებ და ვერც შევძლებ გავხდე ჟურნალისტი. ვერ ვითამაშებ ნეიტრალიტეტს და მიუკერძოებლობას. მე მაქვს მკვეთრი პოლიტიკური პოზიცია და ვაპირებ ეს პოზიცია გავაცნო საზოგადოებას, მაგრამ ყველაზე მთავარია, მილიონობით უკრაინელის ხმა მივაწვდინო საზოგადოებას, რომელთა აზრიც არც ერთ უკრაინულ არხზე არ ფიქსირდება. ბევრს ვმოგზაურობ უკრაინაში და ვიცი, რომ არსებობს ორი უკრაინა: ერთია თვითკმაყოფილი, გახრწნილი პოლიტიკური კლანი, ოლიგარქებითა და მათი მედიით, რომელიც 25 წელია სტატუს კვოს შენარჩუნებას ცდილობს და სხვა უკრაინა: უფრო ნიჭიერი, საინტერესო, სამართლიანი და უკმაყოფილო. მეორე უკრაინას არც ფული აქვს და არც მედია, მაგრამ ის უმრავლესობას წარმოადგენს და ის აუცილებლად გაიმარჯვებს", - დაწერა „ფეისბუკგვერდზე" მიხეილ სააკაშვილმა.

იხილეთ ასევე: "წაეთრიე ჩემი ქვეყნიდან!" - სააკაშვილს უკრაინის შსს მინისტრმა წყლის ჭიქა ესროლა

ეკა გადახაბაძე